"ქუჩაში მთელი ხალხი ხათუნას უყურებდა. დათოს ვატყობდი, რომ ნერვები ეშლებოდა" - სად გაქრა გოგონა ფილმიდან "მხიარული რომანი"
01-05-2020
"ქუჩაში მთელი ხალხი ხათუნას უყურებდა. დათოს ვატყობდი, რომ ნერვები ეშლებოდა" - სად გაქრა გოგონა ფილმიდან "მხიარული რომანი"
ფოტო:ხათუნა კოტრიკაძე
რატომ ჩამოშორდა ხათუნა კოტრიკაძე ეკრანს

სულ სამ ფილმში ითამაშა, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ მის მიერ განსახიერებულ როლებს განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართული კინოს ისტორიაში.

15 წლის იყო, პირველად რეჟისორმა სოსო ჩხაიძემ რომ გადაიღო ფილმში "მეთხუთმეტე გაზაფხული", მერე ლეილა გორდელაძემ ათამაში ფილმში "მოიტაცეს თამარ ქალი" და ბოლოს ლერი ხოტივარმა დაუძახა ეკას როლზე  "მხიარულ რომანში". შემდეგაც უამრავმა რეჟისორმა შესთავაზა გადაღება, მაგრამ ყველას უარს ეუბნებოდა.

არ არის უცნაური, რომ ხათუნა კოტრიკაძის გამორჩეული გარეგნობა რეჟისორებს არ გამორჩათ და გადასაღებ მოედნაზე ეძახდნენ, თუმცა თავად ხათუნასთვის არ აღმოჩნდა ეკრანი მაინც და მაინც მიმზიდველი.

დღემდე საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ის კინოში სათამაშოდ ქმარმა, ფეხბურთელმა დავით გოგიამ არ გაუშვა, თუმცა, როგორც ჩანს, კინო არც თავად მისთვის ყოფილა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ სხვა ყველაფერზე უარი ეთქვა,
მიუხედავად ასეთი პოპულარობისა.

17 წლის გათხოვდა, რის მერეც კარჩაკეტილი ცხოვრება არჩია. მეტიც, ის ქმართან ერთად სოფელ დიღომში გადასახლდა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. ალბათ, ძნელად თუ წარმოედგინა ვინმეს, რომ ეს ნატიფი აღნაგობის, ულამაზესი გოგონა, სოფლად ბაღ-ბოსტნისა და შინაური ცხოვლების მოვლას მიჰყოფდა ხელს.

2003 წელს ჟურნალ "სარკისთვის" მიცემულ ინტერვიუში ხათუნა კოტრიკაძის დედა ნანული ნიშნიანიძე ყვებოდა:

"ძროხების მოვლა მისი კაპრიზი იყო. მანამდე ძროხა ახლოსაც არ ენახა. რუსი სამხედროები იყვნენ სოფელში და წავიდნენ. ბევრი ძროხა ჰყავდათ. ხათუნამ მოისურვა, მათგან ეყიდა ძროხები. ქმარმაც უარი არ უთხრა და უყიდა. რამდენიმე წელი ჰყავდა. ეს იცით, რა დროა? საშინელი არეულობა და პურის რიგები რომ იყო. ჩვენ ელიტური ნათესაობა გვყავს. იმ პერიოდში არავის ჰქონდა დიდი მატერიალური შესაძლებლობები, ყველას უჭირდა. ხათუნას, როგორც შეეძლო, ისე ეხმარებოდა მათ. სოფელ დიღმიდან აგზავნიდა ყველს, მაწონს... სოფელში დიდი ეზო აქვთ. გადატიხრეს და გააკეთეს დიდი ბოსელი. იქ ჰყავდა საქონელი. ხათუნა მათზე გიჟდებოდა. იცით, როგორ უვლიდა. მეც ხომ ძალიან მეშინოდა ძროხის, მაგრამ წარმოიდგინეთ, ვუწმენდდი და ვწველიდი. მერე ვურჩიეთ, რომ გაეყიდა, რადგან მათი შენახვა იმაზე მეტი გვიჯდებოდა, ვიდრე ისინი რამეს გვაძლევდნენ..."

ის საზოგადოების თავშეყრის ადგილებში დღემდე არ ჩნდება, არც ჟურნალისტებთან ურთიერთობს და, არც ფოტოებს იღებს. არადა, ყველას ძალიან აინტერესებს, სად გაქრა გოგონა, რომელმაც სულ რაღაც სამი როლით შეძლო და დაამახსოვრა საზოგადოებას თავი...

ხათუნა კოტრიკაძე ცნობილი ფეხბურთელის, ალიოშა კოტრიკაძის ქალიშვილია. ხათუნა 17 წლის იყო, როდესაც თბილისის "დინამოს" მეკარეს, დავით გოგიას, ცოლად გაჰყვა.

ნაწყვეტი ხათუნა კოტრიკაძის დედის ინტერვიუდან:

- ხათუნას მსახიობობა ბავშვობიდანვე უნდოდა, მაგრამ, როდესაც ეს შესაძლებლობა მიეცა, აღარ ისურვა. სამ ფილმში გადაიღეს და მისი კარიერა ამით შეწყდა. ეს იმანაც განაპირობა, რომ ქმარი ძალიან ეჭვიანი ჰყავს, კატეგორიულად აუკრძალა კინო. მამამისი 4 წლის წინ 69 წლის ასაკში ყელის სიმსივნით გარდაიცვალა. ხათუნას განსაკუთრებულად უყვარდა იგი და მამასაც გამორჩეულად უყვარდა.
კადრი ფილმიდან ,მხიარული რომანი'
თუ იტყოდა, ამა და ამ ადგილას მინდა წასვლაო და უარს ვეტყოდით, აღარასოდეს დაგველაპარაკებოდა ამ თემაზე, არ შეგვაწუხებდა. ერთადერთი უნებართვო ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა, დათო გოგიაზე გათხოვება იყო. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ ჩვენ არ გვინდოდა დათო, უბრალოდ, ჯერ არ იყო მისი გათხოვების დრო. თითქოს დამჯერი იყო, მაგრამ მაინც გვეწინააღმდეგებოდა, თუ რამე არ უნდოდა.

სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა, ვეუბნებოდით, ჯერ უმაღლესში ჩააბარე და მერე გათხოვდი-თქო, მაგრამ მაინც გაჰყვა, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ამ კაცთან უბედურია.
დათო ჩემი მეუღლის მოწაფე იყო და ყოველთვის მოდიოდა ჩვენს ოჯახში. ხათუნას ძალიან დიდი ეჩვენებოდა და უყურებდა, როგორც თავისზე ძალიან უფროს კაცს. დათო მასზე 9 წლით უფროსია. ხათუნა ჩემთან ყველაფერს ლაპარაკობდა, მისი ყოველი ნაბიჯი ვიცოდი, ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა.
ხათუნა კოტრიკაძე და დავით გოგია
ვიცოდი, რომ მოსწონდა დათო, იმიტომ, რომ დათო ჩამოყალიბებული კაცი იყო. თავისი ტოლი ბიჭები მაინცდამაინც არ მოსწონდა. თვითონაც ყოველთვის სერიოზული გოგო იყო.

ხათუნას ჩემთვის არასოდეს შეუქმნია პრობლემა ცხოვრებაში, არც თავისი შვილით. მისი ბიჭი, გოგა, ჩემი გაზრდილია.

- ხათუნა თავისი ბედით კმაყოფილია?
- ცოლ-ქმარს ძალიან უყვარს ერთმანეთი. დათო ცოლს აღმერთებს, ხათუნაც - შესაბამისად. გული მწყდება, რომ ხათუნა მეცნიერებას არ გაჰყვა, ბრწყინვალე ბიოლოგია. ბავშვობიდან უნდოდა და აინტერესებდა ეს დარგი.
დავით გოგია
უყვარს ოჯახი და ოჯახშიც შემოქმედია. უდიდესი გავლენა აქვს ქმარზე, შვილზე, შეხმატკბილებულად ცხოვრობენ.

- რამდენად გამოხატავდა დათო თავის ეჭვიანობას?
- ქუჩაში მთელი ხალხი ხათუნას უყურებდა. დათოს ვატყობდი, რომ ნერვები ეშლებოდა. კი არ ემჩნეოდა, მაგრამ რა გამომეპარებოდა?

- რელიგიით მისი გატაცება რამ განაპირობა?
- ოჯახში ორთოდოქსი ქრისტიანები არ ვიყავით. მგონი, ეს ზვიად გამსახურდიამ და ეროვნულმა მოძრაობამ გამოიწვია, თუმცა ხათუნა მას პირადად არ იცნობდა. როცა რამეს სწავლობდა, მერე ენციკლოპედიაში ეძებდა, რომ გაეანალიზებინა. რელიგიასაც ასევე მიუდგა, უამრავ ლიტერატურას კითხულობს, რელიგიური გაზეთები აქვს გამოწერილი. გონებით ყველაფერს სწვდება.
ინსტიტუტი რომ დაამთავრა, კათედრაზე დატოვეს. როდესაც ცხოველებზე ოპერაციას აკეთებდა, სამედიცინო ინსტიტუტიდან ვიღაც კაცი დაესწრო, რომელმაც უთხრა, ხათუნა, შენ ქირურგად ხარ დაბადებული, დაანებე ამას თავი და წამოდი ჩვენთან, სამედიცინოშიო. არ ქნა, არადა ისეთ დიაგნოზებს სვამს, გადაგრევთ! წყარო

თემო
31 მაისი 2020 20:24
ორივენი უაღრედად დადებითი პიროვნება არის.დათო კარგი სპორტსმენი,მაგრამ კიდე უფრო უკეთესი ადამიანია( ობხსს-ში მუშაობამაც კი არ გააფუჭა) წესიერი ხალხია.
დიდი სიმპატიებითა და საუკეთესო სურვილებით
თემური
06 მაისი 2020 07:59
რა გასაკვირია, ჩვენ ხომ აზიატები ვართ! ფაქტია რომ ქართულმა კინომ ბევრი დაკარგა! ამ გამორჩეული გარეგნობის, საყვარელ გოგოს ბევრი კარგი სახის შექმნა შეეძლო! უფალმა დალოცოს, უზომოდ მიყვარს!!!
ელგუჯააა
04 მაისი 2020 09:29
მოვკვდი სიცილი

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები