"მე ის მიყვარს, როგორც კაცს შეიძლება უყვარდეს კაცი" - პუტინის "ჯარისკაცის" სკანდალური ცხოვრება
"მე ის მიყვარს, როგორც კაცს შეიძლება უყვარდეს კაცი" - პუტინის "ჯარისკაცის" სკანდალური ცხოვრება
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი სასანქციო "მაგნიტსკის სიაში" შეიყვანა.

ცნობისთვის, "მაგნიტსკის კანონი" ამერიკაში 2012 წელს მიიღეს. ეს გახლდათ ამერიკის რეაქცია საკონსულტაციო კომპანია Firestone Duncan-ის რუსი აუდიტორის, სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებაზე, რომელმაც გამოაქვეყნა სქემა, თუ როგორ ხდებოდა რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების დატაცება. სასანქციო ჩამონათვალში მოხვედრილ პირებს ეკრძალებათ ამერიკაში ჩასვლა და მათი აქტივები ამ ქვეყნის ტერიტორიაზე იყინება.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ქსელებში მეტად აქტიურ კადიროვს "ფეისბუკისა" და "ინსტაგრამის"
გვერდები დაებლოკა.

თავად კადიროვის განცხადებით, სოციალურ ქსელში გვერდები აშშ-ის მიერ მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ დაებლოკა.

"ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის წინ მინდოდა ამ გვერდების გაუქმება. მაგრამ ვფიქრობდი, რომ მეგობრებისა და ჩემი გამომწერების წინაშე უხერხული იქნებოდა, რადგან "ინსტაგრამსა" და "ფეისბუკში" 4 მილიონზე მეტი გამომწერი მყავს", -
განაცხადა კადიროვმა

პუტინთან დაახლოებულ ამ სკანდალურ პოლიტიკოსს, საკუთარ რესპუბლიკაში მოსახლეობის ერთი ნაწილი დიქტატორად მიიჩნევს, მეორე ნაწილი კი მას წარმატებულ მმართველად ასახელებს.

ფოტოგალერეა

კადიროვი ჩეჩნეთის მმართველის თანამდებობაზე მამის, ახმად კადიროვის გარდაცვალების შემდეგ ვლადიმირ პუტინმა დანიშნა. სწორედ რუსეთის პრეზიდენტმა შესთავაზა აღნიშნული კანდიდატურა ჩეჩნეთის პარლამენტს.
41 წლის კადიროვი ყოველთვის ავლენდა თავის დადებით დამოკიდებულებას რუსეთის პირველი პირის მიმართ. ჟურნალ Newsweek-თან კადიროვი ამბობს: "მინდა, რომ პუტინი სიცოცხლის ბოლომდე პრეზიდენტი იყოს. მე ის მიყვარს, როგორც კაცს შეიძლება უყვარდეს კაცი. ისინი, ვინც მას აკრიტიკებენ, ჩემი პირადი მტრები არიან. სანამ პუტინი მხარს მიჭერს, ყველაფრის გაკეთება შემიძლია". მოგვიანებით კადიროვმა საკუთარ თავს პუტინის "ჯარისკაცი" უწოდა და განმარტა, რომ რუსეთის პრეზიდენტის შენიშვნები მისთვის კანონია.

კადიროვი ხშირად გამოხატავს თავის დამოკიდებულებას საბჭოთა ლიდერების - იოსებ სტალინისა და ნიკიტა ხრუშოვის მიმართ.
"იოსებ სტალინმა ჩეჩენი და სხვა ეროვნების ხალხი უფსკრულის პირას მიიყვანა. დაე, სამუდამოდ დაწყევლილი იყოს. ნიკიტა ხრუშოვმა კი სამართლიანობა აღადგინა და ჩეჩნები სამშობლოში დააბრუნა", - დაწერა კადიროვმა "ინტსაგრამში".
კადიროვს ხანგრძლივი კონფლიქტი აქვს ვლადიმირ ჟირინოვსკისთან. ორი ოდიოზური პოლიტიკოსი ერთმანეთს სიტყვა-პასუხს არ აკლებს. ერთ-ერთი დიალოგის დროს, კადიროვმა ჟირინოვსკის "კლოუნი" უწოდა, რომელიც პარტიიდან უნდა გარიცხონ, ხოლო ჟირინოვსის თქმით, ჩეჩნეთი რუსეთის დანარჩენი ნაწილებისგან მავხთულხლართებით უნდა დაბლოკონ.

კონფლიქტი ემელიანენკოსთან

2016 წელს Grand Prix Akhmat ტურნირის ირგვლივ ატყდა სკანდალი, რომელთან დაკავშირებულები არიან კადიროვის ვაჟიშვილები და რომელიც "ბავშვების ბრძოლად" მონათლეს.

ღონისძიების დროს უნდა გამართულიყო დადგმული, დემონსტრაციული გამოსვლა, სადაც მონაწილეობა მიიღო კადიროვის სამმა ვაჟმა. თუმცა დადგმის ნაცვლად, მოედანზე ნამდვილი ბრძოლა გაიმართა. ამით დაირღვა კონკურსის წესები, რომლის მიხედვითაც, შერეული საბრძოლო ხელოვნების ტურნირებში 12 წლამდე ასაკის ბავშვები საერთოდ არ უნდა ყოფილიყვნენ დაშვებული, კადიროვის სამივე ბიჭი კი 12 წელს არ იყო მიღწეული. ამას გარდა, ბიჭები არ იყვნენ სპეციალური ტექნიკით აღჭურვილები, რაც აუცილებელია კონკურსის 21 წლამდე მონაწილეებისთვის.

ამ ყველაფერზე ხმამაღლა ილაპარაკა რუსეთის შერეული საბრძოლო ხელოვნების კავშირის პრეზიდენტმა ფიოდორ ემელიანენკომ. ის გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ბავშვების ბრძოლას მთელი რესპუბლიკის ელიტამ უყურა პირდაპირ ეთერში და ხელის შესაშლელად არაფერი მოიმოქმედეს. ემელიანენკოს აზრით, მომხდარი მიუღებელი იყო და ეწინააღმდეგებოდა ბავშვთა ზრუნვის პრინციპებს.

კადიროვმა "ინსტაგრამში" "უსახლკარო რუსი მებრძოლების საჯარო კრიტიკას" უპასუხა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ თავისმა შვილებმა სხვა ბავშვებს სცემეს გასაკვირი არ იყო, ამ ქმედებას კადიროვმა პატრიოტული განათლება უწოდა.

კადიროვის ამ განცხადების შემდეგ, ჩეჩნური ელიტის წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელებში სპორტსმენების კრიტიკა დაიწყეს. სკანდალი კრემლამდეც მივიდა. მართალია ოფიციალურმა შემოწმებამ დარღვევები არ გამოავლინა, თუმცა ამბობდნენ, რომ პუტინმა ემელიანენკოს მხარე დაიჭირა, რაზეც მიუთითა იმ ფაქტმა, რომ შეურაცმხყოფელი პოსტები სოციალური ქსელებიდან გაქრა, კადიროვმა კი სპორტსმენებს ბოდიში მოუხადა.

პირადი ცხოვრება

მუსლიმი რამზან კადიროვი ჩეჩნეთში ტრადიციების მხარდამჭერია, დღესასწაულებზე კი სხვადასხვა ისტორიულ ტანისამოსში გამოწყობილი ჩნდება ხოლმე. მას უყვარს ცხენზე ჯირითი, რამაც ინტერნეტში ერთხელ საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია. გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს კადიროვი ცხენიდან გადმოვარდა და კისერი მოიტეხა, ამ უკანასკნელმა ჭორები უმალ გაფანტა.

კადროვის პირადი ცხოვრება კარიერასავით წარმატებულია. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში რამზანმა გაიცნო გოგონა თავისი სოფლიდან, რომელზეც 2004 წელს იქორწნია. მენდი მუსაევნა -კადიროვა ჩეჩნეთის პირველი ლედი საოჯახო და საქველმოქმედო საქმიანობაშია ჩართული.

რამდენიმე წლის წინ, ჩეჩნეთის პირველი ლედი მოდის სფეროში გაერია და საკუთარი ბრენდი "ფირდაუს" შექმნა. აღნიშნული ჩეჩნური ტანსაცმლის პირველი ეროვნული ბრენდი გახდა და ამავე სახელწოდების მოდის სახლიც გაიხსნა.

რამზან კადიროვის მეუღლე მშვიდად იღებს იმ ფაქტს, რომ შესაძლოა მისი ქმარი კიდევ რამდენჯერმე დაქორწინდეს, რადგან შარიათის კანონების მიხედვით კავკასიელს შესაძლოა ჰყავდეს ოთხი ცოლი, თუმცა პირველი ცოლის ნებართვით. ჩეჩნეთის ლიდერმა ამ თემაზე არაერთხელ განაცხადა, რომ მისი მეორე მეუღლე შეიძლება გახდეს პირველი ცოლივით ლამაზი ქალი, რომელსაც თავისი ცოლ-ქმრული ცხოვრების განმავლობაში ჯერ არ შეხვედრია.

ამას გარდა, მედიამ არაერთხელ მიაწერა ჩეჩნეთის ლიდერს სხვადასხვა ცნობილ ლამაზმანებთან რომანი. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი, კადიროვის არაოფიციალური ცხოვრების შესახებ იყო ქსენია საბჩაკის სკანდალური განცხადება, რომ თითქოს კადიროვი და თინა კანდელაკი ერთად ისვენებენ ხოლმე და მათი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტია. ამ განცხადების საპასუხოდ კადიროვმა თქვა, რომ ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები მის მეუღლეს შეურაცხყოფდა.

