ვინ როგორ "მოიგო" ივანიშვილის გული? - "ოცნების" საარჩევნო ხუთეულის ხმაურიანი გადაწყვეტილებები, ქონება და სკანდალები - კვირის პალიტრა

ვინ როგორ "მოიგო" ივანიშვილის გული? - "ოცნების" საარჩევნო ხუთეულის ხმაურიანი გადაწყვეტილებები, ქონება და სკანდალები

არჩევნებამდე თვენახევრით ადრე წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური ციებ-ცხელება დღითი დღე მატულობს. საქართველოში არსებული პანდემიური ვითარების მიუხედავად, პოლიტიკოსები მოსახლეობასთან შეხვედრებს ყოველდღე მართავენ. როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობის მიუხედავად ქვეყანაში არჩევნების გადადების საფუძველი არ არსებობს, უფრო მეტიც, გასულ კვირას "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებას პროპორციული სიის ოცეულიც წარუდგინა.

განახლებულ პროპორციულ სიაში მოხვდნენ როგორც ძველი, ისე ახალი სახეები. ბიძინა ივანიშვილმა "ფსონი" ამჯერადაც სპორტსმენებზე დადო, მათ შორის არიან ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა.

რაც შეეხება სიის ხუთეულს და როგორც ამბობენ სიის ლოკომოტივს, ის ასე გამოიყურება: მოქმედი პრემიერი გიორგი გახარია, რომელიც ისევ პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინეს; მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარედ წარადგინეს; "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე; იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე.

"ოცნების ხუთეული"

მმართველი ძალის სიის პირველი ნომერი და ბიძინა ივანიშვილის მთავარი იმედი, ისევ და ისევ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აღმოჩნდა. როდის მოიგო გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილის გული უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ საზოგადოება წლებია მის დაწინაურებას ადევნებს თვალს. გახარიამ პოლიტიკური კარიერა ბიზნეს ომბუდსმენის პოსტით დაიწყო. შემდეგ ამას მოჰყვა ქვეყნის მთავარი პოლიციელის პოსტი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობა და ბოლოს პრემიერობა. გიორგი გახარია

ქვეყნის მეორე პირის სტატუსი გიორგი გახარიამ 2019 წლის 8 სექტემბერს მოიპოვა. მანანდე კი მის "ანგარიშზე" იყო "კლუბ ბასიანის" დარბევა, ახალგაზრდებისადმი მოხდილი ბოდიში და მისი "მძიმე ტვირთი" - 20 ივნისის აქციის დარბევა.

20 ივნისის აქცია, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაარბია. დარბევის შედეგად დაშავდა 260-ზე მეტი ადამიანი. პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი 67 სამართალდამცავსა და მხოლოდ 4 მოქალაქეს მიანიჭა.

ამას მოჰყვა ქალაქში პერმანენტული აქციები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაყენების მოთხოვნით, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ოპოზიციის აზრი არაფრად ჩააგდო და გახარია პირიქით დააწინაურა.  პრემიერად მოვლენილი გახარია თავს იჩენს ოპოზიციასთან დაპირისპირებით, ცინიკური დამოკიდებულებით და დასავლელი პარტნიორების განაწყენებით, რის გამოც არა ერთი წერილის ადრესატი გამხდარა, თუმცა როგორც გახარია ამბობს, მისთვის მთავარი ქართული საზოგადოებაა. ოპოზიციას კი "კურდღლებს" უწოდებს და მათ ოპონირებას უწუნებს.

"მაგარი კი არა, კურდღლები ხართ"  - "რა კორუფცია, ხალხო?! შეიძლება ვიღაცამ ვიღაცას ქართულ ჯიგრულ პონტში რამე, მაგრამ რა კორუფცია, რას ამბობთ" -  გიორგი გახარია.

გახარიასგან განსხავებით, სიის მეორე ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მეტი დიპლომატიით გამოირჩევა და საზოგადოებას თავი მხოლოდ რამდენიმე ინციდენტით თუ ფრაზით დაამახსოვრა. ერთ-ერთი ასეთი ინციდენტი კარანტინის დროს იტალიაში მოგზაურობას ეხება. მაშინ "მთავარმა არხმა" და "ფორმულამ" გაავრცელეს ინფორმაცია, რომ არჩილ თალაკვაძე იტალიაში, კომოს ტბაზე ისვენებდა. თუმცა მან მეორე დღეს თავისი ოფისიდან ვიდეო ჩაწერა და ამ ინფორმაციას "ფეიკნიუსი" უწოდა, მაგრამ უკვე 3 დღის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ აღიარა, რომ იტალიაში იყო.

თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე 2019 წლის 25 ივნისს გაამწესეს. რაც შეეხება მის ცნობილ განცხადებებს ტრადიციულად ოპოზიციას ეხება.

"ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სიის მესამე ნომერია. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოსტიდან "გავრილოვის ღამის" შემდეგ გადადგა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია-თბილისი. ფოტოს ცენტრში ირაკლი კობახიძე, სერგეი გავრილოვი საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტთან დაკავშირებით და პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე გავრილოვის დაჯდომაზე აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და თანამდებობიდან გადადგა. გახარიას მსგავსად ოპონენეტებთან ოპონირება და ჟარგონული ენით საუბარი, კარგად გამოსდის: "ოპოზიცია ხარზე მეტად ძროხავს უფრო ჰგავს".

როგორც ამბობენ პარლამენტში "ქართული ოცნების" გუნდი ორ ფრთად იყოფა და აქედან ერთ ფრთას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, რომელსაც დაპირისპირება ჰქონდა "ოცნების" ძველ სახეებთან, რის გამოც ისინი გუნდს ნელ-ნელა ჩამოშორდნენ. საუბარია, ასევე, რომ პარლამენტში კობახიძე ე.წ. სასამართლოს კლანს მფარველობს.

სასამართლოს კლანის გაძლიერებას კი თავის დროზე ხელი შეუწყო იუსტიციის უცვლელმა მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელსაც "ოცნების" პროპორციულ სიაში მეოთხე ადგილი უკავია. მის სახელთანაა დაკავშირებული სასამართლოს რეფომების სამივე ტალღა, რის გამოც სამოქალაქო სექტორის კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა. თეა წულუკიანი, ბიძინა ივანიშვილი უკვე წლებია როგორც ოპოზიცია ისე არასამათავრობო ორგანიზაციები თეა წულუკიანის გადადგომას ამაოდ ითხოვენ. ის ბიძინა ივანიშვილის გუნდში ერთადერთი ადამიანია, რომელიც 8 წლის განმავლობაში მინისტრის პოსტს უცვლელად იკავებს. საუბრობენ, რომ წულუკიანი ივანიშვილს აშანტაჟებს და ამიტომ მოახერხა აქამდე თანამდებობაზე დარჩენა.

იგი ასევე გამოირჩევა ოპონენტებისადმი ცინიკური მიდგომით და მწავევე კრიტიკით "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, თუმცა საერთაშორისო არენაზე სააკაშვილის გუნდის გასამართლება პრაქტიკულად ვერ მოახერხა.

"ქართული ოცნების სიის მეხუთე ნომერი კი პარლამენტის წევრი მამუკა მდინარაძეა, რომელიც ასევე კობახიძის ჯგუფელია და როგორც ამბობენ სასამართლოს კლანს კობახიძესთან ერთად მდინარაძეც მფარველობს. ის ასევე მოიაზრება ე.წ. კობახიძის გუნდის ფრთად.

"ოცნების" "ღარიბი" კანდიდატები

"ქართული ოცნების" პროპორციული სიის პირველი ნომერი გიორგი გახარია 2020 წლის დეკლარაციის მიხედვით უძრავ-მოძრავ ქონებას არ ფლობს და მისი დეკლარაცია ძალიან მოკრძალებულად გამოიყურება. მისმა შემოსავალმა, პრემიერის პოსტზე 2019 წლის სექტემბერ-დეკემბერში 12 854 ლარი; ხოლო იქამდე შს მინისტრის პოსტზე - 41 986 ლარი შეადგინა. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშზე 99 ლარი ჰქონდა. რაც შეეხება მის მეუღლეს, დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს მსუბუქ ავტომობილს - ტოიოტა რავ 4-ს, რომელიც 2016 წელს აქვს შეძენილი. არჩილ თალაკვაძე

ასევე მოკრძალებულად გამოიყურება არჩილ თალაკვაძის ქონება. მას ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის 24 ნოემბერს აქვს შევსებული, რომლის თანახმადაც მის საკუთრებაშია 109,9 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში, ასევე ფლობს მოტოს - Harley-Davidson, მისმა შემოსავალმა უმრავლესობის ლიდერის პოზიციაზე 2018 წელს - 53 172 ლარი შეადგინა, ხოლო დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე - 14 657 ლარი ჰქონდა.

მისი მეუღლის შემოსავალმა კი ფინანსთა სამინისტროს პიარ-კომუნიკაციების სპეციალისტის პოზიციაზე - 16 552 ლარი შეადგინა. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი - Mini Cooper S, რომელიც 2019 წელს 8 600 დოლარად აქვს შეძენილი.

"ქართული ოცნების" სიის მესამე ნომრის ირაკლი კობახის შემოსავალმა 2017 წელს 80 865 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია კობახიძეს 2018 წლის 31 დეკემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში აქვს მითითებული.

გარდა ამისა, შემოსავლის სახით, 2017 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად მუშაობისას, 17 400 ლარი აქვს მიღებული. ამასთან, დეკლარაციის თანახმად, კობახიძე ფლობს 157,8 კვადრატული მეტრი ფართობის ბინასა და 20 კვ. მეტრის ავტოფარეხს თბილისში, რომელიც 2016 წელს ჩუქებით აქვს მიღებული; ასევე მის საკუთრებაშია 2 270 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 25%-იანი წილი.

პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ეკუთვნის ასევე ორი მსუბუქი ავტომობილი – VW Tiguan-ი და Nissan Tiida. რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში კობახიძე სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე – 65 353,54 დოლარი და 2 959 ლარი ჰქონდა.

ირაკლი კობახიძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი მეუღლის შემოსავალმა 2017 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად მუშაობისას – 11 712 ლარი; ხოლო შსს აკადემიაში ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის პოსტზე – 30 372 ლარი შეადგინა. მასვე ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში 5 977.93 ლარი და 45,98 დოლარი ჰქონდა.

იუსტიციის მინისტრისა და "ქართული ოცნების" სიის მეოთხე ნომრის, თეა წულუკიანის 2020 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, წულუკიანი ფლობს 6.000 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს მესტიაში, სოფელ ზემო ლუჰაში, რომელიც 2017 წელს საჩუქრად მიიღო; 900 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ დიღომში; 1.000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს სოფელ დიღომში; სოფელ დიღომში მდებარე 330,22 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს და ამავე მისამართზე მდებარე 40,93 კვ. მეტრის ავტოფარეხს. აქედან, ნასყიდობით მინისტრს მხოლოდ დიღომში 1.000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი აქვს 2013 წელს შეძენილი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში წულუკიანს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე – 9.966 ლარი; 3.173 ევრო ჰქონდა. მისმა 2019 წლის ხელფასმა მინისტრის პოსტზე 60.000 ლარი შეადგინა. ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, მინისტრს გასულ წელს პრემია არ აუღია. მის სახელზე ორი სამომხმარებლო სესხი ფიქსირდება, მასვე აქვს ანაბარი, რომელზეც უცხოეთში ბინის გაყიდვით მიღებული თანხა – 22.0480 ევროა დარიცხული.

რაც შეეხება ოჯახს, დეკლარაციის მიხედვით, თეა წულუკიანის მეუღლე ფლობს 50.009 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს ახალქალაქში, სოფელ დილისკაში; მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი AUDI Q7. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე – 2.725 ლარი ჰქონდა. მისმა შემოსავალმა კი 2019 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდში მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე 27.559 ლარი შეადგინა. მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" სიის მეხუთე ნომერი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის მამუკა მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციით ჩანს, რომ იგი ხელოვნებით არის გატაცებული.

როგორც 2020 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, მდინარაძე ფლობს, 175,8 კვ. მეტრი ფართობის ბინას თბილისში. მის საკუთრებაშია ასევე: ფერწერული ტილოები, მათ შორის ბაღდავაძის ტილოები, რომლებშიც ჯამში, 4 200 დოლარი აქვს გადახდილი და 2 000 ლარად შეძენილი გუდიაშვილის ნახატი (ფურცელზე შესრულებული, ფანქრით).

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, 2 864,26 ლარი ჰქონდა, მისმა შემოსავალმა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტზე 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2 დეკემბრის პერიოდში - 45 809,82 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე კი - 4 976,48 ლარი შეადგინა.

ამასთან, როგორ დეკლარაციაშია მითითებული, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არის - სპს "მარიამ ხაჭაპურიძის და მამუკა მდინარაძის იურიდიული ფირმის'' 50%-იანი; სპს "მამუკა მდინარაძის, გიორგი გელაშვილის და შალვა მშვილდაძის კომპანიის" 75%-იანი და სპს "მამუკა მდინარაძე და თბილისის იურიდიული ცენტრის" 70%-იანი წილის მფლობელი, თუმცა არცერთი მათგანის მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი არ ფიქსირდება დეკლარაციაში. მის სახელზე ფიქსირდება ასევე იპოთეკური სესხი, რომლის შედეგადაც წლიურმა გასავალმა - 4 075,79 დოლარი შეადგინა.

მართველი ძალის ლოკომოტივი

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს "ქართული ოცნების" პროპორციულ სიის პირველ ნომრად გიორგი გახარიას წარდგენა არ გაჰკვირვებია. მისი თქმით, ნებისმიერი პარტია სიის ხუთეულს იმ ადამიანებით აკომპლექტებს, რომლებიც ამა თუ იმ ძალასთან ასოცირდება. რაც შეეხება გახარიას და მისი გუნდის მთავარ მიღწევას, ანალიტიკოსი კორონავირუსთან ბრძოლას გამოყოფს და მიაჩნია, რომ მმართველი ძალა ახლა დიდი გამოწვევის წინაშე იმყოფება.

"პირველი ხუთეული უნდა ყოფილიყო იმ ადამიანებისგან დაკომპლექტებული ვისთანაც ასოცირდება ესა თუ ის პოლიტიკური ძალა. ახალი და რაიმე განსაკუთრებული "ქართულ ოცნებას" არაფერი მოუფიქრებია. სია დაკომპლექტდა იმ გუნდით და იმ სახეებით ვისთანაც "ქართული ოცნება" როგორც პოლიტიკური ძალა ასოცირდება. პირველ ხუთეულში უცნობი სახეები რომ შეეყვანა, იქნებოდა გაუგებრობა. ამ ხუთეულიდან პირველი არის გახარია, რომელსაც საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს და გარკვეულწილად ამ სიის ერთგვარ ლოკომოტივსაც წარმოადგენს.

საზოგადოებას ხანგრძლივი მეხსიერება არ გააჩნია. თუ რაიმე წარმატებასთან ასოცირდება "ქართული ოცნება" და გახარია, ეს არის კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში გამოჩენილი სახელმწიფოებრივი მიდგომა. თუ არ შეინარჩუნებენ ამ პოზიციას - ახლა ვირუსის გავრცელება საკმაოდ ინტესიურად დაიწყო - მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ხოლო თუ აქაც წარმატებას მიაღწევენ, ეს ყველაფერი დანარჩენს გადაფარავს. გახარიასთან ერთად იგულისხმება ივანიშვილი და ეს იქნება ნიშანსვეტი რომ საზოგადოებამ ხმა მისცეს და მხარი დაუჭიროს "ქართულ ოცნებას".

იხილეთ ასევე: "ოცნების" ოცეული, ანუ ვინ იქნება მმართველი პარტიის მთავარი ჯოკერი?!

(სპეციალურად საიტისთვის)