"ოცნების" ოცეული, ანუ ვინ იქნება მმართველი პარტიის მთავარი ჯოკერი?!
"ოცნების" ოცეული, ანუ ვინ იქნება მმართველი პარტიის მთავარი ჯოკერი?!
"სპორტსმენები პოლიტიკაში იმიტომაც მოჰყავთ, რომ ცნობილი ადამიანები არიან და ფიქრობენ, რომ მათ ამის გამო მისცემენ ხმას, მაგრამ ეს მცდარი დამოკიდებულებაა... "

საქართველოში ეპიდვითარება ბოლო დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუარესდა. მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საპანიკო ვითარება არა გვაქვს, მაგრამ ქვეყანაში პოლიტიკური გარჩევის თემად ქცეული პანდემია, რომელთან გამკლავებითაც "ქართულმა ოცნებამ" ქულები დაიწერა და წინასაარჩევნო კამპანიისას მთავარ კოზირად აქცია, დღეს, შესაძლოა, მისთვის მნიშვნელოვან ბარიერად იქცეს. სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო
თვალჭრელიძესთან.


- ვიდრე პოლიტიკურ მხარეზე ვისაუბრებდეთ, ორიოდე სიტყვას ვიტყვი ეპიდვითარებაზე. უნდა ვაღიაროთ, რომ სიტუაცია დღეს და თებერვალ-მარტში რამდენიმე მიზეზის გამო მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. პირველი - მაშინ კორონავირუსი სრულიად უცხო რამ იყო, შესაბამისად, მისი უფრო ეშინოდათ, დღეს კი დაგროვდა კვლევების შედეგები, მკურნალობისა და ეპიდემიის მართვის გამოცდილება.
მეორე - გამუდმებით ვადევნებ თვალს უცხოურ პრესაში გამოქვეყნებულ მეცნიერულ სტატიებს, ასევე სტატისტიკას და მსოფლიოში ვირუსის ლეტალობის მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა - თუ სიკვდილიანობა 26% იყო, ახლა დაახლოებით 4%-ია. იმედი მაქვს, მალე კორონავირუსის გამო საავადმყოფოშიც აღარ წაგვიყვანენ და მას, როგორც ჩვეულებრივ გრიპს, ისე მოვიხდით. მესამე მიზეზი კი არის ის, რომ თვითონ მოსახლეობა მოეშვა, დაიწყეს 300-400-კაციანი ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. ახლა რაც ხდება, ეს არის ჩვენი დაუდევრობის ბრალი. ამბობდნენ ეპიდემიოლოგები, რომ არ შეიძლებოდა ამგვარი თავყრილობების მოწყობა... ვფიქრობ, ხელისუფლებაც მოეშვა და კონტროლი შეასუსტა, რაც შეცდომა იყო, მაგრამ იმედი მაქვს, გამოფხიზლდებიან და ორ კვირაში გამოსწორდება ვითარება. რაც ხდება, ჯერჯერობით სახიფათო და შემაშფოთებელია, მაგრამ არა - ტრაგიკული. თუმცა ახლა როგორ გაუმკლავდებიან შექმნილ კრიზისს, ამაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მმართველი პარტიის ბედი. მიმაჩნია, რომ ქვეყნის სრულად ჩაკეტვა აღარ შეიძლება, ამით უკვე ისეთ მძიმე ეკონომიკურ დარტყმას მივიღებთ, რომლის გამოსწორება შეიძლება ვეღარც მოხერხდეს.

რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ვნახოთ, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში როგორ წარიმართება პროცესი.
თუ სოციალურ ქსელებს გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილს არც სჯერა, რომ კორონავირუსი არსებობს და ათას სისულელეს წერენ. ამ კატეგორიის ხალხი საერთოდ სხვა თემაა. არსებობენ მორწმუნეები, რომელთაც ქრისტესი სჯერათ, ვიღაცას სჯერა ალაჰის და ა.შ., თუმცა არსებობენ ათეისტები, რომელთაც არ სჯერათ ღმერთის არსებობის... იმ ადამიანებს, რომელთაც დედამიწის ზურგზე არაფრის სჯერათ, მათ შორის - არც კორონავირუსის, სოციალურ ათეისტებს დავარქმევდი. არ დამავიწყდება, წლების წინ თბილისში მიწისძვრა რომ იყო, მე - პროფესიონალს, სატელევიზიო ეთერში ერთი ადამიანი მიმტკიცებდა, ეს მიწისძვრა რუსეთმა გუდაუთის ბაზიდან მოაწყოო.. რომ შევეკამათე, გამოაცხადა, ნუ მეკამათებით, მე რაღაც-რაღაცები ვიციო... ასეთი უვიცობის შედეგია დღევანდელი ვითარებაც. ასეთ ურწმუნოებს კორონავირუსი რომც შეეყაროთ, ალბათ, მაინც იძაAხებენ, არ არსებობსო... ეს არის ბავშვური ინფანტილური სინდრომის გამოძახილიც, ანუ თუ თვალებს დახუჭავ, ყველაფერი კარგად იქნება. სხვათა შორის, მგონია, რომ ამ ინფანტილური სინდრომით არის გამოწვეული ჩვენში პარტიების ასეთი რაოდენობაც - 60-ზე მეტი... ერთმა ჩემმა ნაცნობმა თქვა კარგი რაღაც - ქართველებს დიდი ამბიციები გვაქვს, შესაძლებლობები კი პატარა, გვგონია, რომ ყველაფერი ვიცით, მაგრამ არაფერი რომ არ ვიცით, ეს არ ვიცითო...

- კორონავირუსის გააქტიურების მიზეზით თავყრილობები ისევ აიკრძალა, გარდა პოლიტიკური შეხვედრებისა, რაც საზოგადოების ნაწილის პროტესტს იწვევს...
- მოგეხსენებათ, მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია. თუ პოლიტიკურ თავშეყრას აკრძალავ, გეტყვიან, რომ შენ ამას პოლიტიკური მიზნით აკეთებ და სახელმწიფო რესურსით უშლი ხელს ოპონენტებს არჩევნებში სრულფასოვან მონაწილეობაში... არ კრძალავენ და იმავე პოლიტიკოსებისგან გვესმის განცხადებები, თუ თეატრებს, ქორწილებს, ქელეხებს ზღუდავ, რატომ არ არის პოლიტიკური შეხვედრები აკრძალულიო. მოკლედ, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო... არადა, ყველას ინტერესი უნდა იყოს ვითარების დასტაბილურება. ყველასთვის ცხადია ისიც, რომ ქელეხებსა და ქორწილებში პირბადეებს არავინ იკეთებს, პოლიტიკურ შეხვედრებზე კი, თუ მოინდომებენ, ამის გაკონტროლება თვითონ პოლიტიკოსებს შეუძლიათ, ისევე, როგორც დისტანციის დაცვა...

ფრანგულ არხებს ვადევნებ თვალს და კატასტროფული მდგომარეობა იქ აქვთ, თუ აქვთ - ყოველდღიურად 10 000-მდე ინფიცირებული ჰყავთ!
აქვე უნდა ვთქვა ხელისუფლების წარმომადგენლების არაადეკვატურ ქცევებზეც - რამდენიმე დღის წინ ვნახე, მინისტრი ლევან დავითაშვილი როგორ ათვალიერებდა რაღაც ქარხანას, იდგნენ 30-სანტიმეტრიანი დაშორებით და არც პირბადეები ეკეთათ... რა გამოდის, მთავრობის წევრებიც არ იცავენ მათივე დაწესებულ წესებს? ეს შემაშფოთებელია. გახარიაც ხშირად პირბადის გარეშე ჩნდება, რაც არასწორია.

- "ქართულმა ოცნებამ" პროპორციული სიის პირველი ოცეული დაასახელა. როგორც მოსალოდნელი იყო, სიის პირველ ნომრად და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელეს, მეორე ნომრად და პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად კი - არჩილ თალაკვაძე. ათეულში ასევე არიან: ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი, კახა კუჭავა, გიორგი კახიანი. დანარჩენები სახეები პარლამენტისთვის სიახლეა. მათ შორს ბევრი ახალგაზრდაა. თქვენი აზრით, სწორად შეარჩიეს ოცეული, რომელმაც ორთქლმავლის ფუნქცია უნდა იტვირთოს?
- მორაგბე და კალათბურთელი რატომ გამოტოვეთ, რომელთაც დიდი წვლილი უნდა შეიტანონ პარლამენტის მუშაობაში (იცინის)?..
მოკლედ, სიის ეს შემადგენლობა მაინცდამაინც მნიშვნელოვანი არა მგონია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ვინ არის ამ სიის მთავარი ფიგურა და ეს არის გიორგი გახარია - სწორედ მას აქვს დღეს ორთქლმავლის ფუნქცია... სხვა მხრივ აშკარაა, რომ პირველ ათეულში ერთგული ხალხი შეიყვანეს, დანარჩენები კი უცნობები არიან, მათი შესაძლებლობებისა და პროფესიონალიზმის შესახებ არაფერი მსმენია, გარდა იმ ორი სპორტსმენისა, რომელთა გვარებიც გამიგია და თამაშიც მინახავს, მაგრამ რამდენი წიგნი აქვთ წაკითხული და რა იციან პოლიტიკური მეცნიერებებისა, წარმოდგენა არ მაქვს...

სულ ვამბობდი და დღესაც მიმაჩნია, რომ პროპორციული სისტემა უვარგისია, რადგან, როგორც წესი, არსებობს ჯოკერი - ლიდერი და შემდგომ მოდის უსახო ადამიანების სია, მაჟორიტარულ სისტემაში კი პიროვნებებს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ჩვენთან ეს პროცესიც დამახინჯებულად მიმდინარეობდა. არაფერი ახალი ამ საარჩევნო კამპანიაში არ არის. ძირითადად, პოლიტიკოსების სატელევიზიო დაპირისპირებას ვუყურებთ და ვიცინით... აი, ასეთ მარტივ პროცესამდეა დაყვანილი ქართული პოლიტიკა - არავინ ლაპარაკობს პროგრამებზე და არც არავინ ისმენს...

- როგორ ფიქრობთ, გამარჯვებისთვის "ქართულ ოცნებას" ერთი ჯოკერი ეყოფა?
- ვფიქრობ, რომ ეყოფა, თუმცა "ქართულ ოცნებას" ჰყავს სხვა მთავარი ჯოკერიც - ივანიშვილი. რაც შეეხება გახარიას, მიმაჩნია, რომ მიუხედავად შეცდომებისა, საქართველოს უახლეს ისტორიაში ასეთი პრემიერი არ გვყოლია. ის შეიძლება არ გამოირჩევა განსაკუთრებული ქარიზმით, არ არის დიდი ორატორი, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს, ზრუნავს მოსახლეობაზე, ეკონომიკაზე, გამოიჩინა თავი, როგორც კარგმა კრიზისმენეჯერმა, თუმცა უახლოესი კვირების განმავლობაში მას კიდევ ბევრი რამის დამტკიცება მოუწევს. რაც შეეხება შეცდომებს, ვინც აქტიურობს, ის შეცდომებსაც უშვებს, მაგრამ გახარიას­ გამოარჩევს­ ის თვისებაც, რომ ის ხედავს საკუთარ შეცდომებს და მათ გამოსწორებას ცდილობს.

რაც შეეხება სპორტსმენების პოლიტიკაში მოყვანას, რასაც ყველა სახელისუფლებო ძალა ცდილობს ხოლმე, მე მათგან პოლიტიკაში წარმატებული არავინ მინახავს, თუ კახა კალაძეს არ ჩავთვლით, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი განსხვავება ის არის, რომ კალაძე არავის მოუყვანია, ის თავისი სურვილით შემოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე და საკუთარ თავზე ბევრი მუშაობით მიაღწია ამ ყველაფერს. კალაძეც ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ ძალიან აქტიურია. ჯერჯერობით მის მთავარ შეცდომად ჭავჭავაძის გამზირი მიმაჩნია. არ ვიცი, ყურები როგორ არ უხურს ამდენი გინებით - ვინც კი გადის გამზირზე მანქანით, ყველა მას ლანძღავს. ის უდავოდ დიდი ნებისყოფის ადამიანია და ამის წყალობით იქცა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავადაც და პოლიტიკოსადაც.
სპორტსმენები პოლიტიკაში იმიტომაც მოჰყავთ, რომ ცნობილი ადამიანები არიან და ფიქრობენ, რომ მათ ამის გამო მისცემენ ხმას, მაგრამ ეს მცდარი დამოკიდებულებაა... თუ "ქართული ოცნება" ვინმეს არ მოსწონს, არა მგონია, მას სანიკიძის ან კაჭარავას გამო დაუჭიროს მხარი.

- ბიძინა ივანიშვილი ახსენეთ... რას ფიქრობთ, მოუწევს მას უფრო აქტიურად ჩართვა პოლიტიკურ პროცესში?
- ვინც უნდა დაესახელებინათ სიაში, ჯოკერი მაინც ივანიშვილია, რომელიც, თუ გაჭირდა, უფრო აქტიურად ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში.

- ბოლო ხანს ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკური სპექტრი აშკარად გააქტიურდა, თუმცა "ქართული ოცნებაც" და "ნაციონალური მოძრაობაც" ცდილობენ, პოლიტიკური ველი ისევ ორპოლუსიან ბრძოლის ველად აქციონ. როგორც უკვე ბრძანეთ, მმართველი ძალის მთავარი ფიგურა მაინც ივანიშვილია, "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ფალავნად კი რჩება ქვეყნიდან გაქცეული ექსპრეზიდენტი, რომელიც პრემიერობის კანდიდატად წარადგინეს. სააკაშვილმა კი დაიქადნა, ვბრუნდებიო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, წინასაარჩევნოდ საქართველოში დაბრუნებას სულაც არ აპირებს... ამის პარალელურად ქვეყანაში გაჩნდა არაერთი ახალი პარტია, რომელიც შეიძლება ე.წ. მიუმხრობელი ამომრჩევლის გემოვნებას მიესადაგებოდეს. ამ პოლიტიკური სპექტრიდან მაინც ვის აქვს პარლამენტში შესვლის შანსი?
- პრემიერობის კანდიდატის წარდგენაზე სულ ტყუილად წაეკიდნენ ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი". სრულიად დარწმუნებული ვარ, ვერც სააკაშვილი და ვერც ვაშაძე პრემიერები ვერ გახდებიან.
თავდაპირველად იყო ორი ძალა - "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". მერე ეს უკანასკნელი გაიხლიჩა და გაჩნდა "ევროპული საქართველო" და "სტრატეგია აღმაშენებელი", მაგრამ ეს სამივე მაინც "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატზე მუშაობს. საქმე ის არის, რომ "ნაცმოძრაობიდან" გამოყოფილმა ძალებმა ვერ დააჯერეს საზოგადოება, რომ ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდებიან დედა პარტიისგან, შესაბამისად, ე.წ. მიუმხრობელი ამომრჩევლის ხმების მიღების პერსპექტივაც ნაკლებად აქვთ.

იყო ცდა, შექმნილიყო ოპოზიციური ერთობა, რაზეც თავიდანვე ვამბობდი, რომ არ გამოვიდოდა და ასეც მოხდა. ამის მიზეზი უმთავრესად ის არის, რომ ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის სახელმწიფოზე მნიშვნელოვანი საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებია.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის აქამდეც ხშირად გვპირდებოდა ჩამოსვლას. ხან წყლით მოდიოდა, ხან - ხმელეთით, მაგრამ ფაქტია, აქამდე ვერ მოაღწია. ესეც უკვე ნაცნობი ტექნოლოგიაა, რითაც თავის სტაბილურ ამომრჩეველს გულს უმაგრებს.

რაც შეეხება პატარა პარტიებს, ძალიან კარგი, რომ, ფაქტობრივად, უბარიერო ცენზი გვაქვს. იმედია, მოხერხდება კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება და საჭირო იქნება ამ პატარა პარტიების რესურსის გამოყენება. ძალიან მინდა, ასე მოხდეს. ამის ალბათობა ჯერჯერობით დიდი არ არის, თუმცა, ვნახოთ.... კოალიციის შემთხვევაში უფრო დაბალანსებული იქნება მთავრობა, უფრო ფრთხილი და მოზომილიც... ნებისმიერ დროს შეიძლება დაიშალოს კოალიცია და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა გახდეს საჭირო, ამიტომაც მგონია, რომ მთავრობა მეტად იფრთხილებს. მიუხედავად იმ სიძნელეებისა, რაც შეიძლება კოალიციურ მართვას ახლდეს, მაინც ვფიქრობ, რომ კოალიციური მთავრობა საქართველოს განვითარების ამ ეტაპისთვის უმნიშვნელოვანესია.

- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში საინვესტიციო გარემოს შესახებ 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მისამართით აშშ-დან მწვავე კრიტიკა ისმოდა, მათ შორის - საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებითაც, ანგარიში არცთუ მკაცრია. არის ლაპარაკი ანაკლიის პორტის პროექტზე, ქვეყანაში კორუფციის რისკზე, თუმცა მაინც ნათქვამია, რომ საქართველო მზად არის უცხოური ინვესტიციებისთვის და რომ კანონმდებლობაც ამ ინვესტიციებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის...
- გეთანხმებით, ანგარიში დიპლომატიური ენით და რბილად არის დაწერილი.
ჩემი აზრით, ამაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. მაგალითად, იმან, რომ ბევრმა ამერიკელმა კანონმდებელმა დაუშვა შეცდომა, როდესაც საინვესტიციო გარემოს კრიტიკის პარალელურად, გიორგი რურუა გამოაცხადეს პოლიტიკურ პატიმრად. როგორც ჩანს, რურუა რომ პოლიტპატიმარი არ არის, ხელისუფლებამ დაასაბუთა და ამის მაგალითზე მიუთითა, რომ სხვა მიმართულებით კრიტიკისასაც ცდებოდნენ ამერიკელი კონგრესმენები.

მეორე ფაქტორი ის არის, რომ ოპოზიციამ დაუშვა ფატალური შეცდომა, როდესაც არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა - ვგულისხმობ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამავე დროს, "ქართულმა ოცნებამ", ბოლოს და ბოლოს, შეასრულა დაპირება და შეცვალა საარჩევნო კანონმდებლობა.
ჩემი აზრით, ამის შემდეგ აშშ-ში სერიოზულად დაფიქრდნენ, ვინ სჯობია იყოს ხელისუფლებაში - არაპროგნოზირებადი ოპოზიცია თუ ძალა, რომელიც რვა წელია, მეტ-ნაკლებად ართმევს თავს ქვეყნის მართვას და მათ რეკომენდაციებს 90%-ით მაინც ასრულებს. ბიძინა ივანიშვილზე ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ ის, რასაც ამერიკელებს ჰპირდება, ცდილობს, შეასრულოს კიდეც. ოპოზიცია ამბობდა, დაუყადაღებენ ივანიშვილს ანგარიშებსო, მაგრამ აბა, სად არის დაყადაღებული ანგარიშები?!
მოკლედ, პოლიტიკაში ამჯობინებენ პროგნოზირებად მტერს ან ნეიტრალურ ძალას, ვიდრე არაპროგნოზირებად მეგობარს, მით უფრო, რომ ივანიშვილი დასავლეთის მტერი არ არის...

თუმცა, ამასთანავე, ანგარიშში არის კრიტიკაც, მაგალითად, კორუფციის რისკზე. აქ ვკითხულობთ: "კორუფცია რჩება პრობლემად სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, სახელმწიფო მართვის პრაქტიკასა და სასამართლო სისტემაში არაზუსტი კანონმდებლობისა და ეთიკური სტანდარტების გამო." ამაზე მეტი რაღა უნდა დაეწერათ?!

ზომიერად, დიპლომატიური ენით მიგვითითეს პრობლემებზე. ჩვენც ხომ ვიცით, სახელმწიფო შესყიდვებსა და სასამართლო სისტემაში სერიოზული პრობლემები რომ არის?!


ფსკერი
18 სექტემბერი 2020 16:46
კარგი იქნება თუ ბიძინა თავისი ანეკდოტების კრებულს გამოსცემს
ძაან დაგვავალებს
საქათმე
18 სექტემბერი 2020 16:43
ძაან კარგი გუნდი გამოიყვანა ბიძინამ
ეს გუნდი ააყვავებს ქვეყანას
ყველა იღიმებოდს და აღტკინებული არიან მხოლოდ ერთი სურვილით ოღონდ ქვეყანას რამე ეშველოს და გაჭირვება დაამარცხონ მიდით მიაწექით აბა თქვენ იცით
Xuleli nodara
18 სექტემბერი 2020 16:38
ძაან მომწონს ქართული ოცნება და ბიძინა
ყველა უნიკალურები არიან არანაირ შეცდომას არ უშვებენ უბრალოდ ჩვენ არ ვარგივართ რომ არ ვუფასებთ ამაგს
ძაან გაჭირვებაა და ვერ ავუწყეთ მხარი
ისინი ხომ მდიდრები არიან და ვერ ავყევით
ჩვენ ჩამოვრჩით მათ აბა რაააა

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?