"საშვილიშვილო ცოდვა დაადებინეს ჩემ ქმარს ამ ულამაზესი ბიჭის" - რას წერს გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე? - კვირის პალიტრა

"საშვილიშვილო ცოდვა დაადებინეს ჩემ ქმარს ამ ულამაზესი ბიჭის" - რას წერს გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე?

16 თებერვალს გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 39 წლის მერაბ კობიაშვილია. მას ბრალად 28 წლის თაზო გორთამაშვილის მკვლელობა და მისი მეგობრის დაჭრა ედება.

ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე დაიცავს. AMBEBI.GE-სთან საუბარში ადვოკატი ამტკიცებს, რომ საქმე არასწორი მუხლით არის აღიძრული და ბრალდების გადაკვალიფიცირების აუცილებლობის საკითხს აყენებს:

"ეს ადამიანი გახლავთ ძალიან ღირსეული პიროვნება, ყოფილი სამხედრო, აგვისტოს ომის მონაწილე. ძალიან მშვიდი ადამიანი, რომელიც ნასამართლევი არასოდეს ყოფილა.

გავრცელდა მედიასაშუალებებით ვიდეოკადრები, თუ როგორ ესხმის მას თავს ადამიანთა ჯგუფი, თანაც არაერთგზის და ფაქტობრივად, გასაქანს არ აძლევენ. მე ძალიან ბევრი ვიფიქრე, ჩავრთულიყავი თუ არა ამ საქმეში და როდესაც ვნახე ამჟამად ხელმისაწვდომი მტკიცებულებები, დავრწმუნდი, რომ ეს ადამიანი თავს იცავდა და არანაირი განზრახ ჩადენილი დანაშაული არ იკვეთება აქ.

იგი იმდენად მძიმედ იყო ნაცემი, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორმაც კი არ მიიღო და საჭირო გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა. როდესაც მივაკითხე მცხეთის საავადმყოფოში ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, საუბარიც უჭირდა, რომ მოეყოლა ჩემთვის რა მოხდა. სასტიკად არის ნაცემი. ამიტომ, საქმის ძიება აუცილებელი მოგერიების მუხლით უნდა წარიმართოს" - განუცხადა AMBEBI.GE-ს ტარიელ კაკაბაძემ.

მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლემ ნატა ქიტესაშვილმა "ფეისბუკის" პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"თაზოს ფოტოები ვნახე და...

მოვკვდი ...

საშვილიშვილო ცოდვა დაადებინეს ჩემს ქმარს ამ ულამაზესი ბიჭის. გაიუბედურა თავი და ჩემი მეუღლეც გააუბედურეს.

თქვენ გგონიათ მერაბი რომ გამოვიდეს ციხიდან (და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს), ამ ბიჭის ცოდვა ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების საშუალებას მისცემს?! არა და არა!

ხო, მეც მომიკლეს ქმარი! ის ისეთი ვერასოდეს იქნება როგორიც ადრე იყო! ისეთი ლაღი და მხრებში გაშლილი...

ქათამს ვერ კლავდა ეს მთასავით კაცი და კაცის მოკვლა მისთვისაც სიკვდილის ტოლფასია დამიჯერეთ.

ავღანეთში ერთი ჯარისკაცი აუფეთქდა ნაღმზე, თვეები არ ეძინა, სულ გიორგი ედგა თვალწინ, ის ბიჭი არ მომკვდარა გადარჩა, მაგრამ ინვალიდი დარჩა და სულ მასზე დარდობდა, ლოცულობდა, კითხულობდა მის ამბავს...

არ მოასვენებს არასდროს თაზოზე დარდი!"

შსს საქმეს განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მუხლი) მუხლებით იძიებს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

იხილეთ ასევე: გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა