"არ გამოვრიცხავ, წამალი თამუნას ძალით გადააყლაპეს" - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ, წამალი თამუნას ძალით გადააყლაპეს"

სად იმალება გასაღები, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგედიას ფარდას ახდის?!

18 ივლისს გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ საკუთარი ავტომანქანის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი მწყემსმა იპოვა. მანქანა გაშლილ ადგილას, თეთრი წყაროს ტყეში, სოფელ მაწევნის მიდამოებში იდგა. ადვოკატისა და ექსპერტების თქმით, გვამის შეფერილობისა და მდგომარეობის მიხედვით, ნათელია, რომ გოგონა რამდენიმე დღის გარდაცვლილია.

ბაჩალიაშვილის მამის ჯუმბერ ბაჩალიაშვილის აზრით, მისი შვილი მოკლეს და ამბობს, რომ ამ საქმეს ბოლომდე ჩაჰყვება. ბატონი ჯუმბერი ერთ მნიშვნელოვან დეტალს ამბობს, რომელიც შესაძლოა გამოძიების გასაღებს წარმოადგენდეს, - ადამიანმა, რომელსაც მისი შვილის კომპიუტერის გახსნასთან კავშირი ჰქონდა, უთხრა, რომ მის შვილს "დიდი პრობლემები აქვს".

სამართალდამცველებმა ავტომანქანის სალონიდან თამარის ჩანთაში გულის და წნევის მარეგულირებელი საშუალებების ცარიელი ფირფიტები ამოიღეს. ასევე ამოღებულია გოგონას ხელჩანთა დოკუმენტებით, წყლის ბოთლი, მობილური ტელეფონი და ავტომანქანის პულტი. ავტომანქანის ყველა კარი დაკეტილი, ხოლო ფანჯრის მინები აწეული იყო.

ოჯახმა არ იცის, რატომ იმყოფებოდა მათი შვილი ამ ტერიტორიაზე, სადაც არც ნათესავი ჰყავთ და არც მეგობარი. თამარის მამა არ გამორიცხავს, რომ გოგონა სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს და აცხადებს, რომ ეს შესაძლოა, მის სამსახურს უკავშირდება, საიდანაც ხშირად აღელვებული ბრუნდებოდა. მამა ჰყვება, რომ შვილის სამსახურში ამბის გასარკვევად ადრეც მივიდა, მაგრამ პასუხი არავინ გასცა.

ოჯახი დარწმუნებულია, რომ თამუნა თავს არ მოიკლავდა და ვერსია, რომ თავის მოსაკლავად წნევის დამწევი წამლების დიდი დოზა დალია, სიცრუეა. მამის მტკიცებით, გოგონა ფსიქოლოგიური შანტაჟისა და ზეწოლის მსხვერპლია...

მომხდარს გოგონას სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირებს გარდაცვლილის ბიძაც.

კობა თამაზაშვილი, თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა:

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანქანა ადგილზე მერე მიიყვანეს...

- ვერ გეტყვით. ადვოკატი დეტალურად გვეტყვის ყველაფერს.

- ითქვა, რომ ახლობლებმა და პოლიციამაც ის ადგილები მოიარეს და მანქანა არავის შეუმჩნევია. ეს რაზე მეტყველებს?

- მეც ვიყავი იმ მიდამოებში. ის ისეთი ადგილია, შეუძლებელია მანქანის პოვნა ასე გაჭიანურებულიყო. თამუნას პოვნა თავისუფლად შეიძლებოდა თუნდაც, კვირადღეს, როცა 24-საათიანი ვადა გავიდა. როგორც ვიცი, რაღაც სიგნალებით შესაძლებელია გათიშული მობილური ტელეფონის პოვნაც, თუ სანომრე ბარათი არ არის ამოღებული.

- როგორ ფიქრობთ, შეიძლება ჰქონოდა თამუნას საიდუმლო მასალებთან წვდომა?

- ის პროგრამისტი იყო. არ ვიცი, რამდენად გასაიდუმლოებული სამსახური იყო. ესეც გამოძიების დასადგენია.

- მამამ თქვა, ხშირად ტიროდაო. მშობლები არ ჩაეძივნენ მიზეზს?

- დედა ექიმია, მას არ გამოეპარებოდა ეს ამბავი. როდესაც თამარი გულჩათხრობილი იყო, დედა ძალიან განიცდიდა და ეკითხებოდა მიზეზს, ის კი პასუხობდა, ისეთი არაფერია, ჩვეულებრივი თამარი ვარ და ჩვეულებრივი სამსახურიაო. თუ არა სამსახური, სხვას რას მივაწეროთ? მას შეყვარებული არ ჰყავდა. რამდენიმე გულითადი მეგობარი ჰყავდა, გამოძიება მათაც გაესაუბრა და ისინი ხელჩასაჭიდს ვერაფერს ასახელებენ.

- თუ იცით, ფსიქოლოგი რატომ დასჭირდა?

- მიკვირს, ამხელა მნიშვნელობა რატომ მიანიჭეს ფსიქოლოგს ან თუნდაც აფთიაქში ნაყიდ წნევის მარეგულირებელ წამლებს? გადაჭარბებული დოზა საზიანოა, მაგრამ ჩვენ ხომ ჯერ არ ვიცით, კუჭში რა ნივთიერება აქვს, იყო თუ არა ინტოქსიკაცია და ა.შ. არ გამოვრიცხავ, წამალი თამუნას ძალით გადააყლაპეს. შეიძლება უკანა სავარძელზეც იმიტომ იყო, გვერდით ვიღაც ეჯდა, ესაუბრებოდა და მერე ის გადავიდა.

კამერებმა დააფიქსირეს, რომ მარტო იყო მანქანაში. სავარაუდოდ, დაიბარეს, ამა და ამ ადგილას მოხვალო. ძალიან მაინტერესებს მობილურის ჩანაწერები, ვის ესაუბრა ბოლოს. (იხილეთ სრულად)