"აქ ყველაფერი მგონი უკვე ნათელია" - ვის შეადარა ლევან გოგიჩაიშვილმა ანრი ოხანაშვილი? - კვირის პალიტრა

"აქ ყველაფერი მგონი უკვე ნათელია" - ვის შეადარა ლევან გოგიჩაიშვილმა ანრი ოხანაშვილი?

დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს შეადარა. პლენარულ სესიაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის გამოსვლის დასრულების შემდეგ ლევან გოგიჩაიშვილმა ოხანაშვილს მიმართა.

"პირველად მახსოვს, რომ მიხეილ ჩინჩალაძემ დუმილის უფლება გამოიყენა, როცა იყო პროკურორი. დღეს დეპუტატის დასმულ კითხვაზე ანრი ოხანაშვილმა გამოიყენა დუმილის უფლება და ჩემ დასმულ კითხვაზე პასუხი არ გასცა. აქ ყველაფერი მგონი უკვე ნათელია, ძალიან დიდი მადლობა ბატონო ანრი, შთამბეჭდავი გამოსვლა გქონდათ", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მის რეპლიკას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უპასუხა. კობახიძემ გოგიჩაიშვილს დეპუტატის სტაჟი შეახსენა და პლენარული სესიის პროცედურული ნაწილის ცოდნა დაუწუნა.

"გადავედით შემდეგ ეტაპზე, დეპუტატების გამოსვლებზე, დამაზუსტებელი კითხვები არ არის გათვალისწინებული თანამომხსენებლის შემთხვევაში. ექვსწლიანი დეპუტატობის სტაჟი გაქვთ და უნდა გახსოვდეთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სესიაზე ამ წუთებში ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს . "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებები რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებს. კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი. ამასთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 18 თებერვალს ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

იხილეთ ასევე: მელია ოხანაშვილს: "ვერ წარმოვიდგენდი, რომ თქვენი გუნდის წევრის გამოტანილ კანონპროექტს სიამოვნებით დავუჭერდი მხარს"

"ინტერპრესნიუსი"