ვინ რჩება და ვინ მიდის? - დიდი სამთავრობო ცვლილებები - კვირის პალიტრა

ვინ რჩება და ვინ მიდის? - დიდი სამთავრობო ცვლილებები

სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიფინგი გამართა. პრემიერის განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებები მოემსახურება მეტ პროგრესს, თანამედროვე სახელმწიფოსა და კიდევ უფრო მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, "რაც თავისთავად ადმინისტრაციული დანახარჯების მაქსიმალურ შემცირებას შეუწყობს ხელს".

კვირიკაშვილის ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდება.

კერძოდ, ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროსთან გაერთიანდება და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ინიშნება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს, მღებრიშვილი კი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს. კვირიკაშვილის თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი კრიზისების საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდება. აღნიშნული სამსახური პრემიერს დაექვემდებარება.

ფინანსთა მინისტრად ინიშნება მამუკა ბახტაძე, რომელიც აღნიშნულ პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილს შეცვლის. ბახტაძე "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში და მას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტოს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის კომპონენტი და მინისტრის პოსტს ინარჩუნებს მიხეილ გიორგაძე.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ერთიანდება და პოსტს ინარჩუნებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, საგარეო დაზვერვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება. კვირიკაშვილის თქმით, სუს-ისთვის საგარეო დაზვერვის შეერთებასთან დაკავშირებული ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს წარედგინება.

იხილეთ ასევე: ვინ არის მიხეილ ჩხენკელი, ვინც განათლების მინისტრის პოსტზე ჯეჯელავას შეცვლის?