"ჩვენ ირგვლივ თითქმის ყველას შეიძლება აწყობდეს საქართველოში მართვადი კრიზისი" - საქართველოში ტერორიზმის საფრთხე გაზრდილია?! - კვირის პალიტრა

"ჩვენ ირგვლივ თითქმის ყველას შეიძლება აწყობდეს საქართველოში მართვადი კრიზისი" - საქართველოში ტერორიზმის საფრთხე გაზრდილია?!

"გარკვეული ძალები, რომლებსაც ქვეყნის განვითარების პერსპექტივა აშფოთებთ, ეცდებიან, აქ გააჩინონ დაძაბულობის კერები და ამისთვის ტერორიზმი ერთ-ერთი გზაა"

"შესაძლოა ჩატაევი საქართველოში შემოეტყუებინათ დაკავებისა და საშიში ქსელის გახსნის მიზნით, ოღონდ ეს მხოლოდ საქართველოში დაგეგმილი ოპერაცია ვერ იქნებოდა"

ორმხრივი სროლა, აფეთქებები, კვამლი, ერთი დაღუპული და რამდენიმე დაჭრილი სპეცრაზმელი, სამი ლიკვიდირებული ეჭვმიტანილი - ასეთია ერთი წინადადებით 22 ნოემბრის ქრონიკა.

რა მოხდა რეალურად თბილისში, რას წარმოადგენდა ეს ჯგუფი და იგეგმებოდა თუ არა საქართველოში ტერორისტული აქტი? - ამ კითხვებზე პასუხს ოფიციალური სტრუქტურები ჯერჯერობით არ იძლევიან. მომხდარსა და მოსლაოდნელ საფრთხეებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი ტერორიზმის საკითხებში ბადრი ნაჭყებია საუბრობს, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია ვარაუდი, რომ საქართველოში ტერორისტული აქტი იგეგმებოდა?

- გადავხედოთ, რას მიაღწია საქართველომ ბოლო დროს. პირველი - ეს არის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა; მეორე - ტრანსევრაზიული რკინიგზის გახსნა, რაც ეპოქალური მოვლენაა; მესამე - ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც თვალნათლივ აჩვენებს ჩინეთის საქართველოსადმი ინტერესს; და მეოთხე - აშშ-ისგან მიღებული გარანტია ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინების" გადმოცემის თაობაზე. ჩვენი საზოგადოება ბოლო წლებში აშკარად სტაბილურია, პოლიტიკური პროცესი კონსტიტუციურ ჩარჩოში ვითარდება, უკვე ორჯერ ჩავატარეთ ნორმალური არჩევნები. ბუნებრივია, რომ გარკვეული ძალები, რომლებსაც ეს არ აწყობთ და ქვეყნის განვითარების პერსპექტივა აშფოთებთ, ეცდებიან, აქ გააჩინონ დაძაბულობის კერები და ამისთვის ტერორიზმი ერთ-ერთი გზაა.

ამგვარ მცდელობებს, სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავთ, ამიტომაც დღეს, როგორც არასდროს, ხელისუფლებას, სპეცსამსახურებსა და საზოგადოებას სიფხიზლე და მაქსიმალურად კონსოლიდირება მართებთ.

- არსებობს ასეთი ვარაუდიც - რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურმა, დავუშვათ, რუსეთის, შესაძლოა, გამოიყენოს ამა თუ იმ ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებული პირები საკუთარი ინტერესების გასატარებლად. მაგალითად, მოაწყოს ტერაქტი და ეს მიეწეროს რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციას.

- ყველა ვერსია განსახილველია, თუმცა მხოლოდ ერთი ქვეყნის მიმართულებით არ უნდა ვიფიქროთ, შეიძლება სულ სხვადასხვა ჯგუფს ჰქონდეს თავისი ინტერესი. ჩვენ ირგვლივ თითქმის ყველას, ერთი სახელმწიფოს გარდა - აზერბაიჯანს ვგულისხმობ - შეიძლება აწყობს კიდეც საქართველოში მართვადი კრიზისები. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში დიდი სახელმწიფოების ინტერესები ეჯახება ერთმანეთს და არ არის გამორიცხული, დიდი სახელმწიფოები და მათ უკან მდგომი ძალები მერკანტილური მიზნების მისაღწევად ავტონომიურად მოქმედებდნენ. საყოველთაოდ ცნობილია ისიც, რომ სპეცსამსახურები მუდმივად ცდილობენ, ნებისმიერ ტერორისტულ უჯრედში ჩანერგონ თავიანთი ხალხი.

- სპეცოპერაციიდან მალევე რუსულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებულ პირებს შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევი იყო, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეში ფიგურირებდა, შემდეგ კი "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ ლიდერად იქცა. საქართველოს ოფიციალურ უწყებებს ეს არ უარუყვიათ, მეტიც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა: "არსებობს ეჭვი, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ პირთა შორის აჰმედ ჩატაევი იყოს, თუმცა დაზუსტებული პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობს, ვინაიდან მიმდინარეობს საექსპერტო სამუშაოები და სწორედ ამ პროცედურის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი ზუსტი ინფორმაცია. ჩვენ მასშტაბური საფრთხე ავიცილეთ თავიდან". მისივე თქმით, ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული ამერიკული მხარე.

- სიმართლე გითხრათ, გომელაურის განცხადებამდე თითქმის წარმოუდგენლად მიმაჩნდა ჩატაევის საქართველოში შემოსვლის შესაძლებლობა, თუმცა არ გამოვრიცხავდი, რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ მასთან კავშირში. სუს-ის უფროსის განცხადება უკვე მართლაც იძლევა ამგვარი შესაძლებლობის საფუძველს, თუმცა უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის პასუხს. თუ ჩატაევი მართლაც არის ლიკვიდირებულთა შორის, ეს ვითარებას მნიშვნელოვნად ცვლის, რადგან ის არ არის შემთხვევითი პირი. ჩვენ მხოლოდ ვერსიებზე შეგვიძლია ლაპარაკი. ის, ჩემი აზრით, იმგვარი ფიგურაა, რომელსაც თავი აქვს გადადებული იდეისთვის, შესაბამისად, თუ ნამდვილად შემოვიდა საქართველოში, აუცილებლად დაგეგმილი ექნებოდა დაძაბულობის ახალი კერის შექმნა ტერორისტული აქტის სახით, ახალი ტერორისტული უჯრედების შექმნით თუ სხვა რამ ფორმით.

მეორე ვერსიით, შესაძლოა ის საქართველოში შემოეტყუებინათ დაკავებისა და საშიში ქსელის გახსნის მიზნით, ოღონდ ეს მხოლოდ საქართველოში დაგეგმილი ოპერაცია ვერ იქნებოდა. საგულისხმოა, რომ გომელაურის თქმით, საქმეში აქტიურად არის ჩართული ამერიკული მხარე. დამნაშავეებზე, ტერორისტებზე ნადირობას სხვადასხვა ფორმა და მეთოდოლოგია აქვს. ეს სპეცსამსახურების სამზარეულოა.

- ამ ეტაპზე შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში ისლამური ტერორიზმის საფრთხე გაზრდილია. რამდენად ყურადსაღები შეიძლება იყოს ის მუქარის შემცველი განცხადებები, რაც სპეცოპერაციის შემდეგ გავრცელდა?

- ნებისმიერი რამ, რაც ტერორიზმს უკავშირდება, ყურადსაღები უნდა იყოს ჩვენი სპეცსამსახურებისთვის. ვიმეორებ, დღეს 2-3-კაციანი თვითორგანიზებული ჯგუფები უკვე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, ისინი ნებისმიერ დროს შეიძლება იქცნენ ტერორისტებად.

ასევე დიდ პრობლემას ვხედავ სხვაგანაც - ეს არის ქვეყანაში რელიგიური ბალანსის დარღვევის საფრთხე, რაც შეიძლება მოჰყვეს ძალიან რთულ დემოგრაფიულ ვითარებას ქვეყანაში. მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით პროგნოზები ძალიან სახიფათოა. ეთნიკურად ქართველების კლების დინამიკა ასე თუ გაგრძელდა, მაშინ უდიდესი პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად