"გია მა­მის სრუ­ლი ას­ლია, ორი წვე­თი წყა­ლი­ვით გვა­ნან ერ­თმა­ნეთს!" - ვინ არის და რას საქმიანობს გია ფერაძის "უცნობი" ვაჟი? - კვირის პალიტრა

"გია მა­მის სრუ­ლი ას­ლია, ორი წვე­თი წყა­ლი­ვით გვა­ნან ერ­თმა­ნეთს!" - ვინ არის და რას საქმიანობს გია ფერაძის "უცნობი" ვაჟი?

ერთ-ერთი უძველესი თბილისური ოჯახი - ფერაძეების ოჯახი, არა მხოლოდ თბილისელებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის კარგად არის ცნობილი. ფერაძეების ოჯახის საუკუნოვანი ისტორია დაწვრილებით არის მოთხრობილი მსახიობის ძმის, ილიკო ფერაძის წიგნში - "მე, ბებია, ბაბუა, დედა, მამა და გია ფერაძე".

AMBEBI.GE ილიკო ფერაძეს დაუკავშირდა და პირდად მისგან მოისმინა უცნობი თუ ნაცნობი ისტორიები ფერაძეების ოჯახის შესახებ. სწორედ ბატონმა ილიკომ გვიამბო, რომ ცნობილი ქალაქური სიმღერის - "ყვავილების ქვეყანას" სიტყვების ავტორი, მათი მამა ბიძინა ფერაძე იყო, ასევე გაგვიმხილა ამ ტექსტის შექმნის ძალიან საინტერესო ისტორია...

AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ის ცნობილი ძმის ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებსაც იხსენებს. გვიყვება მსახიობის ოჯახის ტრაგედიისა და მისი შვილების შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთი - რუსეთში დაბადებული მეოთხე ბიჭი, ცნობილი მამის სახელს ატარებს და მისი ზუსტი ასლია...

"ცხრა წლით უფროსი ვიყავი ჩემს ძმაზე, გია ფერაძეზე. მე დავიბადე სამამულო ომამდე, ხოლო გია - ომის შემდეგ. რომ მეკითხებიან, რატომ იყავით ასეთი განსხვავებული ძმებიო, ვპასუხობ - ჩვენს შორის მთელი ომი იყო-მეთქი.

ომმა ძალიან შეცვალა ბავშვები, რომლებმაც ომი გამოიარეს უფრო გულჩათხრობილები და დათრგუნულები იყვნენ, ხოლო ომის შემდეგ დაბადებული ბავშვები გაცილებით მხიარულები და ლაღები. გია ბავშვობიდან ძალიან ცელქი და მოძრავი იყო. ერთ ადგილას ვერ გააჩერებდით. ასე იყო სტუდენტობაშიც. თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლისას მას უამრავი მეგობარი ჰყავდა, რომელთა ნაწილი დღეს ცნობილი მსახიობები არიან.

განსაკუთრებით ახლო ურთიერთობა ჰქონდა ელისო გუდიაშვილთან, ნანული სარაჯიშვილთან, ასმათ ტყაბლაძესთან, ამირან ბუაძესთან, დათო დვალიშვილთან და ა.შ. გიას იუმორის გრძნობა ყველასათვის ცნობილი იყო, ის ხშირად თვითონ ქმნიდა იუმორისტულ სიტუაციებს, კურიოზებს.

ერთხელ, რუსთავიდან თბილისში ბრუნდებოდა გია და მანქანაში შეიპატიჟა ქუჩაში მდგომი ელისო. თბილისის მაგივრად მანქანის მხიარული ეკიპაჟი საავადმყოფოში მოხვდა. გია ელისოს შესაშინებლად მძღოლს აფარებდა ხელს თვალზე, ამ თამაშში ავარიაში მოხვდნენ და დაზიანდნენ. ელისომ ფეხი მოიტეხა, სხვა მეგობრებიც დაშავდნენ, გიამ ტვინის შერყევა მიიღო.

საავადმყოფოში მისული დედაჩემისთვის გიას უთქვამს - "აჰა მთელი ცხოვრება რომ მეძახდი შე უტვინოო, ხომ დაგიმტკიცე, რომ ტვინი მქონიაო".

რაც შეეხება გია ფერაძის ოჯახს და მის ტრაგიკულ ისტორიას, ილიკო ფერაძე AMBEBI.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ ეს ფაქტი მედიით უამრავჯერ გავრცელდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში გარკვეული დეტალები დამახინჯებულად და არასწორად იყო გადმოცემული.

"გიას ირინა მიქატაძესთან ქორწინებამდე ორი მეუღლე ჰყავდა, თითო შვილი დარჩა თითო ქორწინებიდან.

უზომოდ უყვარდათ ერთმანეთი ირინას და გიას! ირინა ძალიან ცნობილი და კარგი ოჯახიდან იყო - ცნობილი მოქანდაკე ჯუნა მიქატაძე იყო მამამისი, ხოლო დედა ასევე ცნობილი ოჯახის, საყვარელიძეების ულამაზესი ქალბატონი და ამ ოჯახში ხშირად ქალაქის ცნობილი პიროვნებები იყრიდა თავს, მათ შორის მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც. გია და ირინა, ჯუნა მიქატაძის სახლში ცხოვრობდნენ...

რაც შეეხება იმ ტრაგიკულ დღეს, ასე განვითარდა მოვლენები: გია საქეიფოდ იყო წასული და სახლში გვიან დაბრუნებულა ნასვამი, როგორც ყოველთვის ირინას დაუწყია ქოთქოთი. თუმცა, მალევე დამშვიდებულან და სამზარეულოში დამსხდარან ყავის დასალევად. გია საწოლზე იყო წამოწოლილი, ხოლო ირინა მის წინ იჯდა და ყავას მიირთმევდა. გიას ჯიბეში ედო სიგარეტის კოლოფი და მასთან ერთად კალმისტრის ფორმის იარაღი, რომელიც "გეკოს" ტყვიებს ისროდა.

არ ვიცი ვინ აჩუქა ეს იარაღი მას, სულ თან დაჰქონდა. დღეობებზე რომ დადიოდა მეგობრების წრეში, საკიდებზე ჩამოკიდებულ ქუდებს ესროდა ხოლმე, გასროლისას დიდი ხმა ჰქონდა და იყო ერთი წიოკობა და მხიარულება... იმ დღეს წამოწოლილი რომ იყო, წამოწეულა, ჯიბიდან ამოუღია სიგარეტის კოლოფი, სანთებელა და მასთან ერთად იდო ეს იარაღიც, რომელიც გამოედო ჯიბეს და უეცრად გაუსვრია...

ირინას და თავად გიას, უბედური ბედი - ტყვიამ ნეკნებს შორის გაიარა და ირინა ადგილზევე გარდაიცვალა... გია შოკში ჩავარდნილა, დაიბნა, ძალიან შეშინებია და ფეხშიშველი გაქცეულა გარეთ, წასულა მეგობართან, რომლისთვისაც ყველაფერი მოუყოლია, ერთი ბოთლი არაყიც სულმოუთქმელად დაულევია და მიუღია პოლიციისთვის ჩაბარების გადაწყვეტილება. მეორე დილას ის თავისით მივიდა და ჩაბარდა სამართალდამცველებს.

მას თავის დღეში ქათამი არ დაუკლავს. ბებიაჩემი რომ ეტყოდა - გია მოდი დამიკალი ქათამიო, რას ამბობ ბებო, ფაშისტი ხომ არ ხარ? ქათამს რა დამაკვლევინებსო, ეტყოდა ხოლმე.

...ირინას დაკრძალვაზე იყვნენ მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი პირები. ერთ-ერთმა მათგანმა პირდაპირ თქვა, რომ ეს იმდენად შემზარავი მკვლელობაა, მკვლელი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოსო და მორჩილმა „სამართალდამცავმა“ სტრუქტურებმა პირნათლად შეასრულეს ხელმძღვანელობის დავალება, ყველაფერი გააკეთეს, რომ გიას სასჯელის უმკაცრესი ზომა შეფარდებოდა...

"სწორი და სენსაციური არის ის, რომ ერთ-ერთ გასტროლზე ყოფნის შემდეგ, გიას აღმოაჩნდა რუსეთში დაბადებული მეოთხე შვილი, მასაც ქვია გია, არის მოსკოვის ერთ-ერთი თეატრის წამყვანი მსახიობი და ორი წვეთი წყალივით გავს მამამისს გია ფერაძეს! (გია ფერაძე უმცროსი დედის გვარსაც ატარებს და მას მრუსეთში იცნობენ, როგორც გიორგი კუზუბოვს. ავტ)

უმცროსი გია ფერაძე დედასთან ერთად

მე და დედამ მის შესახებ გავიგეთ გიას დაპატიმრების შემდეგ. პატარა გიას დედამ (ირინა კუზუბოვა, ავტ.) გამოგვიგზავნა ბავშვის სურათი, რომელშიც ვერ განასხვავებდი მამას და შვილს! შემდეგ დაიკარგა ჩვენს შორის კავშირი და უკვე 21 საუკუნეში, როდესაც ინტერნეტი შემოვიდა, მოვძებნე ჩემი ძმისშვილი, დავუკავშირდი და დედა-შვილი საქართველოში მყავდა ჩამოყვანილი...

ახალგაზრდა გია ფერაძე მამის სრული ასლია, ორი წვეთი წყალივით გვანან ერთმანეთს! ყველა გაოცებული დარჩა ამ მსგავსებით. ისიც ნიჭიერია მამასავით. რომ ჩამოვიდნენ, სამეფო უბნის თეატრში, მერაბ თავაძის დახმარებით, როგორც მსახიობს საღამო მოვუწყვე, საღამოზე მოვიდა მთელი თბილისი.

მოვიდა აგრეთვე გიას და ირინას შვილი მარიკუნა... ის დარბაზში არ შემოსულა, გარეთ იცდიდა. უმცროსი გია იხსენებს: "რომ გამოვედი გარეთ, მარიკუნას დანახვისთანავე ვიგრძენი, რაღაც სიახლოვე ჩვენს შორის და ისე მომეწონა, გავიფიქრე ნეტავ, ეს ულამაზესი გოგო ჩემი და არ აღმოჩნდებოდესო...

მას შემდეგ ძალიან დაახლოვდა და-ძმა და გიას უფროს შვილებსაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ" იხილეთ სრულად

იხილეთ სრულად: "ახლო მანძილიდან გასროლილმა ტყვიამ, ირინას გულის აორტაში გაიარა და... მოკლა" - ტრაგედია, რომელმაც თბილისი შეძრა