ქალიშვილის საბედისწერო სტუმრობა მამასთან - "ჯაშუშური საქმის" ახალი დეტალები
ქალიშვილის საბედისწერო სტუმრობა მამასთან - "ჯაშუშური საქმის" ახალი დეტალები
ამ ფოტოზე სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია მოწამვლამდე რამდენიმე დღით ადრე არიან გადაღებული...

სასიკვდილო ნივთიერება, რომლითაც რუსეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკი მოწამლეს, სავარაუდოდ, სწორედ მისი ქალიშვილის - იულიას ჩანთაში ინახებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანულ "ტელეგრაფს" სპეცსამსახურებში გამოცემის წყაროებმა აცნობეს.


მათი მტკიცებით, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით გაჟღენთილი შესაძლოა ყოფილიყო იულიას ტანსაცმელი, მამისთვის განკუთვნილი საჩუქრები ან კოსმეტიკა.

გონებადაკარგული მამა-შვილი 4 მარტს, ლონდონიდან 2 საათის მანძილზე მდებარე პატარა ქალაქ სოლსბერიში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან იპოვეს.
თავდაპირველადვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ მათ მკვლელობაში რუსეთის სპეცსამსახურების კვალი ერია, ორიოდე დღის წინ კი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთი მისი ქვეყნის ტერიტორიაზე ქიმიურ თავდასხმაში პირდაპირ დაადანაშაულა. ქვეყნებს შორის დიდი დიპლომატიური სკნადალია გაჩაღებული.

მომწამვლელი ნივთიერების ნარჩენები აღმოაჩინეს რესტორან Zizi-ში და ერთ-ერთ პაბში, იქ, სადაც სკრიპალი
შვილთან ერთად იმყოფებოდა. მათთან ერთად მოწამლულია 20-მდე ბრიტანეთის მოქლაქე, მათ შორის პოლიციელი ნიკ ბეილი, რომელმაც მოწამლულებს პირველადი დახმარება გაუწია. ის კვლავ საავადმყოფოშია, თუმცა მისი მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.

კრიტიკულ მდგომარეობაში არიან მკვლელების უშუალო სამიზნე მამა-შვილი. ბრიტანეთის შს მინისტრმა ემბერ რადმა ბრიტანეთის ტერიტორიაზე ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენებას "თავხედური და ურცხვი საქციელი" უწოდა. რადმა თქვა: "ეს თავდასხმა ყველაზე სასტიკი წესით მოხდა - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე".

ვინ არის სერგეი სკრიპალი?
სერგეი სკრიპალმა 1972 წელს, კალინინგრადში სამხედრო - საინჟინრო სასწავლებელი დაამთავრა. კალინინგრადის სასწავლებლის შემდეგ იყო კუიბიშევის სამხედრო-საინჟინრო აკადემია, რომელიც მედესანტეებს ამზადებდა. სწორედ საჰაერო-სადესანტე ჯარიდან მოხვდა სკრიპალი მთავარ სადაზვერვო სამმართველოში. როგორც სკრიპალის მეგობრები ბი-ბი-სი-ს უყვებიან, სერგეი ამაყობდა იმით, რომ შეძლო და სადაზვერვო სამმართველოში გადავიდა.

ის ესპანეთში სამხედრო ატაშეც იყო. ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ, რუსეთში ГРУ-ში გააგრძელა მუშაობა და სწორედ აქ აიწყო კარიერაც. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ის ГРУ-ს მთავარი საკადრო ხელმძღვანელიც იყო. პოლკოვნიკი სკრიპალი 1999 წლის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

"ის ძალიან პატრიოტი და კეთილმოსურნე ადამიანი იყო, მასთან ერთად დავდიოდი ყავაზეც და რესტორნებშიც. მოგეხსენებათ, ფული არასდროს არის საკმარისი, თუმცა მისი დამსახურებების გამო სკრიპალს კარგი პენსიაც ჰქონდა და უზრუნველყოფილიც იყო, რესტორანში ყოველთვის ის იხდიდა. მდიდარივით არასდროს უცხოვრია, რუსეთში ოჯახის წევრებთან ერთად 2-ოთახიან იმ ბინაში ცხოვრობდა, რომელიც სახელმწიფოსგან მიიღო, არც ძვირადღირებული მანქანით დადიოდა, ძველი "ნივა" ჰყავდა", - ასე იხსენებს სკრიპალს მისი ერთ-ერთი ნათესავი ივანოვი.

2004 წლის დეკემბერში, ბრიტანეთიდან დაბრუნების შემდეგ, სკრიპალი მოსკოვში საკუთარ სახლთან დააკავეს. როგორც ცნობილია, ის ხშირად მიემგზავრებოდა უცხოეთში, ძირითადად კი ესპანეთში და მალტაზე. დიდ ბრიტანეთში ვიზიტებზე კი არასდროს საუბრობდა. როგორც ამბობენ, მას დიდი ხნის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, რადგან რუსულ დაზვერვას ჰქონდა ეჭვი, რომ საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა, სწორედ სკრიპალის მხრიდან მოხდა. რუსული სპეცსამსახურების მტკიცებით, თვალთვალის შედეგად მათ დაადგინეს, რომ სკრიპალი ბრიტანელ დიპლომატებსა და აგენტებს საიდუმლოდ ხვდებოდა.
სერგეი სკრიპალი მოწამლვამდე რამდენიმე საათით ადრე, სათვალთვალო კამერამაც დააფიქსირა
ГРУ-ს გენერალ-მაიორის ვალერი მალევანის თქმით, ბრიტანელებმა სკრიპალის "დასავერბოვკებლად" ერთ-ერთ აპრობირებულ ხერხს მიმართეს, მათ ამისთვის ინტიმური ურთიერთობა გამოიყენეს. როგორც ამბობენ, სკრიპალი სწორედ იმ დროს "დაავერბოვკეს", როცა ის ესპანეთში ცხოვრობდა და მუშაობდა.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამმართველოს ინფორმაციით, სკრიპალმა უცხოურ სპეცსამსახურებს ევროპაში მყოფი მოქმედი რუსი აგენტების შესახებ ინფორმაცია გადასცა. რუსული მედიის მტკიცებით, მხოლოდ ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურს მან 12 რუსი აგენტის ვინაობა გაუმხილა. ის აგროვებდა სხვადასხვა ინფორმაციას გასაიდუმლოებულ ობიექტებზე და იმათზეც, ვინც ამ გასაიდუმლოებულ ობიექტებზე მუშაობდა, შემდეგ კი ინფორმაციას ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურს აწვდიდა.

სკრიპალის ოჯახის წევრებს ახლაც არ სჯერათ, რომ ის ბრიტანელებთან მუშაობდა. "სერგეი რუსეთის ყველაზე დიდი პატრიოტი იყო", - ამბობს სკრიპალის ნათესავი, თუმცა რუსული "კომერსანტის" ინფორმაციით, სკრიპალი საზღვარგარეთ არსებულ ანგარიშზე ყოველთვიურად იღებდა ფულს გასამრჯელოს სახით, რომელიც მთლიანობაში 100 ათას დოლარს შეადგენდა.

2004 წელს რუსეთში დაკავებულ სერგეი სკრიპალს ბრალი "სახელმწიფოს ღალატის" მუხლით წაუყენეს და 13 წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა სასამართლომ შემდეგ გაითვალისწინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ისიც, რომ ყოფილი რუსი აგენტი გამოძიებასთან თანამშრომლობდა. ის რუსეთის ციხეში 2017 წლამდე იქნებოდა, თუმცა 2010 წელს აშშ-ში 12 რუსი აგენტის ვინაობა გამოავლინეს და მათ სანაცვლოდ რუსეთის ღალატში დადანაშაულებული ყოფილი აგენტების გადაცემა მოითხოვეს, მათ შორის მოხვდა სკრიპალიც.

როგორც ბი-ბი-სი-სთვის გახდა ცნობილი, ბრიტანული მხარე სკრიპალის გადმოცემას დაჟინებით ითხოვდა. დიდ ბრიტანეთში ჩასვლის შემდეგ, ის დიდხანს ფიქრობდა სად დასახლებულიყო, როგორც ამბობდნენ, ლონდონს არც კი განიხილავდა, რადგან ლონდონში ცხოვრება მისთვის არ იყო უსაფრთხო, ამიტომ ის სალსბერიში დასახლდა, მალე მას მეუღლე ლიუდმილა და ორი შვილი ალექსანდრი და იულია შეუერთდნენ.

იულია ვერ შეეგუა დიდ ბრიტანეთს და მალე დაბრუნდა რუსეთში, თუმცა მამას ხშირად სტუმრობდა. სკრიპალი ბოლო პერიოდში მარტო დარჩა. 2012 წელს მას სიმსივნის დიაგნოზით მეუღლე გარდაეცვალა. 2016 წელს მისი უფროსი ძმა, 2017-ში კი ვაჟი რუსეთში მოულოდნელად დაიღუპნენ.

2018 წლის პირველ მარტს, სკრიპალები პირველად შეხვდნენ დაღუპული ვაჟის დაბადების დღეს ერთად, მამის გასამხნევებლად დიდ ბრიტანეთში იულია ჩავიდა, თუმცა რამდენიმე დღეში ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ჩემს მეგობართან ერთად ფეხით პარკს მოვუყვებოდით, ქალი შევამჩნიეთ, რომელსაც ფართოდ გახელილი და გათეთრებული თვალები ჰქონდა, მას პირიდან დუჟი გადმოსდიოდა. მის გვერდით მამაკაცმა კი შეწყვიტა მოძრაობა, გონება უკვე დაკარგული ჰქონდა... მივედი და პირი მოვუწმინდე, რადგან დიდი რაოდენობით დუჟი გადმოსდიოდა, შემდეგ ქალსაც მოვწმინდე პირი, მაგრამ იმ დროს უკვე ისიც კარგავდა გონებას. შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანაც და სამართალდამცავებიც მოვიდნენ", - ამბობს ჯეიმი პეინი, რომელმაც მოწამლული მამა-შვილი ქუჩაში ნახა. ისიც მოწამვლის დიაგნოზით სტაციონარში მოხვდა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი აცხადებს, რომ ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იმ ნივთიერებით მოწამლეს, რომელიც რუსეთში დაამზადეს.

მისი თქმით, სკრიპალის მოსაწამლად ნერვულ-პარალეპტიკური ნივთიერება გამოიყენეს, რაც ცნობილია სახელწოდებით "ნოვიჩოკ".


12 მარტს ლონდონში რუსი ბიზნესმენი და ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკის მეგობარი, ნიკოლაი გლუშკოვი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 68 წლის გლუშკოვის გვამი ოჯახის წევრებმა აღმოაჩინეს, სიკვდილის მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით როგორც გლუშკოვის მოკვლას ასევე ყოფილი რუსი აგენტის სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს რუსეთის სპეცსამსახურებს უკავშირებენ.

იხილეთ ასევე: "ცხედარს კისერზე თოკის კვალი აღენიშნება" - კიდევ ერთი რუსი ბიზნესმენის საიდუმლოებით მოცული გარდაცვალება ბრიტანეთში

მოამზადა ეკა გადახაბაძემ

გოგლა
29 მარტი 2018 14:54
სახელმწიფო მოხელე, რომელიც სამშობლოს ღალატობს, სიკვდილის ღირსია.
KGB
19 მარტი 2018 23:58
კაგებეს ვენდეტა არავის არ ასცდება :)
თამაზი
17 მარტი 2018 13:59
მიმაჩნია სწორი ა სახელმწიფოს და მეგობრების გამკიდველები სიკვდილით უნდა დაისაჯონ

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?