ბირთვული "საიდუმლო", რომელიც ყველამ იცის - რა ელის თურქეთში არსებულ ამერიკულ ბირთვულ იარაღს?
ბირთვული "საიდუმლო", რომელიც ყველამ იცის - რა ელის თურქეთში არსებულ ამერიკულ ბირთვულ იარაღს?
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველად აღიარა ოფიციალურად, რომ თურქეთში მდებარე აშშ-ის სამხედრ-საჰარეო ბაზაზე 50 ტაქტიკური მნიშვნელობის ბირთვული მუხტია განთავსებული. ვაშინგტონსა და ანაკარას შორის ურთიერთობის გამწვავების ფონზე ამ იარაღის ბედი შეიძლება მთავარი პრობლემა გახდეს.

ამერიკული პოლიტიკის ერთ-ერთი დაუწერელი კანონი დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ გასულ ოთხშაბათს დაარღვია, 16 ოქტომბერს, როცა იტალის პრეზიდენტთან - სერჯიო მატარელასთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე, უპასუხა რა ჟურნალისტების კითხვებს, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ყველასათვის მოულოდნელად აღიარა, რომ თურქეთში არსებულ ინჯირლიყის ბაზაზე,
სადაც ამერიკული და თურქული ავიაციაა ბაზირებული, ბირთვული მუხტები ნამდვილად ინახება: "საკვანძო პრობლემა იმაშია, თუ რამდენად შეინარჩუნებს ამერიკის შეერთებული შტატები ამ იარაღთან დაშვების შესაძლებლობას და მისი უსაფრთხოების გარანტიას", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღემდე აშშ-ის ოფიციალური პირები საჯაროდ არასოდეს არ უკეთებდნენ კომენტარს იმ ინფორმაციას, რომელიც აშშ-ის ფარგლებს
გარეთ არსებულ ბირთვულ იარაღს ეხებოდა და არ აღიარებდნენ, რომ ასეთი არსენალი ჯერ კიდევ არსებობს.

"დიპლომატიური მოქმედების" ბომბები

თეთრ სახლში გამართული პრეს-კონფერენციიდან რამდენიმე საათის შემდეგ ტელეარხ Fox News-ის კორესპონდენტმა ტრიშ რიგანმა თავის "ტვიტერ"-ში გამოაქვეყნა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ერდოღანისადმი დონალდ ტრამპის პირადი წერილის ასლი, რომელიც აშშ-ის ლიდერს თურქი კოლეგისადმი ჯერ კიდევ 9 ოქტომბერს გაუგზავნია. მოკლე მიმართვაში დონალდ ტრამპმა რეჯეფ ერდოღანს "კარგი გარიგების დადება" შესთავაზა:

"ნუ იქნები ხისტი და სულელი! შეგვიძლია, კარგი გარიგება დავდოთ. შენ არ გსურს ათასობით ადამიანის სისხლისღვრაზე იყო პასუხისმგებელი, ისევე როგორც მე არ მსურს, თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე ვიყო პასუხისმგებელი, მაგრამ მე ვიქნები", - წერდა დონალდ ტრამპი. მან თურქ ლიდერს მოუწოდა მოლაპარაკება დაეწყო "სირიის დემოკრატიული ძალების" წარმომადგენელთან, ქურთ გენერალთან მაზლუმ აბდისთან.
"ნუ დაიწყებ მაგარ ბიჭობას, ნუ იქნები სულელი", - ასეთი სიტყვებით დაასრულა წერილი აშშ-ის პრეზიდენტმა და იქვე დაამატა: "მოგვიანებით დაგირეკავ". (იხილეთ წერილი სრულად)

მოგვიანებით თეთრმა სახლმა წერილის ნამდვილობა ოფიციალურად დაადასტურა.

ამ კვირის დასაწყისში გაზეთმა New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ შაბათ-კვირას სახელმწიფო დეპარტამენტისა და ენერგეტიკის სამინისტროს სპეციალისტებმა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ქვეყნის ბირთვულ არსენალზეც, რამდენიმე თათბირი ჩაატარეს და თურქეთიდან ბირთვული იარაღის გამოტანის გეგმები განიხილეს.
ინჯირლიყის სამხედრო ბაზა თურქეთში
გაზეთის ჟურნალისტები, ანონიმურობის დაცვით, იმოწმებენ აშშ-ის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სიტყვებს, რომლის თანახმად, "ბირთვული მუხტები დღეს პრეზიდენტ რეჯეპ ერდოღანის მძევლად გადაიქცნენ". გაზეთის წყაროს განმარტებით, იქმნება გაურკვეველი სიტუაცია - "ატომურ არსენალს ინჯირლიყის ბაზიდან ვერც გამოიტან და ვერც საცავებში დატოვებ. საქმე იმაშია, რომ ბირთვული საბრძოლო იარაღის გამოტანა ვაშინგტონსა და ანკარას შორის სამოკავშირეო ურთიერთობის საბოლოო გაწყვეტა იქნება, მაგრამ იქ თუ დარჩება, ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის გამწვავების ფონზე ვერავინ იქნება იარაღის დაცვის გარანტი".

თურქი ლიდერი არასოდეს მალავდა თავის უკმაყოფილებას: რეჯეფ ერდოღანის აზრით, უსამართლობაა, როცა თურქეთს არ აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი ბირთვული იარაღი. სექტემბრის დასაწყისში ქალაქ სივასში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლის დროს ერდოღანმა განაცხადა - "მსოფლიოში არ არსებობს არცერთი განვითარებული სახელმწიფო, რომელსაც ბირთვული იარაღი არ აქვს", - ამით მიანიშნა, რომ თურქეთს აქვს ბირთვული იარაღის შექმნის პოტენციალი. "ზოგიერთ ქვეყანას ბირთვულ ქობინებიანი რაკეტები აქვს, თანაც არა ერთი და არა ორი... და ამ დროს ისინი გვეუბნებიან, რომ თქვენ არ უნდა გქონდეთო. ამის გაგება არ შემიძლია".

ბირთვული "საიდუმლო", რომელიც ყველამ იცის

მიმდინარე წლის გაზაფხულზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვის კომიტეტის წევრმა, კანადელმა სენატორმა ჯოზეფ დეიმ წარადგინა მოხსენება, რომელშიც ჩამოთვლილი იყო აშშ-ის კუთვნილი 150 ბირთვული მუხტის განთავსების ადგილი ევროპის ქვეყნებში. როგორც შემდეგ ამერიკული მასმედია წერდა, სენატორის ანგარიშის გამოქვეყნებამდე ამერიკული იარარის არსებობის შესახებ ევროპის კონტინენტზე არსად ოფიციალურად არაფერი არ თქმულა.

თავის მოხსენებაში სათაურით "ბირთვული შეკავების ახალი ერა? მოდერნიზება და კონტროლი მოკავშირეთა შეიარაღებასა და ბირთვულ ძალებზე", კანადელმა კანონმდებელმა ჩამოთვალა ყველა სამხედრო ბაზა, სადაც ბირთვული საბრძოლო ქობინებია შენახული: კლიანე-ბროგელი (ბელგია), ბიუხელი (გერმანია), ავიანო და გედი-ტორე (იტალია), ვოლკელი (ნიდერლანდები) და ინჯირლიყი (თურქეთი).

ჯოზეფ დეის მოხსენების პუბლიკაციამ დიდი სკანდალი გამოიწვია. საბოლოო ჯამში მოხსენების დანართის ტექსტი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდიდან აიღეს, თვით მოხსენებაში კი ყველაფერი წაშალეს, რაც კი ევროპაში განლაგებულ ამერიკულ იარაღს ეხებოდა.

საერთოდ, ამერიკელი დამოუკიდებელი მკვლევარები თავიანთ კვლევებში რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მოიხსენიებდნენ, რომ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ინჯირლიყში B61 მარკის 50 ავიაბომბი ინახება, რომლებსაც ბირთვული მუხტი აქვთ.

ბირთვული უსიამოვნებანი
თურქეთიდან ბირთვული იარაღის გატანაზე ვაშინგტონში პირველად 2016 წლის ივლისში ალაპარაკდნენ, როცა სამხედრო პუტჩის მონაწილეებმა თურქეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ანკარაშიც, სტრატეგიული ობიექტების დაკავება შეძლეს. სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს თურქეთის ხელისუფლებამ ინჯირლიყის ბაზის რაიონში საჰაერო სივრცე დახურეს, აეროდრომიდან თვითმფრინავებს აფრენა არ შეეძლოთ, შეუწყვიტეს ელექტროენერგიით მომარაგებაც...

ბირთვული ბომბების გატანის საკითხი ისევ დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ივლისში, როცა თურქეთმა რუსული რაკეტები С-400 შეიძინა, "ბოლო წვეთი" კი ამას წინათ სირიის ქალაქ ქობანის გარეუბანში მომხდარი ინციდენტი გახდა: 12 ოქტომბერს თურქეთის არტილერიის ცეცხლქვეშ, ქურთ მებრძოლების ნაცვლად, ამერიკელი ქვედანაყოფები მოხვდნენ.

ინციდენტის კომენტირებისას ერთ-ერთმა ცნობილმა ამერიკელმა ექსპერტმა ჯეფრი ლიუსმა "ტვიტერში" მოკლე ჩანაწერი დატოვა: "სერიოზულად ვაცხადებ: უკვე დროა ეს ჩვენი ბირთვული იარაღი თურქეთიდან გამოვიტანოთ".

"გავიტანოთ თუ დავტოვოთ?"

ამ წლის ზაფხულში გაზეთ Air Force Times-ის კორესპონდენტთან ინტერვიუში აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ექს-მინისტრი დებორა ლი ჯეიმსმა, რომელმაც არც დაადასტურა და არც უარყო ინჯირლიყის ბაზაზე ბირთვული იარაღის არსებობა, განაცხადა, რომ ზოგადად იარაღის გამოტანა უზარმაზარ პრობლემებთან არის დაკავშირებული. მისი თქმით, მართალია, საკითხი საბრძოლო იარღის აშშ-ში დაბრუნებას ჯერ არ ეხება, მაგრამ ამერიკის მთავრობას მაინც მოუწევს გარკვეულ ქვეყნებთან მოლაპარაკება, რომლებიც მზად იქნებიან თავიანთ ტერიტორიაზე ბირთვუკლი ბომბები განალაგონ. ამის შემდეგ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობამ უნდა შეაფასოს, თუ რამდენად ფლობს ახალი ქვეყანა შესაბამის აუცილებელ ინფრასტრუქტურას იარაღის განთავსების, მომსახურებისა და მისი დაცვის თვალსაზრისით. და თუ აუცილებელი გახდება, უნდა აშენდეს სპეციალური საცავი.
"ყოველთვის, როცა ბირთვული იარაღი "ა" პუნქტიდან "ბ" პუნქტში გადაადგილდება, უამრავი ლოჯისტიკური პრობლემის გადაწყვეტაა საჭირო, - დააზუსტა დებორა ლი ჯეიმსმა, - და, რა თქმა უნდა, აუცილებელია უსაფრთხოების გრანდიოზული ზომების მიღება".

თუმცა, პენტაგონის წარმომადგენელს თუ დავუჯერებთ, ჯერჯერობით ინჯირლიყის ბაზაზე არაფერი შეცვლილა. "ბი-ბი-სი"-ს კორესპონდენტის კითხვის პასუხად ბირთვული ბომბების სამომავლო ბედის თაობაზე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელს არაფერი არ უთქვამს, მან მხოლოდ შენიშნა, რომ "ინჯირლიყის ავიაბაზაზე დისლოცირებული აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების 39-ე ქვედანაყოფი ჩვეულებრივად ასრულებს ამოცანებს სამხრეთ რეგიონში აშშ-ისა და ნატოს ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად". წყარო


მოამზადა სიმონ კილაძემ
...
20 ოქტომბერი 2019 21:39
ბირთვული იარაღი გვჭირდება. ეს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. უფრო მეტიც, ჩვენი ერთადერთი შანსია, მაშინ როდესაც ამდენი მტერი გვარტყია გარს.ეეჰ, ეს მხოლოდ ოცნბაა, თორემ აშშ_მ ინჯირლიყიდან ჩვენთან რომ გადმოიტანოს ბირთვული ქობინები, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს. მერწმუნეთ, ვერცერთი ქვეყანა, მათ შორის თვით რუსეთიც კი ვეღარ გაბედავს საქართველოზე თავხედურად თავდასხმას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
დღის კითხვადი სტატიები