რატომ იქნება სწორი, "ოცნებამ"არ წარადგინოს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე? - ივანიშვილის ინტერვიუს კომენტარი
28-07-2018
რატომ იქნება სწორი, "ოცნებამ"არ წარადგინოს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე? - ივანიშვილის ინტერვიუს კომენტარი
ორიოდე თვის წინათ სატელევიზიო გამოსვლაში ვთქვი, რომ "ოცნებისათვის"და ქვეყნისთვისაც კარგი და სწორი იქნებოდა, თუ "ოცნება" საერთოდ არ წარადგენდა თავის კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებზე. მას შემდეგ ეს აზრი რამდენჯერმე გავიმეორე სატელევიზიო და საგაზეთო ინტერვიუებში და, სატელევიზიო დროის და ინტერვიუს მოცულობის გათვალისწინებით, შეძლებისდაგვარად დავასაბუთე ეს მოსაზრება.

ა.წ. 24 ივლისს სატელევიზიო ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა:

"არ გვაქვს დასრულებული ჯერ ბჭობა საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მართლაც რამდენიმე კანდიდატზეა საუბარი - ზურა აბაშიძე, სოზარ სუბარი, დავით სერგეენკო,
ჩემზეც ამბობენ, თეა წულუკიანი და კიდევ ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს ჩვენ, ვინც მართლა შეიძლება პირველსავე ტურში მოახერხოს
და გაიმარჯვოს. ჩემი პოზიცია პირველი დღიდან, რაც მსჯელობა ჩაირთო იყო განსხვავებული. გულწრფელად გეტყვით, თავში შეიძლება არავინ დამიჭირა მხარი, დროში მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა. ჩემი პოზიციაა რომ, თუ ჩვენ ჭეშმარიტად და გულწრფელად, ქართული ოცნების წევრებს აქედანაც ველაპარაკები, ვინც წინააღმდეგნი არიან დღესაც და არ იზიარებენ ჩემს პოზიციას, გვსურს, რომ საქართველო დემოკრატიული მიმართულებით სწრაფად განვითარდეს და დემოკრატიული ინსიტუტებიც გაღრმავდეს სტაბილურობის მხრივ, მე პოზიცია მაქვს რომ გუნდიდან არ დავასახელოთ კანდიდატი. არ დავასახელოთ ელემენტარული მიზეზის გამო, რა თქმა უნდა გუნდს ეს წაადგება და გუნდის წევრებს ეს მოწონთ, მაგრამ ქვეყნისთვის ჩემი აზრით და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უფრო კარგი იქნება. სამწუხაროდ პარტიებიდან მხარს ვერავის ვერ დავუჭერთ, თუ ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება დავუჭიროთ, თუ არ იქნება ღირსეული კანდიდატი, არც არავის არ დავუჭიროთ და ოპოზიციამ წაიღოს და გაინაწილოს ეს ინსტიტუტი, ისეთ შემთხვევაში თუ დამოუკიდებელსაც ვერ ვნახავთ."

და მაინც, რატომ ჯობია თვით "ოცნებისათვის" არ წარადგინოს თავისი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე?

საქმე ის არის, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელთა შედეგად "ქოცებს" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა გაუჩნდა, აღქმული იყო ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ, როგორც მმართველი დაჯგუფების მხრიდან ქვეყნის ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსზე სრული მონოპოლიის დემონსტრირება. 2016 წლის 26 ოქტომბერს, მაჟორიტართა მეორე ტურამდე, ბლოგში გამოქვეყნებულ წერილში
"ბიძინა ივანიშვილი, როგორც შემაკავებელი ფაქტორი, ანუ პატრონყმობის პროვინციული ხიბლი"(იხილეთ) აღვნიშნავდი, რომ "გულის კარნახით" მიღებული "ნაღდი" ხმებით "ნაცებმა" მაშინ აჯობეს "ქოცებს"!

იქვე ვწერდი, რომ ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსებზე სრული მონოპოლიისა და ამ მონოპოლიის მაქსიმალური გამოყენების მიუხედავად, "ქოცების" მაჟორიტარებმა მხოლოდ 20 ოლქში გაიმარჯვეს პირველსავე ტურში. იმასაც აღვნიშნავდი, რომ "დარჩენილ 50 ოლქში კი მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება და, სავარაუდოდ, ისევ ყველგან "ოცნების" კანდიდატები გაიმარჯვებენ (აქედან მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი არ არის "ოცნების" წევრი, მაგრამ "ოცნება" მხარს უჭერს მას, როგორც დეპუტატობის კადიდატს). ასეთ შემთხვევაში "ოცნებას" პარლამენტში 117 დეპუტატი ეყოლება, ანუ 4-ით მეტი, ვიდრე საჭიროა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად". ჩემი ეს ვარაუდი გამართლდა და "ქოცების" ასეთმა "გამარჯვებამ" დიდი დარტყმა მიაყენა "ოცნებისადმი" ხალხის ნდობას და მის ლეგიტიმურობას.

მას შემდეგ თითქმის ორი წელიწადი გავიდა და ვითარება უფრო დამძიმდა - რად ღირს თუნდაც ივანიშვილის გულწრფელი განცხადება ინტერვიუში: "ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, პოლიტიკაში "ქართული ოცნების“ შემდგომ, სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა".
აი, ასეთ ფონზე, "ოცნებისათვის" უაღრესად მომგებიანი იქნება განაცხადონ: რომ ჰყავთ რა საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში და აკონტროლებენ რა მთლიანად მთელ აღმასრულებელ ხელისუფლებას ყველა დონეზე, ახლა თვითონ უარს ამბობენ სრულ პოლიტიკურ მონოპოლიაზე და არ წარადგენენ თავის კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებზე; რომ მათი ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს დემოკრატიის ხარისხის ზრდას; რომ ისიც ესმით, რომ პოლიტიკური მონოპოლია საბოლოო ჯამში დამღუპველია თვითონ მონოპოლიის მპყრობელი პოლიტიკური დაჯგუფებისათვის (ანუ მათთვის) და ა.შ. ასეთი გადაწყვეტილება, არანაირად არ შეამცირებს "ოცნების" ფორმალურ ძალაუფლებას და გაზრდის "ოცნებისადმი" ნდობას და პატივისცემას დასავლეთში - პოსტსაბჭოურ სივრცეში ხომ პრაქტიკულად ყველა პოლიტიკური დაჯგუფება მონოპოლიისაკენ მიისწრაფვის და თანაც ყველა საშუალებას იყენებს ამ მიზნის მისაღწევად.
(ამ მხრივ სავალალო ვითარებაა აღმოსავლეთი ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოშიც). ხოლო მოპოვებულ მონოპოლიას საკუთარი ნებით არავინ უშვებს ხელიდან - მხოლოდ ამა თუ იმ ფერის და მეტად თუ ნაკლებად "ხავერდოვან" რევოლუციას ძალუძს ხოლმე ასეთი მონოპოლიის დროებითი შეწყვეტა, თანაც მხოლოდ იმისათვის, რომ სასწრაფოდ აღმოცენდეს ახალი მონოპოლია...

მონოპოლიაზე უარის თქმა ქვეყნის შიგნითაც გაზრდის ნდობას "ოცნების" მიმართ და მის ლეგიტიმურობასაც (ანუ გააძლიერებს მის რეალურ ძალაუფლებას) - ადამიანები დაინახავენ, რომ "ქოცები" არ "გაღორდნენ", არ "მიაქვთ ყველაფერი", არ "ფიქრობენ მხოლოდ თავის თავზე და თავის ჯიბეზე"(ბრჭყალებში ჩავსვი ის ფრაზები, რომლებსაც ყოველდღე ვისმენ თანამოქალაქეებისაგან "ქოცების" მისამართით).

რა თქმა უნდა, გარკვეული ჯგუფები იყვირებენ (უკვე ყვირიან), რომ "ოცნებამ" არ წარმოადგინა საკუთარი კანდიდატი, ვინაიდან არც ჰყავს არავინ, ვისაც შეუძლია გამარჯვება და ა.შ., მაგრამ ამით გამოწვეული ზიანი ბევრად ნაკლები იქნება სარგებელზე.

სამაგიეროდ საკუთარი კანდიდატის წარდგენის შემთხვევაში "ოცნებას" მოუწევს ყველა რესურსის გამოყენება იმისათვის, რომ ამ კანდიდატმა პირველივე ტურში გაიმარჯვოს, ვინაიდან მეორე ტურის დანიშვნაც კი აღქმული იქნება "ოცნების" სისუსტის გამოვლინებად და, პრაქტიკულად, მის დამარცხებად. ამას კი მართლაც მძიმე შედეგები მოჰყვება. ხოლო ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების მობილიზება კიდევ უფრო დასცემს ხალხის ნდობას "ოცნებისადმი" და არა მარტო იმ ადამიანებისა, რომელთა (ივანიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ) სიღარიბის ზღვარი გაუარესდა პოლიტიკაში "ქართული ოცნების“ შემდგომ.

P.S. ეს იყო ამ წერილზე მუშაობა დავასრულე, რომ "ინტერპრესნიუსის" საიტზე ჩვენში კარგად ცნობილი "ენ-დი-აი"-ს (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის) განცხადება გამოჩნდა:

"მთავრობის ხელმძღვანელობამ ყველა საჯარო მოხელეს და საზოგადოებას მკაფიო გზავნილი უნდა გაუგზავნოს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიმართ შეუწყნარებელი იქნება და რომ მოძალადეებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ;

პროკურორებმა და მოსამართლეებმა 2016 და 2017 წლების არჩევნების დროს ჩადენილი ძალადობის ფაქტების მიუკერძოებელი და დროული გადაწყვეტა უნდა უზრუნველყონ, რათა მომავალში მსგავსი ფაქტები თავიდან იქნას აცილებული და საზოგადოებას პოზიტიური მესიჯი მიეწოდოს;

შეგახსენებთ, რომ "ენ-დი-აი"-ს და სხვა მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ასეთი განწყობა სწორედ 2016 და 2017 წელს საქართველოში არჩევნებზე დაკვირვებით მიღებული შთაბეჭდილებით არის განპირობებული და ყველაზე "მკაფიო გზავნილი", რაც კი შეიძლება გაუგზავნოს "ოცნებამ" ქართველ ხალხს და საერთაშორისო თანამეგობრობას იქნება ის, რომ საერთოდ არ წარადგინოს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე.

პეტრე მამრაძე, 27 ივლისი 2018

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
sos
29 ივლისი 2018 22:05
ხალხის გაღატაკება ივანიშვილის თვითმიზანი იყო . 6 წელი ეძინა? ხალხს ასულელებს.
სოს
29 ივლისი 2018 19:03
ნარკოტიკის გამსაღებელს ადგილზე დახვრეტა-ერთ კვირაში ნარკოტიკის პრობლემა მოხსნილი იქნება საქართველოში -პარლამენტმა მიიღოს შესაბამისი დადგენილება.თუ არ მიიღებს ზნაჩიტ ისინიც გასვრილი არიან ამ საქმეში.
waukitxavad
29 ივლისი 2018 18:22
სათაურზე ვაკეთებ კომენტარს,რაც არ უნდა ილაპარაკოს ბიძინამ,ერთადერთი მიზეზი აქვს ამ მოვლენას,ჯერ კიდევ არ დაწყილა საარჩევნო მზადება და ოცნებამ დამსახურებულად წააგო უკვე,ეს რომ უცხადესი არ გახდეს არჩევნებზე, მიიღეს გადაწყვეტილება არ დაასახელონ კანდიდატი,ფუჰ თქვენს ნებისმიერ კანდიდატს,დაღუპეთ ერი საუკუნოდ,წყეულიმც იყავთ ყველა პრეზიდენტ- პრემიერ- მინისტრებ -ჩინოვნიკებიანად.

რედაქტორის რჩევით