როგორ დაუძვრა კეზერაშვილი ქართულ მართლმსაჯულებას? - კვირის პალიტრა

როგორ დაუძვრა კეზერაშვილი ქართულ მართლმსაჯულებას?

2016 წელს ისრაელში სამხედრო კონტრაქტებთან დაკავშირებით გახმაურებულ კორუფციულ საქმეს იძიებდნენ, რომელშიც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფიგურირებდა. მაშინ გამოცემა "ჰაარეცი" წერდა, როგორ დაჰკითხეს ყოფილი გენერალი გალ ჰირში, რომელსაც სხვა ბრალდებებთან ერთად, დავით კეზერაშვილისთვის ქრთამის მიცემა ედებოდა ბრალად, მაგრამ მოქრთამვის ფაქტი არ დადასტურდა.

გთავაზობთ ამონარიდებს გაზეთ "კვირის პალიტრის" სტატიიდან:

ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდგომ კეზერაშვილზე რამდენიმე საქმე აღიძრა, თუმცა არც ერთ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ გამოუტანიათ.

ამჟამად კეზერაშვილს ბრალი აქვს წაყენებული (სააკაშვილსა და ადეიშვილთან ერთად) 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და "იმედში" შეჭრის საქმეზე, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ქართულმა მხარემ კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირება ორჯერ მოითხოვა. პირველად საფრანგეთს მიმართეს, მეორედ - დიდ ბრიტანეთს. ორივე ქვეყნის სასამართლოებმა უარი განაცხადეს, მოტივად პოლიტიკური სარჩული დასახელდა.

ლია მუხაშავრია, იურისტი:

- გამიხარდება, თუ კეზერაშვილი ციხეში აღმოჩნდება. რაზეც მას უცხოეთში ედავებიან, ხანდაუზმელი დანაშაულია და შეიძლება გამოძიება გაგრძელდეს. არ არის გამორიცხული, ჰააგის ტრიბუნალმაც წაუყენოს ბრალი. ამბობენ, რომ იარაღით ვაჭრობაში იყო ჩაბმული. ეს ვარაუდებია, თუმცა, უცბად უმდიდრესი ადამიანი რომ გახდა, ფაქტია!

"ნაცმოძრაობის" პერიოდში კეზერაშვილზე ამბობდნენ, ხაზინადარიაო. მათი ხელისუფლებაში მოსვლის პირველ პერიოდში პროკურატურაში მილიონებიანი საპროცესო გარიგებები იდებოდა. როცა ეკონომიკის მინისტრ ოქრუაშვილს მოჰკითხეს, ეს თანხები საიდან და სად მიდისო, ბრძანა, ეს კერძო ფონდია და არა ვართ ვალდებული, ინფორმაცია საჯარო გავხადოთო. ანუ თუ ქონების გადანაწილების პირველ ეტაპზე კეზერაშვილი იყო ხაზინადარი, მასაც დიდი წილი უნდა დარჩენოდა. მერე და მერე მან ხელში ჩაიგდო სხვისი ბიზნესებიც. ამასთან, ახალი არ არის, რომ ომში ვიღაცებმა ხელი კარგად მოითბეს.

- როგორ დაუძვრა კეზერაშვილი ქართულ მართლმსაჯულებას?

- მარტო კეზერაშვილი კი არა, ადეიშვილიც, ის სააკაშვილის ხელისუფლების "სამართლებრივი ტვინი“ იყო, დაუძვრა დათა ახალაიაც და ბევრი სხვაც. თავიდანვე ჭკვიანურად მოფიქრებული სქემა იყო - ერთი მხრივ, კოაბიტაცია და მეორე მხრივ "ოცნების" ბრიყვი ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ აკეთებდა შეფასებებს მაღალი თანამდებობის პირებზე. ამ ყველაფერმა შექმნა არგუმენტი, რომ ისინი პოლიტიკური დევნის მსხვერპლი იყვნენ. ისარგებლეს ხელისუფლების სიბრიყვით და, ალბათ, მათთან ფინანსური გარიგებით მოახერხეს თავისუფლების შენარჩუნება.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად