"თანამედროვე მსოფლიოში ლამის ყველა ყველას უტევს... დღეს რუსეთი, ფიგურალურად რომ ვთქვათ, თეთრ ცხენზე ზის და ყინჩად გრძნობს თავს" - კვირის პალიტრა

"თანამედროვე მსოფლიოში ლამის ყველა ყველას უტევს... დღეს რუსეთი, ფიგურალურად რომ ვთქვათ, თეთრ ცხენზე ზის და ყინჩად გრძნობს თავს"

კვლავაც უკიდურესად დაიძაბა ვითარება ახლო აღმოსავლეთში მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით სირიიდან ამერიკული სამხედრო ძალების გაყვანის კვალდაკვალ, თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო" წამოიწყო და ქურთების პოზიციებს შეუტია. ექსპერტთა დიდი ნაწილი თანხმდება, რომ შექმნილ ვითარებაში მოგებული მხოლოდ მოსკოვი დარჩა და მნიშვნელოვნად იზარალა ვაშინგტონის პოლიტიკამ. ეს რუსეთს, სავარაუდოდ, უფრო გაათამამებს, რის ნიშნადაც, შესაძლოა, მივიჩნიოთ პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის განცხადება - ნატოს სურვილს, განათავსოს თავისი ბაზები ჩვენს შემოგარენში, პოლიტიკური და სამხედრო გზით ვუპასუხებთო. ყოველივე ამის გათვალისწინებით ბუნებრივად ისმის კითხვა: როგორ შეიძლება იმოქმედოს საქართველოზე რეგიონში შექმნილმა ვითარებამ, მით უფრო, რომ 19 ოქტომბერს რუსეთმა ცხინვალის რეგიონის არასაოკუპაციო ხაზთან - ამჯერად სოფელ ატოცთან - კვლავ განაახლა ბორდერიზაციის პროცესი? ამ საკითხებზე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ისაუბრა, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- კარგია, რომ ატოცში ბორდერიზაციის პროცესის დაწყებისთანავე ძალიან სწრაფად იმოქმედა ჩვენმა ხელისუფლებამ - გაავრცელა განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ისაუბრა ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა, რომლის მყისიერი განცხადება, ვფიქრობ, გარკვეულწილად იმითაც იყო განპირობებული, რომ ზალკალიან-ლავროვის შეხვედრა, ფაქტობრივად, უშედეგო აღმოჩნდა - რუსეთის მოქმედებები არ შერბილდა.

კარგია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიმართვა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარება გვაქვს. როდესაც თანამედროვე მსოფლიოში ლამის ყველა ყველას უტევს, ჩვენი პარტნიორებიც სხვა მოცემულობაში არიან. მათი ამოცანაა, ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით შეაჩერონ რუსეთი, თან, თუ ატყობთ, ამ საქმეშიც არა აქვთ ერთი პირი... მამუკა არეშიძე რასაკვირველია, ჩვენ ყველაფერს ყურადღებით უნდა მოვეპყროთ, მაქსიმალურად უნდა შევაწუხოთ საერთაშორისო თანამეგობრობა, მაგრამ, სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში ამ პრობლემის გადაჭრის მშვიდობიან გზებს ვერ ვხედავ. ჩვენ მკაცრად გვაქვს არჩეული ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი, რასაც ეწინააღმდეგება რუსეთი, ამიტომაც მისგან დესტრუქციულ მოქმედებებს სულ უნდა ველოდეთ.

დღეს რუსეთი, ფიგურალურად რომ ვთქვათ, თეთრ ცხენზე ზის და ყინჩად გრძნობს თავს, შესაბამისად, ჩვენც უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს.

ჩვენი პრობლემა იცით, კიდევ რა არის? იმ თემაზეც კი ვერ ვთანხმდებით, რაზეც, წესით, ერთიანი პოზიცია უნდა გვქონდეს. როგორ შეიძლება ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა დაპირისპირების თემად ვაქციოთ და ყველაფერზე ვაკრიტიკოთ ერთმანეთი?! მაგრამ ასე ვიქცევით...

- ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება ახსენეთ. რას ფიქრობთ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც რუსეთი სირიაში ლამის პროცესების მოკარნახედ იქცეს?

- გავიხსენოთ, ტრამპი საარჩევნო კამპანიის დროსაც და პრეზიდენტად არჩევისასაც ყურადღებას ამახვილებდა ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე და გარკვეულწილად ქადაგებდა მონროს პროგრამისკენ დაბრუნებას, რაც გულისხმობს აშშ-ის აქტივობას ამერიკის კონტინენტზე, მაგრამ საქმე ის არის, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება სულ სხვა გამოწვევებს წარმოაჩენს. გეოპოლიტიკას ასეთი თვისება აქვს - გამოთავისუფლებულ ადგილს იმ წუთში იკავებს სხვა მსხვილი მოთამაშე. ამას ძალიან კარგად აცნობიერებენ აშშ-ის ხელისუფლების სხვადასხვა რგოლში, განსაკუთრებით კი - პენტაგონში. როდესაც ექსპერტულ დონეზე ისმის განცხადებები, რომ შექმნილ ვითარებაში რუსეთი გამოვიდა გამარჯვებული, დარწმუნებული იყავით, რომ პენტაგონში ამას ბევრად უკეთ ხვდებიან და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს არ დაუშვან... არ დაუშვან არა მხოლოდ რუსეთის ჰეგემონობა ახლო აღმოსავლეთში, არამედ არც ის, რომ მათი მოკავშირე თურქეთი გახდეს დღის წესრიგის მოკარნახე. სხვათა შორის, ეს არც სხვა მსხვილ მოთამაშეებს მოეწონებათ, მაგალითად, ჩინეთს. არც რუსეთის მოკავშირე ირანის ინტერესია რეგიონში თურქეთის გაძლიერება. მოკლედ, იქ ისე არ ემთხვევა რეგიონის მთავარი მოთამაშეების ინტერესები, რომ რუსეთის წარმატება მხოლოდ ხანმოკლე წარმატებად შეგვიძლია განვიხილოთ, თუმცა ამ ეტაპზე მან მოახერხა და რეგიონის მოთამაშეები, აშშ-ის გარდა, საკუთარ ნება-სურვილს დაუმორჩილა - რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, კრემლთან დათათბირების გარეშე მკვეთრ ნაბიჯებს ისრაელიც არ დგამს. რაც შეეხება ირანს, საერთოდ ექსპერიმენტულ ქვეყნად აქცია რუსეთმა - მოკავშირეები კი ჰქვიათ, თითქოს ერთობლივად მოქმედებენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, რუსეთი ირანისთვის შემაკავებელი ფაქტორი ხდება, თუნდაც ისრაელთან ურთიერთობის საქმეში.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში", ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად