"საიდუმლო ფაილები ქართველი თაღლითების შესახებ" - რას წერს გერმანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"საიდუმლო ფაილები ქართველი თაღლითების შესახებ" - რას წერს გერმანული გამოცემა?

"გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა განგაშის ზარს შემოჰკრეს: ქვეყანა კავკასიიდან ჩამოსულმა ქურდების ბანდებმა წალეკა, რომლებიც საიმიგრაციო კანონმდებლობაში არსებული ხვრელებით სარგებლობენო", - წერს გაზეთი "ბილდი" ქართველი "გასტროლიორების" გერმანიაში ჩადენილი ტრიუკების შესახებ (ავტორები - ფრანც სოლმს-ლაუბახი და მაიკ პასმანი).

"თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში პოლიცია მიზანმიმართულად აკონტროლებდა გერმანიის აეროპორტებში ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს, რათა ქართული მაფიის სტრუქტურებისთვის ზიანი მიეყენებინა", - ნათქვამია სტატიაში.

გაზეთის რედაქციამ მოახერხა გაცნობოდა გერმანიის ფედერალური პოლიციისა და სისხლის სამართლის პოლიციის ფედერალური უწყების ერთობლივ კონფიდენციალურ მოხსენებას, რომელშიც ნათქვამია, რომ "231 ადამიანის შემოწმების შედეგად, მათგან 59 დაუყოვნებლივ უკან, საქართველოში გაგზავნეს".

პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ეს სიგნალია მათთვის, ვინც საქართველოში დანაშაულებრივი ბანდების ხელმძღვანელები არიან: "იცოდეთ, ჩვენ თვალს ვადევნებთ თქვენს მიერ გერმანიაში შემოგზავნილ ადამიანებს".

"ბოლო დროს საქართველოდან ევროპაში წამოსული დამნაშავეები რეგულარულად ჩამოდიან გერმანიაში, რათა აქ წვრილმან ქურდობასთან ერთად, ბინებისა და მაღაზიების ძარცვაც განახორციელონ", - იუწყება გაზეთი და მკითხველს მათი საქმიანობის თაღლითურ სქემას აცნობს: "ისინი განცხადებას წერენ ლტოლვილის სტატუსის მისაღებად და როგორც სისხლის სამართლის პოლიციის ფედერალური უწყების თანამშრომლებმა დაადგინეს, განცხადების განხილვისათვის აუცილებელ ვადებს, რომლის დროსაც მათ ნებადართული აქვთ გერმანიაში ყოფნა, თავიანთი შავი საქმეების რეალიზებისათვის იყენებენ".

"2014 წელს გერმანიის სისხლის სამართლის პოლიციის ფედერალურმა უწყებამ დაიწყო პროექტი JASON, რომლის ჩარჩოებში სამართალდამცველმა ორგანოებმა ქონების წინააღმდეგ მიმართული ქართული დამნაშავეობრივი ჯგუფების საქმიანობა შეისწავლეს", - წერენ სტატიის ავტორები, - "სწორედ მაშინ დადგინდა, რომ გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელთა 60% სწორედ ქართველი ქურდები იყვნენ".

"მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს გერმანიის ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლა შეუძლიათ (...), ისინი მაინც აგრძელებენ საიმიგრაციო კანონმდებლობით ბოროტად სარგებლობას", - აღნიშნულია სტატიაში, - "თუ 2017 წლის სექტემბერში გერმანიაში თავშესაფარი 238 საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა, იმავე წლის ოქტომბერში ასეთი ადამიანების რაოდენობამ 355-ს მიაღწია, ნოემბერში - 444-მდე მოიმატა, დეკემბერში - 522, ხოლო 2018 წლის იანვარში მათი რაოდენობა უკვე 745 გახდა, ანუ მატებამ 213%-ს გადააჭარბა", - ასეთ სტატისტიკურ მონაცემების აცნობენ მკითხველებს ავტორები.

გაზეთი წერს, რომ საქართველოდან გერმანიაში წამოსულ მოქალაქეებს თავშესაფრისა და ლტოლვილის სტატუსის მიღების თითქმის არანაირი შანსი არ აქვთ: მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში წარდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ 1% დაკმაყოფილდა.

როგორც "ბილდ"-ის კორესპონდენტებთან საუბრისას გერმანიის კრიმინალური პოლიციის მუშაკთა კავშირის თავმჯდომარე ანდრე შულცი ამბობს, "ქართული ბანდები დღესაც მოქმედებენ ტრადიციული მეთოდით - ისინი ბოროტად სარგებლობენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნის უფლებით. ისინი პროფესიონალები არიან, მოქმედებენ სწრაფად და ფარულად. ჯერ აკვირდებიან თავიანთ მსხვერპლს - არ აქვს მნიშვნელობა, იგი მაღაზიის მფლობელია თუ ბინისა - შემდეგ კი მცირე ჯგუფების სახით მათ თავს ესხმიან და ძარცვავენ". (წყარო)

იხილეთ: "ბიჭებისგან მოვისმინე, აქაურ ციხეში ყოფნაზეც კი არ ვიტყვით უარს, საქართველოში ცხოვრებას გერმანიის ციხე გვირჩევნიაო"

მოამზადა სიმონ კილაძემ