"როცა ქვეყანა ამხელა გამოწვევების წინაშე დგას, რა დროს ლგბტ თემით სპეკულაციაა. შეიძლება ორივე მხარე ერთი "ავტორისგან" იმართებოდეს"
"როცა ქვეყანა ამხელა გამოწვევების წინაშე დგას, რა დროს ლგბტ თემით სპეკულაციაა. შეიძლება ორივე მხარე ერთი "ავტორისგან" იმართებოდეს"
"იმედი მაქვს, საქართველო ბოლომდე მიიყვანს ანაკლიის პორტის პროექტს, რომელიც გააღრმავებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნებთან და თავიდან აარიდებს რუსულ და ჩინურ ეკონომიკურ ზეგავლენას, რომელთაც არა აქვთ კეთილი სურვილები თქვენი ქვეყნის მიმართ. ეს მოჩვენებითი მეგობრები საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებენ", - ეს განცხადება, რომელიც დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა ბევრისთვის ჩვენს ქვეყანაშიც და მის გარეთაც, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გთავაზობთ ამონარიდებს  ექსპერტ ხათუნა­ ლაგაზიძის ინტერვიუდან:

- დავიწყებ იმით, რომ პომპეოს განცხადება იყოს ძალიან არადიპლომატიური. ვგულისხმობ იმას, რომ, როგორც წესი, ასე დიპლომატები დახურული შეხვედრებისას ლაპარაკობენ. საქმე ეხება პომპეოს საუბრის იმ ნაწილს, რომელიც ანაკლიის პორტს შეეხება და რომლის თანახმადაც, ამერიკამ არა მხოლოდ პირდაპირ დაავალდებულა საქართველო, დაასრულოს ანაკლიის პორტის მშენებლობა იმ ოპერატორების მონაწილეობით,
რომლებიც წარმოადგენენ კონსორციუმს, არამედ ისიც აღნიშნა, რომ რუსეთისა და ჩინეთის აქტიური მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკაში და განსაკუთრებით - ანაკლიის პორტის პროექტში, აშშ-ისთვის კატეგორიულად მიუღებელია. აშშ-მა ამ განცხადებით, ფაქტობრივად, თქვა, რომ ის არ დაუთმობს რუსეთს ანაკლიის პორტს და არ შემოუშვებს ჩინეთს შავ ზღვაზე.
ხათუნა ლაგაზიძე
ამ განცხადებით აშკარად ითქვა ისიც, რომ ანაკლიას, გარდა ეკონომიკური მნიშვნელობისა, სხვა დატვირთვაც აქვს, რის თაობაზე ლაპარაკსაც უსაფრთხოების საკითხებში ჩახედული ხალხი აქამდე ვერიდებოდით, თუმცა პომპეოს ამ განცხადებამ ცხადი გახადა ის ასპექტიც, რომ ანაკლიის პორტს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ აშშ-ისთვისაც სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.

ახლა გადავიდეთ საკითხის საგარეო კონტექსტზე... ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა საბოლოოდ გადაწყვიტა რუსული C-400 -ების შეძენა, მიუხედავად აშშ-ის გააფთრებული მცდელობისა, მისთვის ხელი შეეშალა. ამერიკელების სანქციებით მუქარა უშედეგო გამოდგა.

შედეგად კი მივიღეთ რეალობა, როდესაც ნატოს წევრი ქვეყანა იარაღდება რუსეთის თანამედროვე სამხედრო სისტემებით, რომლის საწინააღმდეგოდაც თავის დროზე ნატო შეიქმნა. ამ ვითარებაში გასაგებია, რომ დასავლეთისთვის საქართველოს მნიშვნელობა ერთიორად იზრდება. ამასთანავე, კიდევ ერთი კონტექსტია მნიშვნელოვანი - ვგულისხმობ შავ ზღვასთან დაკავშირებით ნატოს ახალ სტრატეგიას, რომლის მიზანიც არის შავი ზღვის აუზში რუსეთის გავლენის მაქსიმალურად შეზღუდვა. მოკლედ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით საქართველოს ძალიან დიდი როლი დაეკისრა.

ამავდროულად, პოლონეთში ნატოს სამხედრო კონტინგენტი 1000 ჯარისკაცით იზრდება, რასაც რუსეთის ძალიან მძიმე რეაქცია მოჰყვა... მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთგვარი ყულფი იკვრება რუსეთის გარშემო და ამ საერთო სტრატეგიაში საქართველოს ძალიან დიდი როლი ენიჭება. ჩვენ, ფაქტობრივად, ვხდებით უაღრესად მნიშვნელოვანი ქვეყანა ფრონტის ხაზთან, რომელსაც ნატოსა და რუსეთის შერკინების ახალი ეტაპი ჰქვია.

- პომპეოს განცხადების შემდეგ რუსეთის რეაქციამაც არ დააყოვნა. გრიგორი კარასინმა დაუფარავად განაცხადა, საქართველოს ნატოში გაწევრება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე დამღუპველად იმოქმედებსო, რაც ჩვენში მუქარად აღიქვეს. მისივე თქმით, რუსეთს აშფოთებს საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრების ალბათობა და ანაკლიის პორტის მშენებლობა, რასაც კრემლი ამერიკისა და ნატოს ინტერესების კონტექსტში განიხილავს.
- კარასინის განცხადებები ნამდვილად ჰგავდა მუქარას, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ სწორედ მისი ნათქვამით გავიგეთ - თურმე დღის წესრიგში დგას საქართველოს ნატოში დაჩქარებულად გაწევრების საკითხი. კარასინი იმასაც ამბობს, რომ დეკემბერში, როდესაც ნატოს საიუბილეო სამიტი გაიმართება, შეიძლება დღის წესრიგში დადგეს საქართველოს ნატოში გაწევრების საკითხი.
აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ გვიდგას ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი და ამავდროულად, ვდგავართ ძალიან საშიში გამოწვევის წინაშეც...

ჯერჯერობით გამოვრიცხავ სამხედრო დაპირისპირების საფრთხეს, მაგრამ ის, რაც კარასინისგან მოვისმინეთ, აშკარად არის ე.წ. არაკონვენციური ომის ერთ-ერთი გამოვლინება. ამავდროულად, ეს არის უნიკალური შანსი საქართველოსთვის, რომლისთვისაც იხსნება შესაძლებლობების ახალი ფანჯარა, თუმცა ვიდრე ჩვენ ამ ღია ფანჯარაში შევაბიჯებთ, ძალიან ბევრი დაბრკოლებისა და გამოწვევის გადალახვა მოგვიწევს... რუსეთი ამას გულხელდაკრეფილი არ შეხვდება.

- ბუნებრივია, ისმის კითხვა: რა შეიძლება მოიმოქმედოს რუსეთმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ?

- რადგან საქართველოს აშშ-ისა და ნატოსთვის ასეთი მნიშვნელობა ენიჭება, ბუნებრივია, მათ საკუთარ სტრატეგიაში ჩადებული ექნებათ "დამცავი ბალიშებიც" იმისთვის, რომ ნატოში გაწევრებამდე საქართველო რუსეთმა არ გადაყლაპოს...

რუსეთისგან პირველი დარტყმა შეიძლება იყოს ეკონომიკური, ანუ რუსული ბაზრის ჩაკეტვა... ჩვენი ეკონომიკისთვის ეს ბაზარი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ისევე, როგორც ტურისტული ნაკადი ამ ქვეყნიდან... ამ ყველაფრის აკრძალვა სერიოზული დარტყმა იქნება საქართველოსთვის, ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს: ერთი მხრივ - ქვეყნის პროდუქციის სხვა ბაზრებზე გასატანად, მეორე მხრივ კი - პრევენციულ ზომებზე, რაც ამგვარი დარტყმის შემთხვევაში მძიმე შედეგს თავიდან აგვაცილებს.
კიდევ არაერთი მიმართულებით შეიძლება შემოგვიტიოს რუსეთმა. ვფიქრობ, შეიძლება ითქვას, რომ პომპეოს განცხადების შემდეგ თავისი სახელი დაერქვა ყველაფერს, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიხილეთ, დაწყებული პანკისის პროცესებით, გაგრძელებული დავითგარეჯის თემით და დასრულებული იმით, რაც 15 ივნისს თბილისის ქუჩებში ხდებოდა - ვგულისხმობ რამდენიმე ლგბტ აქტივისტის წინააღმდეგ აქციების გამართვას...

- როგორ ფიქრობთ, ამ პროცესის ესკალაციაც მიზანმიმართულად ხდება?

- რა თქმა უნდა. ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია, თუმცა, როცა ქვეყანა ამხელა გამოწვევების წინაშე დგას, რა დროს ლგბტ თემით სპეკულაციაა. ეს არის მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღებამ­ უმნიშვნელოვანესი საკითხებიდან მეათეხარისხოვან თემებზე გადაინაცვლოს. მეტიც - ხშირი დაპირისპირება და არეულობა აწყობს ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს... არ გამოვრიცხოთ, რომ შეიძლება ამ დაპირისპირების მონაწილე ორივე მხარე სიტუაციის ესკალაციის მიზნით ერთი "ავტორისგან" იმართებოდეს.

manana
18 ივნისი 2019 10:59
ამ ყველაფრის ლომის წილი მოდის რუსეთის აგენტ სააკაშვილისგან!
Lika
18 ივნისი 2019 09:26
Hom ar jobda vasazes okupirebuli teritoriebis dabrunebasa da qveynis mosahleobis ketildgeobaze efiqra mavanta sajdomebsa da sasqeso organoebze zrunvas?
simartle
18 ივნისი 2019 00:36
რა პომპეო,რი პომპეო.დღეს მთავარია რას იტყვიან ვასაძე,კორკოტაშვილი,ოქიტაშვილი და ზაქარია.....( თანმიმდევრობა შეიძლება შეცვალოთ სურვილის მიხედვით),თუმცა ზაქარია (ქუცნაშვილი რომაა გვარად) ჩემის აზრით ფსბ-სთან კავშირში არ უნდა იყოს,ის მხოლოდ უბრალო მედროვე ბიუჯეთიდან ფულის მომტეხველია და შეიძლება უბრალოდ შეცდომით შევიყვანე "ღრუზინელ ვაჟკაცების" სიაში სანდრო ბრეგაძის მაგივრად.იმედია ფსბ-ს უმცროსი ლეიტენენტი,ამხანაგი სანდრო არ მიწყენს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა