სექსუალური შევიწროვება - ქალთა დისკრიმინაცია, რასაც დასასრული არ უჩანს - კვირის პალიტრა

სექსუალური შევიწროვება - ქალთა დისკრიმინაცია, რასაც დასასრული არ უჩანს

რომ ვამბობ ჩვენს ქვეყანაში ქალების დისკრიმინაციის ბევრი შემთხვევა ხდება-მეთქი, მეჩხუბებიან, - არაო. არადა, სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი ჟურნალისტის სამსახურიდან წამოსვლის თაობაზე, რომელმაც მიზეზად მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ზეწოლა დაასახელა. მალევე გაირკვა, რომ სხვა ჟურნალისტსაც იგივე პრობელმები ჰქონია წლების წინ.

(იხილეთ: "ვადასტურებ, რომ ჩემი იმჟამინდელი უფროსი სისტემატიურად მავიწროებდა" - ვის უხდის ბოდიშს შალვა რამიშვილი?!)

სახელების და გვარების დაწერას აზრი არ აქვს, ისედაც ყველამ ყველაფერი ვიცით, რადგან მსგავსი ამბები ელვის სისწრაფით ვრცელდება… თან ჩემი მიზანი სახელების დაწერა და სხვისი პირადის გარჩევა კი არა, იმ პრობლემაზე ხმამაღლა ლაპარაკია, რომელიც არსებობს... კი ბატონო, გეთანხმებით, რომ მხოლოდ აქ არ ხდება და ეს მსოფლიოს პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ხომ საქართველში ვცხოვრობთ და პირველ რიგში ის უნდა გვაღელვებდეს, რაც ყოველდღიურად ხდება, რასაც ვხედავთ, მაგრამ ხშირად რატომღაც არ ვიმჩნევთ…

დისკრიმინაცია, რომ ადამიანების უსამართლო მოპყრობას ნიშნავს, ეს ყველამ ვიცით, თუმცა ის არა მხოლოდ ეთნიკური და რასობრივი, არამედ სექსუალურიც შეიძლება იყოს და ეს ბოლო გამოვლინება ქალების მიმართ ძალიან მრავლადაა. ეს პრობლემა არ არის მხოლოდ სამსახურებში, ხშირად სექსუალური ძალადობის (მცდელობის) მსხვერპლნი არასრულწლოვანი გოგონები სკოლის ასაკშიც კი ხდებიან და ზოგჯერ, სამწუხაროდ, მასწავლებლების მხრიდანაც. იგივე შეიძლება მოხდეს უნივერსიტეტში და საერთოდ ყველგან, სადაც ყოველგვარ მორალს მოკლებული კაცები "მოღვაწეობენ…"

ერთი ჩემი მეგობარის მონაყოლით, როდესაც მე-9 კლასში სწავლობდა, ერთ-ერთი სკოლის დირექტორისგან საშინელი ზეწოლა იგრძნო, მართალია, ის კაცი (თუ შეიძლება მას კაცი ვუწოდოთ) ხელით არ შეხებია, მაგრამ ალბათ ოთახიდან რომ არ გამოქცეულიყო, ამასაც იკადრებდა. მაშინ ის პატარა გოგო იყო და შეეშინდა. ვერავის უთხრა, მიზეზი რატომ უნდოდა სკოლიდან გადასვლა, ამის მიზეზად  ხან ბავშვებთან უთანხმოებას ასახელებდა, ხანაც - მასწავლებლებთან. შეეშინდა, შერცხვა მამის, ოჯახის წევრების, იმ ასაკში შეიძლება იმდენ რამეზე იფიქროს მოზარდმა, რომ წარმოდგენაც კი რთულია, ამიტომ გადაწყვიტა არავისთვის მოეყოლა (უარესი შედეგის თავიდან აცილების მიზნით) გადამხდარი ამბავი, რომელმაც მის ფსიქიკაზე მძიმე კვალი დატოვა…

როდესაც მსგავს შემთხვევებს ვიგებ, წარმოდგენაც კი მზარავს, რომ ჩვენს შვილებს შეიძლება მსგავსი რამ შეემთხვათ...

თუმცა ქალების დისკრიმინაცია არ ხდება მხოლოდ ამ გზით. მათ ხშირად არ იყვანენ სამსახურში იმიტომ, რომ შვილ(ებ)ი ჰყავთ, თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ თუ ქალს მუშაობა აქვს გადაწყვეტილი, ისიც ექნება მოფიქრებული ბავშვი სად დატოვოს სამსახურში ყოფნის პერიოდში. პრობლემა ხშირად ქალის პირადი ცხოვრებაცაა - ზოგიერთ სამსახურში ასე მახინჯადაც მსჯელობენ: გოგონა თუ ოჯახის შექმნას გეგმავს ეს პირდაპირ კავშირშია შვილის გაჩენასთან და გამოდის, რომ ის მალე შეიძლება "გამოუსადეგარი" აღმოჩნდეს... ყველაზე დამამცირებელი და უსამართლო კი მაინც ის არის, როდესაც კაცი თავის გავლენას და ძალას იყენებს, ცდილობს ქალი დააჯეროს, რომ მისი კარიერული წინსვლისთვის ყოველგვარი მორალის, პრინციპების დავიწყებაა საჭირო და ა.შ.

ვიმედოვნებ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომელზეც უკვე მთელი ქალაქი ლაპარაკობს, კარგად იქნება გამოძიებული და თუ საბოლოოდ დადასტურდა, სათანადოდაც დაისჯება მოძალადე... გარდა ამისა, იმედია, ქალები გაბედავენ და უფრო ხმამაღლა ილაპარაკებენ თავის პრობლემებზე, ამხელენ მოძალადეებს, სხვა თუ არაფერი ამით არაერთი ქალი შეიძლება გადაარჩინონ...

ჩვენ კი მეტი სიფრთხილე, დაკვირვება და საკუთარი უფლებების დაცვა გვჭირდება!