"ჩემს მეუღლეს უთვალთვალებდნენ და ემუქრებოდნენ... ქართული მხარის დახმარების იმედი არ მაქვს" - კვირის პალიტრა

"ჩემს მეუღლეს უთვალთვალებდნენ და ემუქრებოდნენ... ქართული მხარის დახმარების იმედი არ მაქვს"

"აფგანის პასპორტი მე მაქვს და დოკუმენტის გარეშე საზღვრის გადაკვეთა კანონიერად ვერ მოხდებოდა. ის ამჟამად, დაკავებული და ნაცემია"

"ზოგჯერ ღიად გითვალთვალებენ მთელი დღის მანძილზე და შემდეგ ბინის კართან ფოტოებს გიდებენ. ამ ფოტოსურათებზე შენ ხარ გამოსახული იმ ადგილებში, რომლებსაც იმ დღეს ესტუმრე", - გაუჩინარებამდე ერთი კვირით ადრე, ასე აღწერდა აზერბაიჯანელი, დისიდენტი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი იმ პრობლემებს, რასაც თბილისში ცხოვრებისას აწყდებოდა. ის ვებპორტალ jam-news.net-თან აცხადებდა: "ბოლო ექვსი-შვიდი თვის მანძილზე გარკვეული ძალები ცდილობენ, შეავიწროვონ ის აზერბაიჯანელი პოლიტაქტივისტები, ჟურნალისტები და უფლებადამცველები, რომლებიც საქართველოში გადმოსახლდნენ, აქამდე უპრობლემოდ ვცხოვრობდით - ვმუშაობდით, და კოლეგებს ვხვდებოდით, მაგრამ ბოლო დროს ბინადრობის ნებართვას აღარ გვაძლევენ. ასეთ პრობლემებს ვაწყდებით მე, ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, პოლიტაქტივისტები გიუნელ მოვლუდი და გაჯი გაჯიევი, მრავალი სხვა".

19 მაისს, თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, მას ქმრის დაბრუნების იმედი არ აქვს. kvirispalitra.ge-სთან საუბრისას, ლეილამ განაცხადა, რომ აფგანის საზღვარზე გადაყვანის დროს, მისი პასპორტი შინ იყო და ჟურნალისტი აზერბაიჯანში უკანონოდ გადაიყვანეს.

- ლეილა, როდის ჩამოხვედით საქართველოში და რამ განაპირობა თქვენი ოჯახის მიერ აზერბაიჯანის დატოვება?

- საქართველოში 2015 წლის იანვარში ჩამოვედით. იძულებულები გავხდით სამშობლო დაგვეტოვებინა. აფგანი ალიევების ოჯახის ქონების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა და საგამოძიებო საქმიანობას ეწეოდა. ჩემი მეუღლე ყველა სტატიასა და სოციალური ქსელში აქტიურად აკრიტიკებდა ალიევების ოჯახს. ამის შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან ჩვენზე ზეწოლა დაიწყო, გაჩნდა აფგანის დაპატიმრების საფრთხე, შედეგად 2015 წელს გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავით.

alt

- საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ თუ გრძელდებოდა აფგანზე ზეწოლა?

- ჩემი მეუღლე საკუთარ საქმიანობას საქართველოშიც აგრძელებდა. ის კვლავ აგროვებდა ალიევების ქონების შესახებ ინფორმაციას. ამის გამო, მას ემუქრებოდნენ. გარდა ამისა, უთვალთვალებდნენ. ვეჭვობ, აფგანს თვალყურს ნავთობკომპანია "სოკარის" უსაფრთხოების სამსახური ადევნებდა. შემდეგ კი, როგორც იცით, ორი დღის წინ აფგანი გაუჩინარდა და ის აზერბაიჯანში უკანონოდ გადაიყვანეს. აფგანის პასპორტი მე მაქვს და დოკუმენტის გარეშე საზღვრის გადაკვეთა კანონიერად ვერ მოხდებოდა. ის ამჟამად, დაკავებული და ნაცემია.

- თქვენი აზრით, ვინ განახორციელა აფგან მუხტარლის დაკავება და მისი საზღვარზე გადაყვანა?

- აფგანის დაკავებაში ორივე ქვეყნის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ. მე ქართული მხარის დახმარების იმედი არ მაქვს, რადგან მათ თითონ გადასცეს აფგანი აზერბაიჯანს. არც იმის იმედი მაქვს, რომ აზერბაიჯანული მხარე აფგანს საქართველოში დააბრუნებს, რადგან სულ ცდილობდნენ მის დაკავებას და ახლა ის მათ ხელშია.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხრტალი 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. როგორც გაირკვა, ის საკუთარ სახლთან დააკავეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს. აზერბაიჯანული მხარე ჟურნალისტს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს. მისი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აფგან მუხტარლის საქმეზე გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთს გულისხმობს.

იხილეთ ასევე: "თუ ქართული მხარე დისიდენტი ჟურნალისტის გაუჩინარებაში დამნაშავე არ არის, მაშინ აზერბაიჯანს უნდა მოეთხოვოს პასუხი" - ვინ გაიტაცა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი?

ბესო კუნელაური (სპეციალურად საიტისთვის)