თამაში თეთრ ფხვნილთან - როგორ იქცა ღამის ქალაქი შენელებული სიკვდილის მაცნედ?
09-05-2018
თამაში თეთრ ფხვნილთან - როგორ იქცა ღამის ქალაქი შენელებული სიკვდილის მაცნედ?
აპრილის შუა რიცხვებიდან, არცთუ ისე მოულოდნელად, თბილისში ნარკოტიკული ქაოსი დაიწყო. უმართავი სტიქია, სახელად "კლუბური ნარკოტიკი", ათეულობით თბილისურ ოჯახში მოურიდებლად შევარდა და მათი ტრაგედიის მიზეზად იქცა.

ახალგაზრდების ყოველდღიური სიკვდილი თუ სიკვდილთან მოახლოებული მდგომარეობა საშინელი სისწრაფით ანგრევს ამ მრავლისმნახველი ქალაქის ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

იქნებ ვინმემ იცის, რამდენი ახალგაზრდის სიკვდილია საჭირო საიმისოდ, რომ ნარკობარიგებსა თუ მათ მფარველებს ვინმემ პასუხი აგებინოს?

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მინდა გაგიზიაროთ ამბავი, რომელმაც ჩემთვის უახლოეს ოჯახზე გრიგალივით გადაიარა. ეს უმართავი ძალა ახლა ქალაქის ქუჩებში მსხვერპლზე დაგეშილი ნადირივით დაძრწის და ვის კარს როდის შეანგრევს წიხლით, მხოლოდ ღმერთმა თუ უწყის.

შეეცადეთ წარმოიდგინოთ:

11.00. შაბათი დილაა. ზიხარ სავარძელში. ხელში მობილური გიჭირავს, მაგრამ არსად არ რეკავ. ელოდები როდის დაბრუნდება სახლში გუშინ, გასართობად წასული შენი შვილი, რომელიც ღამის გასათენებლად მეგობართან დარჩა.

12.00. გული ცუდს გიგრძნობს, თუმცა არ ურეკავ, რადგან იცი, როგორ უყვარს დილის ძილი. ფანჯარასთან მიდიხარ, ქუჩას გაჰყურებ და ერთი სული გაქვს დაინახო მისი მანქანა…

13.00. უკვე გვიანია. აქამდე უნდა გამოჩენილიყო. თუ არ მოვიდოდა, უნდა დაერეკა მაინც. ურეკავ. მოულოდნელად გპასუხობს უცნობი ხმა, რომელიც გეუბნება, რომ თქვენი შვილი საავადმყოფოში, რეანიმაციაში იმყოფება. შენს არეულ კითხვებზე, რომლებსაც უაზროდ და უმისამართოდ ისვრი, აღარავინ გპასუხობს.

13.05. თვალებზე ბინდგადაკრული ქოქავ მანქანას, რომელსაც დაძვრისას შენივე სახლის კედელს ახეთქებ. ამას ყურადღებას არ აქცევ და დიდი სისწრაფით მიქრიხარ საავადმყოფოს მიმართულებით. ქუჩიდან ქრება ყველა შუქნიშანი, შენ კი აწვები გაზის პედალს, აწვები, აწვები...

13.15. საავადმყოფოს ეზოში ნაცნობ ადამიანებს ხედავ. ნელ-ნელა ხვდები, რომ რაც უფრო მეტია ახლობელი, მით უფრო მეტია განსაცდელი. გეტირება, მაგრამ არ გცალია.

13.16. გიჟივით ხტები მანქანიდან და კითხულობ ამბავს. ღამის კლუბში გამხდარა ცუდად, დილაუთენია. სადღაც ათისთვის, დაახლოებით სამი საათის წინ, სასწრაფოს ისეთი სისწრაფით მოუყვანია, რომ მისი დამწვარი საბურავების სუნი მთელ საავადმყოფოს მოსდებია.

13.20. მირბიხარ რეგისტრატურაში და კითხვებს სვამ. ვერ გპასუხობენ. ყველაფერს ექიმი გეტყვითო. მისი მოლოდინი უსაშველოდ იწელება.

13.30. როგორც იქნა გამოდის ექიმი - გაფითრებული და დაღლილი. "უმძიმესია, ხელოვნურ კომაში შევიყვანეთ, მის გადასარჩენად ყველა ღონეს ვხმარობთ. გულყრის გამო ტვინი ერთმნიშვნელოვნად დაზიანებულია. თუ გადარჩა, როგორი აზროვნება ექნება, ვერ გეტყვით" , მერე იმედზე ეკითხები და უიმედოდ გპასუხობს: "ალბათ 50/50-ზე", თუმცა სახეზე სულ სხვა პასუხი აწერია.

14.00. ადგილს ვერ პოულობ. მთვარეულივით დააბიჯებ. არ ტირი, მაგრამ ცრემლები თავისით მოდიან, მოდიან...

