თინა ბოკუჩავამ საკრებულოში ჯებირის გადალახვით სცადა შეღწევა - არეულობა საკრებულოში - კვირის პალიტრა

თინა ბოკუჩავამ საკრებულოში ჯებირის გადალახვით სცადა შეღწევა - არეულობა საკრებულოში

თბილისის საკრებულოსთან ხმაურია, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართვს და საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს აპროტესტებს. ისინი სხდომაზე დასწრებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ ბიძინა ივაიშვილისთვის 1 ლარად ქონების გადაცემას არ დაუშვებენ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, აქციის ორგანიზატორებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათი მიზანი საკრებულოს სხდომის ჩაშლაა, რასაც ისინი არ დაუშვებენ.

ალიბეგაშვილის თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, აპარატის თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საკრებულოს შენობის შესასვლელთან ამ წუთებში რკინის კორდონია გაკეთებული, რომლის უკანაც საპატრულო პოლიციის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი დგას. "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა საკრებულოში შესვლას მოითხოვს. ბოკუჩავას საკრებულოში შესვლის საშუალებას შენობის შესასვლელთან მდგარი პოლიცია არ აძლევს.

"არ გრცხვენიათ? კონსტიტუციას არღვევთ. დეპუტატს დაუბრკოლებელი შესვლის უფლება აქვს",- მიმართა ბოკუჩავამ პოლიციას.

ამ წუთებში საკრებულოსთან სიტუაცია დაძაბულია. ბოკუჩავა რკინის ჯებირზე გადასვლას და საკრებულოში ამ გზით შეღწევას ცდილობს. გავრცელებული ინფორმაციით, დააკავეს ბოკუჩავას მეუღლე, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კოტე იოსელიანი.

იხილეთ ასევე: საკრებულოსთან აქციაზე ორი პირი დააკავეს - თბილისის სამმართველოშია გადაყვანილი ბოკუჩავას ქმარი