"თუ მმართველი გუნდი უკვე იქცა გავლენიანი დაჯგუფებების მძევლად, ეს მას პოლიტიკურად ძალიან ძვირად დაუჯდება" - კვირის პალიტრა

"თუ მმართველი გუნდი უკვე იქცა გავლენიანი დაჯგუფებების მძევლად, ეს მას პოლიტიკურად ძალიან ძვირად დაუჯდება"

"თუ ფარცხალაძემ და სხვა გავლენიანი დაჯგუფების ბოსებმა მოახერხეს და სრული კონტროლი დაამყარეს ბიზნესპროცესებზე, საფინანსო სისტემასა და პოლიტიკაზე, ეს სახელმწიფო სისტემას საბოლოოდ მოარყევს, ყველა დონეზე აყვავდება კორუფცია და ქვეყანა ქაოსის უფსკრულში გადაეშვება"

"ქართული ოცნებიდან" დეპუტატ დავით ჭიჭინაძის გარიცხვამ ზოგ ექსპერტს ავადსახსენებელი კომპარტია გაახსენა. ამავე დროს, თანდათან მყარდება ეჭვი, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული გავლენიანი დაჯგუფებები ცდილობენ, ქვეყანაში ყველა და ყველაფერი გააკონტროლონ.

გია ხუხაშვილი: - არაერთხელ გვისაუბრია, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული გავლენიანი ჯგუფები ცდილობენ, იქცნენ "ახალ კეზერაშვილებად", ანუ გააკონტროლონ ყველა ის სფერო თუ თემა, რასაც კეზერაშვილი აკონტროლებდა.

დღეს "ახალი კეზერაშვილები" ტერორისტებზე საშიში არიან. ყველამ კარგად იცის, რომ ფარცხალაძის დაჯგუფება პოლიტიკაში საკუთარი ინტერესების დალაგებას ცდილობს. ტრაგედია ის არის, რომ მმართველი გუნდის ნაწილი ფარცხალაძეს თავისი ოჯახის წევრად"აღიქვამს და ბევრ საკითხში მწვანე შუქს უნთებს. ასეთი დაჯგუფებები არა მხოლოდ "ქართულ ოცნებას", არამედ ხელისუფლებასა და სახელმწიფოს აყენებენ გამოუსწორებელ ზიანს.

ფარცხალაძისნაირი ჯგუფების პოლიტიკასთან ახლოს მისვლაც კი სახელმწიფოებრივად სახიფათოა. საბოლოოდ ყალიბდება სისტემა, როდესაც პოლიტიკა მუშაობს ფულზე. მიხეილ სააკაშვილის დროს ფული პოლიტიკაზე მუშაობდა.

მან მოახერხა, ფინანსური თუ სხვა ტიპის დაჯგუფებები ერთ პოლიტიკურ ვერტიკალში მოექცია და მათ პოლიტიკაზე ამუშავებდა. რა თქმა უნდა, ეს არაჯანსაღი იყო, მაგრამ დღეს უფრო მძიმე ვითარებაა - გავლენიანი ჯგუფები ცდილობენ, პოლიტიკურ პროცესებზე დომინანტობა მოიპოვონ. თუ ფარცხალაძემ და სხვა გავლენიანი დაჯგუფების ბოსებმა მოახერხეს და სრული კონტროლი დაამყარეს ბიზნესპროცესებზე, საფინანსო სისტემასა და პოლიტიკაზე, ეს სახელმწიფო სისტემას საბოლოოდ მოარყევს, ყველა დონეზე აყვავდება კორუფცია და ქვეყანა ქაოსის უფსკრულში გადაეშვება.

სხვათა შორის, ფარცხალაძე თორდიას ფიზიკურად რომ დაუპირისპირდა, სწორედ მაშინ გამოჩნდა, როგორ ლპება ნელ-ნელა სახელმწიფო სტრუქტურა. მან სახელმწიფო მოხელეზე ხელი იმ მოტივით ასწია, რომ თორდიამ მის საქმიანობაში ქექვა გაბედა. ამაზე ცუდი რაღა უნდა მომხდარიყო სახელმწიფოში, რომ ხელისუფლება გამოფხიზლებულიყო და ადეკვატური ნაბიჯები გადაედგა?! თუ მმართველი გუნდი უკვე იქცა გავლენიანი დაჯგუფებების მძევლად, ეს მას პოლიტიკურად ძალიან ძვირად დაუჯდება. (იხილეთ სრულად)

ასევე დაგაინტერესებთ: "თუ ფარცხალაძის დანაშაულს არ გამოიძიებენ, დახმარებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მივმართავ"

ასევე დაგაინტერესებთ: "დახვრეტამდე ჯერ შორს ვართ, თუმცა კომპარტიის მეთოდები არც მმართველ გუნდს მოუტანს კარგს და არც - ქვეყანას"