The Independent: "პუტინი, რომელსაც აშკარად სძულს პოროშენკოც და სააკაშვილიც, პროცესებს თვალს სიამოვნებით ადევნებს" - კვირის პალიტრა

The Independent: "პუტინი, რომელსაც აშკარად სძულს პოროშენკოც და სააკაშვილიც, პროცესებს თვალს სიამოვნებით ადევნებს"

"მიხეილ სააკაშვილის ეპოქის "მზის ჩასვენება" სწორედ მაშინ დაიწყო, როცა მან ცხრა წლის წინ საბედისწერო ნაბიჯი გადადგა და თავისი მოქმედებით რუსეთი ომში გამოიწვია"

"რუსები უკრაინის საზღვართან მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებენ. პეტრო პოროშენკომ კიევში მიწვეულ უცხოელ პოლიტიკოსებს აცნობა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს. ამ დროს კი, ქვეყნის ზურგში მართლაც მოხდა საინტერესო და ექსტრაორდინალური შეჭრა", - აღნიშნულია The Independent-ის სტატიის დასაწყისში, რომელშიც უკრაინაში ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებზეა საუბარი. (ავტორი - კიმ სენგუპტა).

როგორც ბრიტანული გამოცემა წერს: "მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც თავის დროზე მშობლიური საქართველოდან მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამო გაიქცა, თავი დასავლეთ უკრაინას შეაფარა. საქართველოს ექს-პრეზიდენტი ქალაქ ლვოვში პოლონეთიდან გადმოვიდა და საზღვარი დაარღვია. ახლა ყოფილი ქართველი პრეზიდენტი უკრაინელ მოქმედ პრეზიდენტს კიევზე ლაშქრობით ემუქრება. თუმცა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტობა სურს, ჯერ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში ამ დღეებში ჩავალო, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და თქვა - ჯერ ქვეყანას მოვივლი, მოსახლეობას შევხვდები, კიევი მაინც ვერსად წამივა, იქ მომავალ თვეში წავალო.

უკრაინის პოლიტიკისათვის, სადაც სიტუაცია რევოლუციიდან 4 წლის შემდეგაც კი ქაოსურად ვითარდება, მიხეილ სააკაშვილის გეგმები ისტორიის მორიგ სიურპრიზს წარმოადგენს - ქვეყანაში, სადაც კორუფცია ჯერ კიდევ პოპულარულია, რაც არ უნდა გაგვიკვირდეს".

პუბლიკაციის ავტორი კიმ სენგუპტა, პოროშენკო-სააკაშვილის ურთიერთობას იხსენებს: "მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ოდესღაც დასავლეთის საყვარელი ბიჭი იყო, პეტრო პოროშენკოსათვის მნიშვნელოვანი მოკავშირის როლს ასრულებდა. პეტრომ თავის მეგობარს თანამდებობა მისცა და სთხოვა, ოდესის ოლქში გამეფებული კორუფცია აღმოეფხვრა. მიხეილ სააკაშვილმა სწრაფად გაიჩინა მტრები, განსაკუთრებით კი შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის სახით, რომელიც უკრაინაში გავლენიანი პიროვნებაა. მათ შორის საჯარო შეხლა-შემოხლაც კი მოხდა. შემდეგ მიხეილ სააკაშვილი თავის უფროსს - პეტრო პოროშენკოსაც დაუპირისპირდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა პოროშენკოს ხალხმა სააკაშვილის ხალხის შემოწმება დაიწყო. საქართველოს ექს-პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა და თავის ყოფილ მეგობარს კრიტიკა დაუწყო - განსაკუთრებით უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ. აბა რა, პრეზიდენტმა ხომ ქართველი ექს-კოლეგა უსამშობლო პირად აქცია, თან იმ დროს, როცა მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ იმყოფებოდა. მაგრამ ყველასათვის გასაკვირად და მოულოდნელად, ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინაში დაბრუნება მაინც მოახერხა, ცხადია, მხარდამჭრების დახმარებით".

გამოცემა აღნიშნავს, რომ სამთავრობო ჩინოვნიკებს ადრე არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა, ანუ მის დაპატიმრებას და საქართველოსთვის გადაცემას. მაგრამ ორი დღის წინ, უკრაინის გენპროკურორმა იური ლუცენკომ (რომელიც, სხვათა შორის, თვითონაც იჯდა ციხეში სახელმწიფო ბიუჯეტის დატაცებისა და სამსახურებრივი უფლებების ბოროტად გამოყენების გამო) ყველას "წყალი გადაასხა" და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს არანაირ ბრალს არ წაუყენებენ და საქართველოში მისი ექსტრადირებაც არ მოხდება: "ისეთი დოკუმენტები წარმოადგინა, რომ მას საქართველოს ვერ გადავცემთ". მაინც რა საბუთები აქვს მიხეილ სააკაშვილს, გენპროკურორმა არ გაამხილა, თუმცა აშკარაა, რომ ხელისუფლება მას ესოდენ საჭირო იმუნიტეტს აძლევს.

"პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ამჟამად ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე იმყოფება. რასაკვირველია, იგი სიტყვით გამოსვლისას რუსეთს ლანძღვას დაუწყებს და აშშ-ის პრეზიდენტს შემტევითი იარაღის მიწოდებას სთხოვს. გავიხსენოთ: მიხეილ სააკაშვილის ეპოქის "მზის ჩასვენება" სწორედ მაშინ დაიწყო, როცა მან ცხრა წლის წინ საბედისწერო ნაბიჯი გადადგა და თავისი მოქმედებით რუსეთი ომში გამოიწვია. ვლადიმერ პუტინი, რომელსაც აშკარად სძულს ორივე - პეტრო პოროშენკოც და მიხეილ სააკაშვილიც, უკრაინაში მიმდინარე პროცესებს, უეჭველია, თვალს სიამოვნებით ადევნებს", - წერია პუბლიკაციაში. (წყარო)

იხილეთ ასევე: რატომ "დასცხეს" ერთმანეთს ბრიუსელში სააკაშვილმა და კეზერაშვილმა?!

თარგმნა სიმონ კილაძემ