როგორ მიმართა ბუსა ჟვანიამ მამის იუბილეს აღსანიშნავად შეკრებილ სტუმრებს? - კვირის პალიტრა

როგორ მიმართა ბუსა ჟვანიამ მამის იუბილეს აღსანიშნავად შეკრებილ სტუმრებს?

დღეს, საქართველოს პარლამენტში, მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ორგანიზებით მოეწყო. პარლამენტში მიწვეულ საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიმართა.

"ზურაბ ჟვანიამ უმაღლესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და ეს პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ დროს, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ქართული პარლამენტარიზმი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, ჯერ კიდევ არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი, თუნდაც, ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი და ზურაბ ჟვანია იყო ის ადამიანი, რომელმაც ამ ყველაფერში, განსაკუთრებული როლი შეასრულა. სწორედ ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა ის, რომ დღეს ვითარდება ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ვითარდება ჩვენი პარლამენტარიზმი. ვითარდება ჩვენი პოზიციები და ძლიერდება საგარეო და კულტურული მიმართულებით",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს ოჯახის სახელით, ზურაბ ჟვანიას ვაჟმა ბუსა ჟვანიამ მიმართა.

"ჩემთვის დიდი პატივი და სიხარულია დღეს აქ, საქართველოს პარლამენტში ყოფნა, რომლის ჩამოყალიბებასა და განვითარებას ზურაბ ჟვანიამ ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მიუძღვნა. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი სახელმწიფო განვითარების იმ ხედვას, რომლის ირგვლივაც დღემდე ერთიანდება სრულიად პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება, მიუხედავად მწვავე პოლიტიკური პროცესებისა. ზურაბ ჟვანიამ ეს ხედვა ერთ ისტორიულ ფრაზაში შეაჯამა - “მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი", - განაცხადა ბუსა ჟვანიამ.

ღონისძიების დასასრულს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსის - "ჩვენი თაობის პრივილეგია" - გამარჯვებულის დაჯილდოების ცერემონია და მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართება.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს დაიღუპა. მას სამი შვილი დარჩა - ლიზა, ბუსა და ანჩო. იხილეთ ფოტოები

იხილეთ ასევე: "ხელისუფლებას აშკარად აკლდა პოლიტიკური ნება ჟვანიას საქმის გამოძიებისთვის"