კადიროვის შვილები
კადიროვის ოჯახში 10 ბავშვია - 6 გოგონა და 4 ბიჭი. მათგან ორი ძმა კადიროვების ოჯახმა 2007 წელს იშვილა. ოჯახში ბოლო შვილი 2015 წელს დაიბადა. როგორც ჩანს, არც კადიროვი და არ მისი მეუღლე გაჩერებას არ აპირებენ. ბევრი ამას ტრადიციას მიაწერს. როგორც კადიროვი ამბობს, იმდენი ბავშვი უნდა გყავდეს, რამდენიც გაჩნდება.
ამ ცოტა ხნის წინ, კადიროვის შვილმა აიშატმა ქალის ეროტიკული თეთრეულის და აქსესუარების მაღაზია გახსნა.

მაღაზიის მფლობელი აიშატ კადიროვა 18 წლისაა. მაღაზიას "ინსტაგრამზე" დახურული ანგარიში აქვს, ბუტიკში ცნობილი ამერიკული და ევროპული ბრენდების თეთრეული იყიდება.
კადიროვი არაერთხელ გამოვიდა საჯაროდ სკოლებში სექსუალური განათლების წინააღმდეგ. აცხადებს, რომ აუცილებელია ქალები თავშეკავებულად იქცეოდნენ საზოგადოებაში. 2011 წელს მან "კომსომოლსკაია პრავდასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ თამამად ჩაცმული ქალები ჯოჯოხეთში მოხვდებიან.

კადიროვის ინტერესები
კადიროვი კრივის მოყვარულია. ის დიდ ყურადღებას აქცევს ჩეჩნეთში კრივის ფედერაციას. 2016 წლის დეკემბერში კადიროვმა "ინსტაგრამში" დაწერა, რომ საავადმყოფოში რინგზე მიღებული დაზიანებების შედეგად მოხვდა.

ჩეჩნეთის პირველი პირის ინტერესებში დიდი ადგილი უკავია ცხენებსა და დოღს. ის დაახლოებით 50-მდე ცხენს ფლობს.

2004 წლიდან 2012 წლამდე კადიროვი იყო საფეხბურთო კლუბ "ტერეკის" პრეზიდენტი, 2012 წელს მისი საპატიო პრეზიდენტი გახდა.

სოციალური ქსელის დაბლოკვამდე კადიროვი აქტიური იყო "ინსტაგრამში". ის დებდა ფოტოებს მოგზაურობიდან, ცნობილ ადამიანებთან, თავისი საყვარელი ცხენების, კადიროვი ხშირად აკეთებს კომენტარებს რუსეთის, უკრაინისა და საერთშორისო პოლიტიკურ მოვლენებზე.
ამის მიუხედავად, კადიროვს მიაჩნია, რომ ინტერნეტის დაბლოკვა უკეთესი იქნებოდა, რათა ახალგაზრდები არ ჩერთნენ ვაჰაბიტურ საქმიანოაბში.


მეგობრობა ტიმათისთან
კადიროვი განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩევა ოჯახისა და მეგობრების მიმართ. ერთ-ერთი ასეთი რუსი მომღერალი ტიმატია, რომელსაც კადიროვმა ძმა უწოდა.
კადიროვის ირგვლივ მუდამ კონფლიქტებია, ძირითადად პოლიტიკური. თუმცა ერთხელ ის მუსიკალურ სკანდალშიც გაეხვა. კერძოდ, 2014 წელს ტიმატიმ ასევე რუსი მომღერალი დიმა ბილანი ნარკოტიკების მოხმარებაში დაადანაშაულა. ხმაურინი სკანდალი ატყდა ტიმატის, დიმა ბილანსა და მის პროდიუსერ იანა რუდკოვსკაიას ირგვლივ.
ის გამოესარჩლა ტიმათის და სკანდალის პიკზე ჩეჩნეთის დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭა.

იხილეთ ფოტოგალერეა


იხილეთ ასევე: "კავკასიელი ფადიშაჰი" - რამზან კადიროვის სეპარატისტული ვნებები თუ უბრალოდ პოპულიზმი?!

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

რისხვა
02 იანვარი 2018 07:51
ჰმმმ ერთი შეკვრა ტანსაცმელი იყიდეს ფასდაკლებით ტყუპებივით იმიტომ ასცვიათ
დარელი
01 იანვარი 2018 16:19
თიკა კანდელაკია თუ კანდელაკი თიკა, ის თუ მართლა კადიროვთან დროსტარებაში იყო, ჯობია მან თავისივე ნებით უარი თქვას ქართველობაზე. პირადად ჩემთვის იგი ამის შემდეგ მიურებელი ქართველია
Tako
01 იანვარი 2018 12:11
Cekvavs tu mgeris suratshi?
Nu ra ubedurebaa ras gavs es oxeri?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები