ბევრ ქალს მოსწონდა ეროსი, ბევრიც ეტრფოდა... - ქალი, რომელიც ეროსი მანჯგალაძეს მთელი სიცოცხლე უყვარდა - კვირის პალიტრა

ბევრ ქალს მოსწონდა ეროსი, ბევრიც ეტრფოდა... - ქალი, რომელიც ეროსი მანჯგალაძეს მთელი სიცოცხლე უყვარდა

არიან წყვილები, რომელთა ურთიერთობაც, მიუხედავად მათი დაშორებისა, რომანტიკულად რჩება ხალხის მეხსიერებაში. ასე ალბათ იმიტომ ხდება, რომ ისინი ცალ-ცალკეც საკმაოდ ცნობილნი და არაორდინარულები იყვნენ, ერთად ყოფნისას კი, გამორჩეული და ლამაზი გრძნობით იცხოვრეს. რა მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენ ხანს იყვნენ ერთად - ერთი კვირა, ორი, ხუთი თუ ოცი წელი... ზოგჯერ მთელს ცხოვრებას გადაწონის სიყვარულითა და ლამაზი წუთებით აღსავსე რამდენიმე დღე.

ქართველ ხალხს ეროსი მანჯგალაძე ძალიან უყვარდა და დღემდე ისე იგონებს, როგორც ცოცხალს. აღნაგობით გოლიათს სულიც ბუმბერაზი ჰქონდა... არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც, თუნდაც უნებურად წამოსცდენოდეს მასზე აუგი.

თეატრი მაყურებლისთვის ყოველთვის მიმზიდველი და საინტერესოა, მაგრამ ბევრს ვერც წარმოუდგენია, რამდენ ინტრიგას, დაპირისპირებასა და კონფლიქტს იტევს იგი. იქ, ამ ერთი შეხედვით ჯადოსნურ სამყაროში, უცხო ხილი სულაც არ გახლავთ ერთმანეთის შური და შუღლი. არ ვიცი, მას ალბათ მოშურნეც ჰყავდა (ის ხომ შეუდარებელი იყო!), ფაქტია, რომ უსიამოვნებაც არ მოჰკლებია. ბავშვურად მიამიტი ეროსი ათასნაირ მითქმა-მოთქმაშიც გაჰხვიეს, გულიც მრავალჯერ ატკინეს, მაგრამ ხმამაღლა არასოდეს უთქვამს ვინმეზე საყვედური.

მსახიობებს, ინტერვიუს ჩაწერის დროს, როცა თეატრალური წარსული ან გადასაღები მოედანი გაუხსენებიათ და ეროსზეც ჩამოვარდნილა საუბარი - ყველას მაშინვე გაბრწყინებია სახე. ძნელია ეროსი ახსენო და სიკეთით არ აღივსო. ის ხომ დიდ მსახიობთან ერთად დიდი ადამიანიც იყო! მასზე ბევრ კურიოზს ყვებიან, ათას რამეს იხსენებენ, მაგრამ როცა ეროსის პირად ცხოვრებაზე მიდგება საქმე, ახლობლების ვიწრო წრე დუმილს ამჯობინებს. ეროსს არ უყვარდა საკუთარ ტკივილზე სახალხოდ ლაპარაკი, მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ ამოთქვეს ახლობლებმა რაღაცები: რუსთაველიდან დიდი ტკივილით წამოვიდაო... მის ნიჭს სათანადოდ ვერ, ან არ აფასებდნენო... რომ არა წყენა და ნერვიულობა, კიდევ კარგა ხანს იცოცხლებდა და გაახარებდა მაყურებელსო... ალბათ, ასეცაა, მაგრამ ამჯერად მისი შემოქმედებითი ცხოვრება კი არა, სიყვარული მინდა გავიხსენო, რომელმაც მსახიობის ცხოვრებაში ისეთი ღრმა კვალი დატოვა, მეორედ აღარც უფიქრია დაოჯახებაზე.

ბუნებით მორცხვი გახლდათ. უკვე ცნობილი მსახიობისთვის ყურადღება ჩვეულებრივი რამ უნდა ყოფილიყო და მაინც, ქუჩაში გასულს, ხალხი რომ ღიმილით აცქერდებოდა და ესალმებოდა, ყურებამდე წითლდებოდა, თავს ჩაღუნავდა და ერთი სული ჰქონდა, როდის გაეცლებოდა იქაურობას. როგორ არ უხაროდა სითბო და სიყვარული, რასაც ხალხისგან გრძნობდა, მაგრამ სიმორცხვე და რიდი ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი.

ეროსიმ ელენე (ლენა) ყიფშიძე თეტრალურ ინსტიტუტში გაიცნო. სტუდენტები იყვნენ, ოცნებებით აღსავსენი. ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ინსტიტუტში მათი რომანის შესახებ ყველამ იცოდა, მაგრამ სახელგანთქმულმა გიორგი ტოვსტონოგოვმა მაინც არ დაიხია უკან, დარწმუნებული იყო თავის წარმატებაში და მომხიბვლელ ელენეს არშიყობა დაუწყო. ეროსმა ეს გაიგო, "ზედმეტი მესამე" "გვერდზე" გაიყვანა და გვარიანად ჟეჟა მეტოქე.

შემდეგ შეყვარებულები დაქორწინდნენ. დიდი დრო არც იყო გასული და ხმა გავარდა - ლენა და ეროსი გაიყარნენო. ეს ყველასთვის წარმოუდგენელი რამ გახლდათ. ისინი ხომ ერთმანეთის გარეშე ვერ სძლებდნენ. ეროსი დუმდა. არც მუდამ ხალისიანი ლენა სიტყვაუხვობდა. თითქოს ორივემ ერთდროულად ტაბუ დაადო ამ ურთიერთობას. რამდენიმე წლის შემდეგ ლენამ ბავშვი გააჩინა და ესეც კარგა ხანს გასაიდუმლოებული იყო ბევრისთვის - ვინ იყო ზურას მამა, რადგან ლენამ დაბადებისთანავე თავისი გვარი მისცა შვილს. სწორედ ზურას დაბადებას მოყვა ის მითი, რომელიც კარგა ხანს სჯეროდა ხალხს - ეს ეროსის შვილიაო. ზურა პატარაობიდანვე სულ ქალების გარემოცვაში იყო: დედა, ბებია და დეიდები გარს ეხვეოდნენ. ისინი მამას არ ახსენებდნენ და არც ზურა კითხულობდა მამის შესახებ, უზრუნველი და ბედნიერი ცხოვრება ჰქონდა, რასაც მოისურვებდა, უმალ ყველაფერი უსრულდებოდა. მაგრამ მოვიდა გარდატეხის "სახიფათო" პერიოდი და ზურას აქა-იქ "რაღაც-რაღაცები" ჩააწვეთეს. მაშინ ეროსის სახელი ქუხდა. ერთ ზაფხულს დეიდებმა 14 წლის ზურა სოფელში წაიყვანეს დასასვენებლად. ერთ-ერთმა, მათ ოჯახთან დაახლოებულმა პირმა დანარჩენებს მიმართა - გაიცანით, ეს ეროსის ბიჭიაო!.. და აქ ლამის ტანზე შემოიხია "ეროსის ბიჭმა" ყველაფერი, დეიდებს მივარდა, - გამაგებინეთ ბოლოს და ბოლოს, ვისი შვილი ვარ, ვინაა მამაჩემი და რას წარმოადგენსო?! სწორედ მაშინ გაიგო ზურამ სიმართლე, რომ მისი მამა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ავთო ვერულეიშვილი ყოფილა. მან მამასთან ურთიერთობა დაიწყო და კაციც სულ ებოდიშებოდა, - არ ვიცოდი, ჩემი თუ იყავი, თორემ პატარაობიდანვე მოგაქცევდი ყურადღებასო.

გადიოდა დრო და ეროსის გაცნობის სურვილიც თანდათან უძლიერდებოდა ბიჭს. ზურას ძალიან უნდოდა დაახლოვებოდა სახელგანთქმულ მსახიობს, აინტერესებდა - ნეტავ, როგორი იყო ის კაცი სინამდვილეში, რომელსაც დედამისი უსაზღვროდ უყვარდა?.. ისინი კინომსახიობთა თეატრში დამეგობრდნენ. ეროსი უკვე წამოსული იყო "რუსთაველიდან". დიდმა მაესტრო მიხეილ თუმანიშვილმა ძველებთან ერთად ნიჭიერი ახალგაზრდებიც შემოიკრიბა. ეროსი ყველას მიმართ გამოხატავდა სითბოს და ყურადღებას, მისი გული ხომ ბევრი ადამიანის სიყვარულს იტევდა, მაგრამ იმ "საოცარი და მუდამ სანატრელი" ქალის შვილი მისთვის მაინც განსაკუთრებული იყო. მოგვიანებით ზურამ თქვა, - ეროსმა ბევრი რამ მასწავლა, არა მხოლოდ, როგორც მსახიობს, არამედ, როგორც კაცსო.

ეროსის უმცროსი მეგობარი, მსახიობი სოსო ლაღიძე კი დღემდე სევდიანად იხსენებს მისთვის სათაყვანებელ ადამიანს, რომელთანაც ბოლო წლებში ცხოვრობდა: დავსხდებოდით, ერთ-ორ ჭიქას დავლევდით, ხან რას გავიხსენებდით, ხან - რას. ბოლოს, სიყვარულსაც მივწვდებოდით. იმ წუთებში ეროსს სულ სხვანაირი, შეყვარებული ჭაბუკის თვალები გაუხდებოდა და იტყოდა, - ლენა ჩემი დიდი სიყვარულია დღემდეო. არადა, ბევრ ქალს მოსწონდა ეროსი, ბევრიც ეტრფოდა...

ამბობენ, რომ ეროსის სიკვდილი ელენე ყიფშიძემ ძალიან განიცადა. კარგა ხანს სახლიდან არ გამოსულაო... ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ მთავარი და უტყუარი ისაა, რომ მთელი სიცოცხლე ეროსმა ვერ შეძლო სხვა ქალთან ცხოვრების ხელახლა დაწყება, ვერ შეელია თავის ლენას და ბოლომდე მისი ერთგული დარჩა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: ეროსი მანჯგალაძის "დამატებითი ქორწილი", ანუ ორი ტაიმისაგან შემდგარმა შეხვედრამ როგორ ვერ გამოავლინა გამარჯვებული თამადა

მარინა ბაბუნაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)