"ამ რეგიონში პატარა პროვოკაციამაც კი შეიძლება დიდი ცეცხლი დაანთოს!" - კვირის პალიტრა

"ამ რეგიონში პატარა პროვოკაციამაც კი შეიძლება დიდი ცეცხლი დაანთოს!"

"როცა, ფაქტობრივად, არჩევნების წინა დღეს ასეთი რამ ხდება, წარმოუდგენელია ეს პოლიტიკას არ უკავშირდებოდეს"

პროცესების განვითარების მიხედვით, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ორი არჩევნებია მარნეულის რაიონი ყველაზე დაძაბულ და დაპირისპირებულ კერად რჩება.

მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 ადამიანი დაჭრა, მათ შორის "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი. დაჭრილების სიცოცხლეს, საბედნიეროდ, საფრთხე არ ემუქრება. მომხდარი ადგილზე არსებული დაძაბულობას თავლნათლად წარმოაჩენს. მიუხედავად იმისა, რომ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, რომელიც მარნეულში მომხდარიდან მალევე ჩავიდა, განაცხადა, რომ უმჯობესია ეს არ განვიხილოთ პოლიტიკურ ჭრილში, ეს წარმოუდგენელიც კია.

მამაუკა არეშიძე, ექსპერტი:

"ძალიან ცუდი რამ მოხდა - ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა საარჩევნო შტაბზე, ასეთი რამ საქართველოში გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ არც მახსოვს. კი ყოფილა, დარბევა, შეჭრა, კვერცხის სროლაც, მაგრამ ცეცხლასასროლი იარაღის გამოყენება, არ მახსენდება. რასაკვირველია, ეს პოლიტიკური საკითხია და ამას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. როცა, ფაქტობრივად, არჩევნების წინა დღეს ასეთი რამ ხდება, წარმოუდგენელია ეს პოლიტიკას არ უკავშირდებოდეს.

მაგრამ სხვა პრობლემაა კიდევ ის, თუ სად მოხდა ეს. ეს არის მარნეულის სოფელი ყიზილაჯლო, სადაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, რაც ხდებოდა, გვახსოვს. იქ, რომ ჯანსაღი ვითარება არ არის, ეს ფაქტია. არ მინდა, ზოგიერთ რელიგიურ შემადგენელზე გავამახვილო ყურადღება და იმ ადამიანებზე, ვინც იქ ვითარებას აკონტრლებენ, მაგრამ ხაზს ვუსვამ შემდეგ გარემოებას - ამ რაიონის და მისი რამდენიმე სოფლის მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო!

ერთხელ ქვეყანა კინაღამ ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა ერთ სოფელში განვითარებული მოვლენების გამო. მაშინ ძალიან სერიოზული შეტაკება მოხდა და სისხლი კინაღამ დაიღვარა. მისახედია ზოგადად ქვემო ქართლი და კონკრეტულად მარნეულის რაიონი. იქ პატარა პროვოკაციამაც კი შეიძლება დიდი ცეცხილი დაანთოს! ჯერჯერობით დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მაქვს ჩემი ვარაუდი, თუ რომელ ძალებს შეიძლება მიეყვანა ვითარება აქამდე და მეტიც, ჩაედინათ ეს".

შეგახსენებთ, მომხდარი მიმდინარე საარჩევნო პროცესისას ამ რაიონში პირველი ინციდენტი არ არის. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დიდწილად მშვიდი წინასაარჩევნო კამპანიისას, პირველი დაპირისპირება სწორედ მარნეულში მოხდა. ჯერ იყო და "ოცნების" შიგნით ვერ შეთანხმდნენ მერობის კანდიდატების საკითხზე, შემდეგ კი "ევროპული საქართველოს" საკრებულოს წევრობის კანდიდატმა "ქართული ოცნების" საკრებულოს წევრობის კანდიდატი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა. გამოძიება 126-ე, ცემის მუხლით დაიწყო.

მოგეხსენებათ, თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი დღეს "ევროპული საქართველოს" წარმოადგენს და მარნეულის მერობისთვის იბრძვის, შესაბამისად, მისი მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც ვითარების გამწვავებას აქამდეც არ ერიდებოდნენ. ამას დაერთო მმართველი პარტიის მიერ მარნეულის მერობის კანდიდატის შეცვლა, რაც ერთ-ერთი ვერსიით, გამოწვეული იყო სწორედ რაიონში აჰმედ მამაკულიევის დიდი გავლენის ფაქტორით...

მამაუკა არეშიძე:

"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებას, ყოველ შემთხვევაში ადგილობრივს მაინც, ხელიდან გაექცა ვითარების მართვის სადავეები. ის შემშფოთებელი ფაქტიც, რაც ამას წინ უსწრებდა - სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგებლებს შორის ცემა-ტყეპა, ამის დასტურია.

მხოლოდ უსაფრთხოების სისტემებით, მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების მეშვეობით იქ არ შეიძლება ვითარების დალაგება. გავიხსენოთ პანკისი, რომელიც ქვემო ქართლთან შედარებით ერთი პატარა წერტილია, იქაც ვიდრე არ მოხდა ხელისუფლების კონსოლიდირებული ჩარევა, ამ ურთულეს რეგიონს არაფერი ეშველა. ახლა გვაქვს ბევრად დიდი რეგიონი - ქვემო ქართლი, სადაც გაცილებით უარესი ვითარებაა. მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუს-ის იმედად ამ რეგიონის მიტოვება, არ შეიძლება.

რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, ეს არის აისბერგის ზედა ნაწილი, ვგულისხმობ, იმ ძალიან რთულ გარდაქმნებს, რაც მოხდა იქ მაცხოვრებელი ადამიანების ფსიქოლოგიაში, განსაკუთრებით ახალგაზრდების, რომლებიც, პარქტიკულად, დისტანცირდნენ სახელმწიფო ინტერესებიდან და მხოლოდ საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ. ხშირად, აი, ამ ინტერესების ჯახი იწვევს ხოლმე დაძაბულობას და არა პოლიტიკური საკითხები, ვთქვათ ის, თუ ვინ იქნება საკრებულოს წვერი.

აქვე მინდა საგარეო ფაქტორი ვახსენო, ჩვენ ყოველთვის ძალიან მწვავედ განვიცდით თუ რამე ნეგატიური ხდება ჯავახეთში და ამას ყოველთვის ვაკავშირებთ სხვა ქვეყნის, კონკრეტულად, რუსეთის ინტერესებს, რადგან ვიცით, რომ ოფიციალურ ერევანს ჯავახეთში დაძაბულობა არ აწყობს, თუმცა ამ ვითარებას მაინც ჰყავს ორი ფიგურანტი ერთი აქტიური, მეორე - პასიური... ქვემო ქართლის შემთხვევაში არის 4-5 ფიგურანტი და ყველა აქტიური. შეიძლება ამ კონკრეტული თავდასხმის უკან არ დგას არც ერთი უცხო ქვეყანა, მაგრამ ამის სათავისოდ გამოყენებას აუცლებალდ ეცდებიან...

იხილეთ ასევე: "საქართველოს გარშემო სრულიად ახლებური და სახიფათო კონფიგურაცია ლაგდება"

ნათია დოლიძე