"კაცობრიობას მუდმივად ემუქრება განადგურების საფრთხე, ამიტომ..." - რა იყო რეიგან-გორბაჩოვის ერთობლივი კოსმოსური პროექტი? - კვირის პალიტრა

"კაცობრიობას მუდმივად ემუქრება განადგურების საფრთხე, ამიტომ..." - რა იყო რეიგან-გორბაჩოვის ერთობლივი კოსმოსური პროექტი?

როდის დავსახლდებით კოსმოსში?!

2018 20 ნოემბერს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს 20 წელი შეუსრულდა. ვისი დამსახურებაა ამ სადგურის არსებობა, როგორ გვიბრუნდება დედამიწელებს კოსმოსში ინვესტირებული მილიონები და რა სირთულეები ელოდება ილონ მასკის მიერ მარსზე 2023 წელს დაგეგმილ პილოტირებულ მისიას?

ამ საკითხებზე ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA/ESTEC/Space Expo) თანამშრომელი დალი უბილავა-დე გრააფი გიამბობთ:

საერთაშორისო კოსმოსური სადგური 20 წლისაა

საერთაშორისო კოსმოსური სადგური უდიდესი და უძვირესი პროექტია, რაც კი აქამდე შექმნილა. მისი ბიუჯეტი დაახლოებით 200 მილიარდი დოლარია. ის დაახლოებით სტადიონისხელა კონსტრუქციაა და დაახლოებით 400 ტონას იწონის. დედამიწიდან დაახლოებით 400 კმ სიმაღლის ორბიტაზეა განთავსებული, მეოცე წელიწადია, უწყვეტად მოძრაობს დაახლოებით 28 000 კმ/სთ სიჩქარით და დღეში 16-ჯერ შემოუვლის დედამიწას. თითო შემოვლას 90 წუთს ანდომებს. აქედან ყოველი 45 წუთი დღე-ღამის მონაცვლეობაა.

 დალი უბილავა-დე გრააფი

კოსმოსური მეცნიერების უსწრაფესი განვითარება 1960-70-იანი წლების ცივი ომის დამსახურებაა. საბჭოთა კავშირ-ამერიკის სამხედრო შეჯიბრება კოსმოსში ძვირად ღირებულ ექსპერიმენტებს, კვლევებსა და შემდგომ განვითარებას ითხოვდა. ამერიკელებსა და რუსებს თავიანთი კოსმოსური სადგურები ჰქონდათ, ამ ქვეყნების პილოტირებული მისიებიც მათივე კოსმოსურ სადგურებზე მუშაობდნენ და საკუთარ ხომალდებს - "სფეის შათლისა" და "სოიუზს" გზავნიდნენ. კვლევები მიმდინარეობდა კოსმოსურ სადგურებზე "სალუტი", "მირი" (საბჭოთა კავშირი) და "სქაილები" (აშშ). მაშინდელი კოსმოსური სადგურებიდან ყველაზე გამძლე "მირი" აღმოჩნდა - 15 წელი იმუშავა, თუმცა მერე დრო მოჭამა...

1990-იან წლებში, პოლიტიკური და ეკონომიკური კატაკლიზმების გამო, საბჭოთა კოსმონავტიკაც დაშლის პირას აღმოჩნდა. ამერიკისა და რუსეთის მაშინდელ მეთაურებს, რეიგანსა და გორბაჩოვს ეკუთვნით დღევანდელი კოსმოსური სადგურის დაფუძნებისა და გაერთიანების იდეა, თუმცა ამას წინ უსწრებდა 1975 წელს რუსულ-ამერიკული პროგრამა "სოიუზ-აპოლო", როცა კოსმოსში პილოტირებული კოსმოსური ხომალდები - "სოიუზი" და "აპოლო" შეერთდა. თანამშრომლობა რუსული "მირის" ფარგლებშიც გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსების ნების გარეშე კოსმოსური პროგრამების დაფინანსება და განხორციელება შეუძლებელია. ამერიკის კონგრესში დღევანდელი კოსმოსური სადგურის დაფუძნების იდეას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა და კენჭისყრისას მხოლოდ ერთი ხმით აჯობეს მომხრეებმა.

1998 წლის 20 ნოემბერს რუსების რაკეტა "პროტონმა" თანამედროვე კოსმოსური სადგურის პირველი მოდული "ზარია" განათავსა დედამიწის დაბალ ორბიტაზე, რასაც რამდენიმე თვეში მიჰყვა ამერიკული "იუნითი"; 2000 წელს მათ მესამე მოდული "ზვეზდა" მიემატა და სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო პილოტირებული მისიებიც კოსმოსურ სადგურზე. მოგვიანებით პროექტში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვნენ ევროპის კოსმოსური სააგენტოს, იაპონიისა და კანადის სახით. დღეს კოსმოსური სადგური ერთადერთი ადგილია კოსმოსში, სადაც მუდამ იმყოფება ადამიანი.

პამპერსი ასტრონავტებისთვის კოსმოსური კვლევები პროექტში მონაწილე ქვეყნების ბიუჯეტიდან, ანუ მოსახლეობის გადასახადებიდან ფინანსდება. დღეს ის ფინანსები, რაც კი ადამიანს ოდესმე კოსმოსური მეცნიერების განვითარების საქმეში ჩაუდვია, ექვსმაგად არის ამოღებული. იგულისხმება ჩვენი ცხოვრების დონე, მედიცინისა თუ მეცნიერების ახალ-ახალი მიღწევები, ტექნოლოგიები. ამის მარტივი მაგალითია პამპერსი, რომელიც თავის დროზე კოსმონავტებისთვის გამოიგონეს. ერთმა ჭკვიანმა ამერიკელმა, გვარად პამპერსმა, შეისყიდა წარმოების უფლება და ასტრონავტებისთვის გამოგონილი სიახლე დედამიწაზე ჩვილის მოვლისთვის დანერგა. ასევე ჭურჭელი, რომელიც ტეფლონით არის დაფარული და კერძის მომზადებას აადვილებს (არ მიიწვავს, ზეთი არ სჭირდება), კოსმონავტებისთვის იყო შექმნილი. ლაზერის მეტრმზომები, რომლებიც დამონტაჟებულია ავტობანებზე და ქვეყნების ბიუჯეტში მილიარდობით ფული შეაქვს, პირველად კოსმოსური პროექტებისთვის შეიქმნა. ლაზერის მეტრმზომების გარეშე დღეს მშენებლობები წარმოუდგენელია...

წავალთ მარსზე 2023-ში?

მარსს ატმოსფერო აკრავს, მაგრამ იქ ადამიანის არსებობისთვის ბუნებრივი პირობები არ არის. დედამიწის ატმოსფერო უფრო მკვრივია და მასში აირები სრულიად სხვა შემადგენლობითაა. გარდა ამისა, მარსის ატმოსფეროში წნევა ისეთი დაბალია, ლამის ვაკუუმს უტოლდება, რადიაცია კი რამდენიმე ასეულით მეტია, ვიდრე დედამიწაზე. დედამიწელებისთვის მარსის ზედაპირზე გავლა კოსმოსური სკაფანდრის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ მარსზე ცხოვრებისა და მუშაობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მარსის მიწისქვეშა კატაკომბებში უნდა განთავსდეს. არსებობს სხვა, ნაკლებად რეალური ალტერნატივაც ხელოვნური მაგნიტური ველის სიმულირების სახით.

ასე რომ, ჩვენი პლანეტა უნიკალური და კომფორტული ადგილია, რასაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. კაცობრიობას მუდმივად ემუქრება განადგურების საფრთხე. დიდი ასტეროიდის ჩამოვარდნას, სუპერვულკანის ამოფრქვევას, კლიმატის გლობალურ ცვლილებებს შეუძლია ბოლო მოუღოს ცივილიზაციას. არის სხვა სახის საშიშროებებიც, მათ შორის - ჭარბი მოსახლეობა, რომელიც ყოველწლიურად ათეულობით მილიონით იზრდება... დღეს კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ახალი ტერიტორიების ათვისება და ამიტომ გეზი კოსმოსისკენ უნდა ავიღოთ. ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი სტივენ ჰოკინგიც არაერთგზის აცხადებდა, რომ ადამიანმა უახლოეს 30 წელიწადში უნდა დაიწყოს დედამიწის განტვირთვა, რაც სხვა კოსმოსური ობიექტების, მათ შორის - მარსის ათვისებას გულისხმობს.

ვნახოთ, ვინ იქნება პირველი და 21-ე საუკუნეში ვინ დადგამს პირველად ფეხს სხვა ციურ სხეულებზე. წამყვანი კოსმოსური ორგანიზაციების გარდა, ამ პროგრამებზე კერძო ორგანიზაციებიც მუშაობენ. ილონ მასკი 2023 წელს მარსზე ადამიანების გამგზავრებას გეგმავს, თუმცა ჯერ მარსის რაკეტაც არ არის მზად.

მარსზე გასაფრენმა რაკეტამ სულ სხვა სიჩქარე უნდა განავითაროს, რომ მარსის ორბიტაზე გავიდეს, ანუ ეს იქნება უპრეცედენტოდ მძიმეწონიანი რაკეტა, შესაბამისად, უზარმაზარი ბიუჯეტით (დღეს მარსზე 1კგ ტვირთის ტრანსპორტირებისთვის ანგარიშობენ დაახლოებით 150.000 ევროს). ყველაზე მძიმე რაკეტა, რაც კი დღემდე შექმნილა, "სატურნი-5" იყო, რომლითაც მთვარეზე ამერიკული "აპოლოს" მისიები იგზავნებოდა. დაველოდოთ 21-ე საუკუნის პირველ ადამიანებს, რომლებიც ფეხს დაადგამენ მთვარესა და მარსზე. იხილეთ სრულად

იხილეთ ასევე: საბედისწერო 20 წამი