14.10. ვერ ხვდები, შენი შვილის მეგობრები რას გებოდიშებიან და რას გიხსნიან. სახეები და სიტყვები ერთმანეთში ირევა...

14.20. შორიდან გესმის, რომ რაღაც კლუბზეა ლაპარაკი, ცდილობენ აგიხსნან, რომ ეს არის ქალაქის ღამის კლუბებიდან ერთ-ერთი, ერთგვარი ლეგალიზებული ჯოჯოხეთი, სადაც კვირაში რამდენჯერმე, ღამის თორმეტი საათიდან გათენებამდე, ათასობით ახალგაზრდა მუსიკის თანხლებითა და "კლუბური ნარკოტიკით" თავს შეგნებულად იკლავს.
ამის მოსმენა შვილის უცოდველობაში დარწმუნებული მშობლისთვის იმდენად მტკივნეული და შეურაცხმყოფელია, რომ საკუთარი თავის მიმართ სიბრალული გიჩნდება.

14.30. უკვე საკუთარ არსებობასაც ნანობ...

15.00. საავადმყოფოს ეზო შენი ოჯახის ახლობლებით ივსება. ყველა სტრესშია. რამდენიმე მათგანი ნუგეშისცემას ცდილობს. ვერანაირი ნუგეში შენამდე ვერ აღწევს. გესმის მხოლოდ საკუთარი ხმა, რომელიც უფალს შვილის გადარჩენას ევედრება...

16.00. გიხმობს რეგისტრატორი და გგზავნის მკურნალ ექიმთან. ის პროტოკოლური სიმშვიდით გიყვება ავადმყოფის სტაბილური სიმძიმისა და ნებისმიერი შედეგის დადგომის ალბათობის შესახებ. წყვეტილად გესმის: "კომატოზური მდგომარეობა", "ტვინის დაზიანება", "ყველანაირად ვეცდებით". "გადარჩენის შანსი?". ჯერ არა, ისევ 50/50-ზე.

19.00. ბავშვის ნახვას ითხოვ. შენდა გასაკვირად გიშვებენ. როცა გამჭვირვალე მილებთან მიერთებულ შვილს ხედავ, ორიოდ ფრაზას უსასრულოდ იმეორებ: "შენ უნდა გადარჩე, შენ არ გაქვს სიკვდილის უფლება", "შენ უნდა გადარჩე, შენ არ გაქვს სიკვდილის უფლება..."

20.00. მორიგე ექიმს ეხვეწები, თუ რამე შეიცვალა, უმალ გაცნობოს... დილამდე სავარაუდოდ არაფერი შეიცვლება, იქნებ სახლში წაბრძანდეთო. სახლში "ვერ წაბრძანდები", რადგან იქ არაფერი დაგრჩენია. შენთვის ყველაზე, ყველაზე, ყველაზე.... ახლა რეანიმაციაშია და უკანასკნელი ძალებით სიკვდილს ებრძვის.

22.00. ისევ 50/50-ზე. ეს ხომ პირველი შემთხვევაა...

00.00. ისევ 50/50-ზე. ბოლომდე გჯერა, რომ ღმერთი არ გაგწირავს...

02.00. ისევ 50/50-ზე. ეს ერთგვარი გაფრთხილებაა...

05.00. ისევ 50/50-ზე. შენი შვილი იცოცხლებს...

07.00. მორიგე ექიმი გამოდის და გეუბნება, რომ ავადმყოფი ნაწილობრივ რეაგირებს. რაღაცას ემოციურად ეკითხები. ის ზოგადი ფრაზებით გპასუხობს.

09.00. უკვე 60/40-ზე.

10.00. ისევ 60/40-ზე.

10.30. გეძახის ექიმი. რეაქციები მოემატა, ჩვენსკენ მოდისო. მის ხმას ოპტიმიზმი შეერია. არ იცი, უნდა გიხაროდეს თუ არა, ან საერთოდ რა უნდა გიხაროდეს.

14.00. კომიდან გამოყავთ. რეაქციები არაადეკვატურია. არავინ გიხსნის, ეს რას ნიშნავს.

17.00. გეკონტაქტება უმცროსი ექიმი, ძალიან ახალგაზრდა და თავაზიანი. ის თანაგრძნობით სავსე ხმით გაიმედებს, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის და შენი შვილი აუცილებლად გადარჩება. ხავსჩაჭიდებული უსმენ. აღარ იცი, რა ქნა. ამ ექიმი ბიჭის გჯერა, თუმცა არ გჯერა საკუთარი თავის.

18.00. რეანიმაციაში გიშვებენ. ხელზე ხელს კიდებ. პასუხად ხელს გიჭერს და ცალ თვალს ახელს. კითხვაზე, თუ ესმის შენი, თავს გიქნევს. მერე სთხოვ, რომ ორჯერ დაგიქნიოს თავი და ორჯერ გიქნევს. მერე მხარზე კოცნი და ეკითხები, თუ იგრძნო, ისევ გიქნევს თავს და უკვე ხვდები, რომ გადარჩით.

18.20. კიბეზე აცრემლებული ჩადიხარ, ვიღაცის ხელი ერთჯერად ცხვირსახოცს გაწვდის. გინდა ეზოში მომლოდინე ახლობლებს რაც შეიძლება მალე ახარო, რომ გადარჩა. მათ დანახვაზე ტირილს იწყებ...

19.00. ხედავ ეზოში როგორ შემოდის შორიდან ჩამოსული შენი ბიძაშვილი. ამ ბოლო ოცდათორმეტი საათის მანძილზე გული პირველად გითბება. ამ ადამიანის სიყვარული ახლა ყველაზე მეტად გჭირდება.

20.00. საავადმყოფოს ეზოში უნაყოფო ყიალის მერე, იქვე, ტროტუარზე ჯდები და ფიქრს იწყებ ხვალინდელ დღეზე, რომელიც როგორი იქნება, ამ ქვეყანაში კაციშვილმა არ იცის...

იხილეთ ასევე: წერილი გამოცხადებულ სიკვდილამდე - კრიმინალური საკითხავი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს

no name
15 მაისი 2018 11:13
ამ უბედურების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, თუმცა 21-ე საუკუნის ახალგაზრდობას სიტყვა თავისუფლება სხვანაირად ესმით, წამლის მიღების შედეგად მიღებულ რეაქციას აღიქვამენ თავისუფლებად, არ ფიქრობენ შედეგზე თუმცა ვინც მას იყენებს სავარაუდო შედეგიც იცის, არ შეიძლება ყველაფერი მთავრობას დააბრალო და გაცვეთილ ფრაზას "აკრძალული ხილი გემრიელია"-ს.... მეც ახალგაზრდა ვარ თუმცა არასოდეს გამჩენია მოწევის, გაკეთების, ლოთობის და ყაჩაღობის სურვილი, ვიცი რომ საზიანო იქნება ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, თავისუფლება ის არაა მიიღო ყველაფერი რაც გინდა, თავისუფლება ისაა გქონდეს ამ ყველაფრის შანსი მაგრამ შენს თავს არ აკადრო ეს უვარგისი ნივთიერებები...პრობლემების გადაჭრის გზას წამალში ხეავენ ადამიანები, მაგრად გართობის მუღამსაც წამალში ხედავენ ეს არის სამწუხარო რეალობა :(
კკკ
12 მაისი 2018 14:58
20,30 მიდიხარ გირჩის და ბექა წიქარიშვილის აქციაზე ლეგალიზაციის თაობაზე...
გიორგი. გთხოვთ არ დამბლოკოთ.
11 მაისი 2018 07:09
ყველა კომენტარი საყურადღებოა, მაგრამ გამოვყოფ ედიკას კომენტარს. ეხლა განვიხილოთ ედიკას კონტრ-კომენტარი, "მშობელი თითონ თუ არ აქცევს ყურადღებას, რა სახელმწიფოს ბრალია". როდესაც შვილს მშობელი არა ჰყავს, ან არ უვარგა, მშობლის როლი სახელმწიფომ უნდა ითაოს. უმშობლოდ შვილი არ აღიზრდება. "აღზრლილი" მშობლის ამაგი, შვილის აღზრდაში, (და არა გაზრდაში. გაზრდით ხეც იზრდება) აუწონავია, შეუფასებელია. მაგრამ სახელმწიფოსგან, აუცილებელია, გვერდში დგომა, (მით უმეტეს დღევანდელი უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე) საღი და დროული კანონების შემოღებით და მისი უპირობო გატარებით. მატერიალური თუ მორალური დახმარებით. ვიყოთ გულახდილები და დავსვათ კითხვა, რას წარმოადგენს დღეს სახელმწიფო. ჩინოვნიკების გროვას, ვითომ ხალხის ჭირისუფალს, მსახიობური გამომეტყველებით. 27 წელია და ვერც ერთი გლობალური, სოციალური, თუ ყოფითი საკითხები, სახელმწიფოს გადაჭრილი არა აქვს. განსაკუთრებით განათლება, მედიცინა, იურისპრუდენცია-სამართალი. სად არის მკაცრი, ამღზრდელობითი კანონები, რაც დღეს აუცილებელია ქვეყნისათვის. ვერ ერევით ნარკომანიას? როგორ მოერევით ნარკომანიას, როდესაც "გირჩი", თქვენი უფროსია. გაამკაცრეთ კანონები. გარედან ეს ისე სჩანს, რომ თქვენ ხართ უსუსური მარიონეტები. ძალიან ბევრია სათქმელი, მაგრამ დავიღალე. გამომდის, "შეაყარე კედელს ცერცვი". ეს ყველაფერი ხალხზე უკეთესად, თქვენ იცით, რისი და ვისი ბრალია.