ხელისუფლებამ დღემდე ვერაფერი მოუხერხა პარტიზანულ დაჯგუფებებს - მსოფლიოს "უჩინარი ფრონტები" - კვირის პალიტრა

ხელისუფლებამ დღემდე ვერაფერი მოუხერხა პარტიზანულ დაჯგუფებებს - მსოფლიოს "უჩინარი ფრონტები"

თანამედროვე მსოფლიო სტაბილური მდგომარეობითა და სიმშვიდით ვერ დაიკვეხნის. პლანეტის არაერთ ქვეყანაში სიწყნარე არ სუფევს და მას დასასრული არ უჩანს.

სამხედრო კონფლიქტებს ორ ნაწილად დავყოფდი - შეიარაღებული დაპირისპირებები, რომელთა შესახებაც ყველამ კარგად ვიცით და ე.წ. უჩინარი ფრონტები, რომლებიც არაერთ ქვეყანაში მიმდინარეობს და რომელთა შესახებაც ნაკლები ინფორმაცია მოგვეპოვება.

სირია, ერაყი, ავღანეთი, უკრაინის თვითგამოცხადებული დამოუკიდებელი რესპუბლიკები, იგივე მთიანი ყარაბახი. ეს რეგიონები ცეცხლის კვამლშია გახვეული და საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. სამაგიეროდ, ცოტა ხნის წინ, ბირმაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები, რომელმაც ამ ქვეყანაში მოსახლე მუსულმანების საცხოვრებელი ადგილებიდან იძულებითი აყრა გამოიწვია, მსოფლიოსთვის მოულოდნელი ამბავი აღმოჩნდა.

ცოტა ხნის წინ ამერიკულმა გამოცემა Foreign Policy-მ თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე ცეცხლოვანი ადგილების ჩამონათვალი გამოაქვეყნა. ამ ქვეყნებში სიმშვიდე ჯერ არ სუფევს და დაპირისპირებულ მხარეთა შორის სამხედრო მოქმედებებს ბოლო არ უჩანს. გთავაზობთ, შედარებით ნაკლებად ცნობილ, კონფლიქტურ რეგიონებს.

ანგოლა

მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში სამოქალაქო ომი ჯერ კიდევ 1991 წელს დასრულდა, საბოლოო მშვიდობა ჯერ დამყარებული არ არის. ქვეყანაში დროდადრო სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფებების გამოსვლები ფიქსირდება, რომლებიც ანგოლაში საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებისათვის იბრძვიან.

ბურუნდი

ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ბოლო არ უჩანს რელიგიურ ნიადაგზე მიმდინარე სამხედრო შეტაკებებს.

ლიბერია

ქვეყანაში გრძელდება ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი სამოქალაქო ომი.

მოზამბიკი

სახელისუფლებო ძალებსა და ოპოზიციურ სამხედრო დაჯგუფებებს შორის ზავი კი მოქმედებს, მაგრამ სამხედრო დაპირისპირებები მაინც იჩენს ხოლმე თავს.

მაროკო

გრძელდება სამხედრო მოქმედებები სახელმწიფო შეიარაღებულ ძალებსა და დასავლეთ საჰარის "მოჯანყე" რეგიონებს შორის.

სუდანი

ბოლო არ უჩანს სამხედრო კონფლიქტს მუსლიმანურ ჩრდილოეთ რეგიონსა (ოფიციალური ხელისუფლება) და ქრისტიანულ სამხრეთს (ოპოზიცია) შორის.

უგანდა

რამდენიმეწლიანი სამოქალაქო ომის დასრულების მიუხედავად, ჯერ კიდევ გრძელდება სამხედრო შეტაკებები სახელისუფლებო და ოპოზიციურ ძალებს შორის.

ჩადი

გრძელდება ეთნიკურ-რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილი დაპირისპირება მუსლიმანურ ჩრდილოეთსა და ქრისტიანულ სამხრეთს შორის.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

ჯერ კიდევ არ უჩანს დასასრული სამხედრო კონფლიქტს სახელმწიფოს ოფიციალურ შეიარაღებულ ძალებსა და ოპოზიციურ სამხედრო შენაერთებს შორის.

აზიის რეგიონში განსაკუთრებით საშიში მდგომარეობა ინდოეთსა და ბირმაშია.

ინდოეთში უკვე წლებია ვერ მყარდება საბოლოო მშვიდობა აღმოსავლეთ ბენგალიაში, პენჯაბის მხარესა და კაშმირის რეგიონში.

ბირმაში ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედი 28 აჯანყებული სამხედრო ფორმირებაა. სამხედრო დაპირისპირების ძირითადი კერა ტაილანდის, ჩინეთისა და ინდოეთის საზღვრებთან არის.

დღემდე ვერ დამყარდა მშვიდობა ბანგლადეშშიც, სადაც ამ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში "ოპოზიციური" სამხედრო ფორმირებები მოქმედებენ.

სამხრეთ ამერიკაში განსაკუთრებული არასტაბილურობით ნიკარაგუა და პერუ გამოირჩევიან.

ნიკარაგუაში მოჩვენებითი სიმშვიდეა, რადგან ნებისმიერ დროს მოსალოდნელია სანდინისტებსა და ე.წ. კონტრასებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების განახლება.

პერუში ოფიციალურმა ხელისუფლებამ დღემდე ვერაფერი მოუხერხა პარტიზანულ მოძრაობა "სენდერო ლუმინოსოს" შეიარაღებულ დაჯგუფებებს.

"მოჯანყეები" ქვეყნის ტერიტორიის სამ მეხუთედს აკონტროლებენ.

იხილეთ ასევე: "გვირჩევნია აქვე დაგვხოცოთ, წამებას მაინც გადავრჩებით" - მუსლიმთა სასაკლაო მიანმარში

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)