საკადრო ცვლილებები საგარეო საქმეთა სამინისტროში - ვინ ტოვებს თანამდებობას და ვინ სად ინიშნება ელჩად? - კვირის პალიტრა

საკადრო ცვლილებები საგარეო საქმეთა სამინისტროში - ვინ ტოვებს თანამდებობას და ვინ სად ინიშნება ელჩად?

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე მიხეილ ნინუას ვლადიმერ კონსტანტინიდი ჩაანაცვლებს.

მისივე თქმით, მათ ასევე ახალი სპიკერი ეყოლებათ და ამ ფუნქციას მარიამ ნარჩემაშვილი შეასრულებს.

"მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეს, მიხეილ ნინუას, რომელიც ჩემი მეგობარია და ჩემი ინიციატივით მოხდა მისი ჩვენთან დაბრუნება. მან დიდი როლი შეასრულა ამ კრიზისში, ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების პროცესში და ადგილზე დახმარების კუთხით. მან მთხოვა, რომ აქვს შემოთავაზებები ისევ კერძო სექტორში დაბრუნების თვალსაზრისით და ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ჩვენ წარმატებით გავართვით თავი ამ პრობლემას, წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე მას და თვითონ მან მიიღო ეს გადაწყვეტილება, რასაც მე პატივს ვცემ.

რაც შეეხება მის შემცვლელს, პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ პოზიციაზე ვლადიმერ კონსტანტინიდი დაინიშნოს. ისიც გამოცდილი დიპლომატი გახლავთ. იგი სამინისტროს პრეს-მდივნის ფუნქციას ასრულებდა. ის გახლდათ ელჩი, აქვს სერიოზული გამოცდილება დიასპორასთან ურთიერთობის კუთხით, იგივე ადმინისტრაციული მიმართულებით, რომელსაც მისი წინამორბედი მიხეილ ნინუა კურირებდა და ვფიქრობ, ის ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც სხვა მიმართულებებში იყო.

გვეყოლება ასევე ახალი სპიკერი და ამ ფუნქციას მარიამ ნარჩემაშვილი შეასრულებს, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა",-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე განცხადებით, ნატო-სა და ჟენევაში ელჩები იცვლება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჟენევაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე იქნება, რომელიც თავის მხრივ ადგილს ნატო-ში ვიქტორ დოლიძეს გაუცვლის.

"გვეყოლება ახალი ელჩები. ნატო-ში ჩვენმა ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ დაასრულა თავისი საქმიანობა, მას შეუსრულდა ელჩობისთვის განკუთვნილი ვადა 4+1, ანუ 5-წლიანი ვადა დაასრულა, ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისი გამოცდილება მრავალმხრივ ურთიერთობებში გამოვიყენოთ ჟენევაში, საერთაშორისო ურთიერთობებში წარმომადგენლად. ის საქმიანობას გააგრძელებს ჟენევაში. ხოლო მის ადგილს დაიკავებს ჟენევაში ჩვენი ელჩი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი იქნება. ბატონ ვიქტორს წარდგენა არ სჭირდება, კარგად იცნობთ, უაღრესად გამოცდილი დიპლომატია, ასევე სახელმწიფო მინისტრი გახლდათ ეროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და მნიშვნელოვან კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ასევე ნატო-სთან ურთიერთობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს თავადაც მისიაში ნამუშავარია წლების განმავლობასი. ამ მიართულებით კარგი დანიშვნებია. ასევე გვეყოლება ახალი ელჩი ვენაში, ვენის საერთაშორისო ორგანიზაციაში, ქეთევან ციხელაშვილი, სახელმწიფო მინისტრი გახლავთ და ვფიქრობ, ქალბატონი ქეთევანის გამოცდილება ამ მიმართულებით იქნება ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი. მას მუდმივად ჰქონდა შეხება ამ საკითხებთან, რადგანაც თემები, როემლიც ეუთოში, საერთაშორისო ორგანიზაციებში განიხილება, მათ შორის, კონფლიქტებთან მიმართებაში, ესეც იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, როემლსაც ქეთევან ციხელაშვილი წარუძღვება. ვფიქრობ, მისი გამოცდილება ასევე იქნება მნიშვნელოვანი", - განაცხადა ზალკალიანმა.

იხილეთ ასევე: ქეთევან ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრის პოსტს ტოვებს

"ინტერპრესნიუსი"