"ნაცმოძრაობის" მიერ ბათუმში გამართულ შეკრებაზე ერთი ინფიცირებულიც თუ იყო, ეს იქნება ვულკანური აფეთქება"
"ნაცმოძრაობის" მიერ ბათუმში გამართულ შეკრებაზე ერთი ინფიცირებულიც თუ იყო, ეს იქნება ვულკანური აფეთქება"
"ამგვარი განწყობა არც ერთი არჩევნების წინ არ ყოფილა. საზოგადოება ძალზე ინდიფერენტულია"

საპარლამენტო არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება. წინასაარჩევნო პროცესები საკმაოდ უჩვეულო ვითარებაში, პანდემიის თანხლებით მიმდინარეობს, რაც დიდი გამოწვევაა პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოდ, ქვეყნისთვისაც. გარდა გართულებული ეპიდვითარებისა, კიდევ რითი განსხვავდება წლევანდელი საარჩევნო პროცესი წინა არჩევნებისგან და რა გავლენა შეიძლება იქონიოს პანდემიამ არჩევნების შედეგებზე? - ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა:

- ვფიქრობ, საკანონმდებლო ცვლილებებმა, რამაც საარჩევნო სისტემა შეცვალა და
ამის შედეგად დაწესებულმა 1%-იანმა ბარიერმა მნიშვნელოვნად განმუხტა ის დაძაბულობა, რაც აქამდე თითქმის ყველა არჩევნებს ახლდა. ვფიქრობ, ამან სტიმული მისცა ელექტორატის ოპოზიციური მუხტის იმგვარად განაწილებას, რომ ის კონცენტრირებული არ არის ერთი
კონკრეტული ძალის გარშემო, შესაბამისად, საარჩევნო გარემო შედარებით მშვიდია. არ ვგულისხმობ ცალკეულ ინციდენტებს, რაც უფრო მეტად
ხელოვნურად იქმნება ვითარების გასამწვავებლად და იმაზეც არის გათვლილი, რომ ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე. ამ წერტილოვან გართულებებში თითქმის ყველა მხარე მონაწილეობს. წინა არჩევნებთან შედარებით, დღევანდელ საარჩევნო პროცესს მედია და პოლიტიკური რეკლამები რომ ჩამოვაშოროთ, დავინახავთ, რომ არც იგრძნობა, თუ ქვეყანაში 2 კვირაში არჩევნებია და რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს. ამგვარი განწყობა არც ერთი არჩევნების წინ არ ყოფილა. საზოგადოება ძალზე ინდიფერენტულია. არ ვგულისხმობ მხოლოდ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს. საერთოდ, მდორედ მიმდინარეობს პროცესი.

- თქვენი აზრით, როგორ აისახება პანდემიური რეჟიმი არჩევნებზე? სანამ ხელისუფლება ეპიდვითარების გაკონტროლებას ახერხებდა, ის კორონავირუსის სათავისოდ გამოყენებას ცდილობდა. ახლა კი აშკარაა, რომ უკვე გართულებული ვითარების გამოყენებას ოპოზიცია ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ცდილობს.
- ჩემი აზრით, პანდემიურ ვითარებას ოპოზიცია თავიდანვე ძალიან არასწორად მიუდგა და ახლაც ასევე იქცევა. საქმე ისაა, რომ მედიაც და ხელისუფლებაც მუდმივად ავლებდნენ და დღესაც ავლებენ პარალელს იმ ვითარებასთან, რაც მსოფლიოში, მათ შორის წამყვან და ძლიერ სახელმწიფოებშია. აშკარაა, რომ გაზაფხულზე სწორად დაგეგმილი შემაკავებელი ღონისძიებების შედეგად ჩვენ მაინც უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. ის, რომ მეორე ტალღა იქნებოდა, ამაზე კარგა ხნის წინ ლაპარაკობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, გვეუბნებოდნენ, უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად ცხოვრებაო. ამიტომაც საზოგადოება მშვიდად შეხვდა შექმნილ ვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სწრაფად იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი. როდესაც ოპოზიცია ასეთ რამეებზე აკეთებს აქცენტს და ჰგონია, ამით ქულებს დაიწერს, ვფიქრობ, შეცდომას უშვებს. ეს არ არის ის თემა, რაც იმუშავებს ოპოზიციის სასარგებლოდ და ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ოპოზიციის საარჩევნო ლოზუნგებიც და ქმედებებიც ძალიან შეეფერება რევოლუციურ განწყობებს, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა წარმატებული, თუ საზოგადოებაშიც იქნებოდა რევოლუციური მუხტი, ანუ ამგვარი განწყობა, ოღონდ "ქართული ოცნება" არა და ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაშიო.

საზოგადოების დიდ ნაწილში ამგვარი დამოკიდებულება არ ჩანს, მიუხედავად ყველაფრისა, მათ შორის ხელისუფლების დიდი შეცდომებისა. ოპოზიციის პათოსი და მოსახლეობის განწყობა აშკარად არ ემთხვევა ერთმანეთს, ასეთ ვითარებაში კი ის შედეგი არ მიიღწევა, რაც ოპოზიციას სურს. მეტიც, ასეთი მიდგომები ოპოზიციის საწინააღმდეგოდ უფრო მუშაობს. ვფიქრობ, მათ იციან რეალური სურათი, აქვთ შიდა კვლევების შედეგები, შესაბამისად, გაუგებარია, რაში სჭირდებათ ეს რევოლუციური რიტორიკა? როდესაც ხელისუფლებას აკრიტიკებ, მაშინ ამომრჩეველს უნდა შესთავაზო ალტერნატივა. კარგი, ხელისუფლებას გაექცა კორონავირუსი, მაგრამ ოპოზიციური ძალები როგორ აპირებენ ამ პროცესის გაკონტროლებას? მე მათი კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ მინახავს. უფრო მეტი საწოლი ან სასუნთქი აპარატი ექნება მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ქვეყანას თუ ისევ კარანტინში დაგვაბრუნებენ? რას უპირებენ ეკონომიკას? მათ ამ კითხვებზე პასუხი არა აქვთ, ამიტომ პანდემიის თემა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის ის, რაც ოპოზიციას გამარჯვებას მოუტანს.

- 16 ოქტომბერს ბათუმში "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარდამჭერებთან საკმაოდ მრავალრიცხოვანი შეხვედრა გამართა, სადაც კორონავირუსისგან დამცავი რეკომენდაციები დარღვეული იყო. ეს მაშინ, როცა ზოგიერთმა ოპოზიციურმა ძალამ გამოიჩინა პასუხისმგებლობა და ამგვარი შეკრებები არ გამართა. ბუნებრივია, "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედებამ საზოგადოების დიდ ნაწილში პროტესტი გამოიწვია. ისინი თითქოს მიზანმიმართულად შეეცადნენ კორონავირუსის გავრცელების მეტად აფეთქებას. მეტიც, სააკაშვილი უკვე ახალ შეკრებებს აანონსებს, რამაც შეიძლება მართლა კატასტროფამდე მიიყვანოს ქვეყანა. ამიტომაც ჩნდება განცდა, რომ ამ პოლიტიკური ძალისთვის ადამიანი, მისი უფლებები და კეთილდღეობა ოპოზიციაში ყოფნისას ისეთივე უმნიშვნელოა, როგორიც ხელისუფლებაში ყოფნისას იყო.
- სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ. "ნაცმოძრაობის" მიერ ბათუმში გამართულ შეკრებაზე ერთი ინფიცირებულიც თუ იყო, ეს იქნება ვულკანური აფეთქება, თან იქ შეკრებილები არც მარტო ბათუმელები იყვნენ და არც მხოლოდ აჭარლები. როგორც ხდება ხოლმე, მთელ დასავლეთ საქართველოში "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერების მობილიზება მოხდა, რათა როგორმე მასშტაბური აქცია გამოსვლოდათ. თუ იქ ეპიდემიოლოგიური აფეთქება მოხდა, ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობა გვექნება და ეს უპირველესად დარტყმა იქნება თავად "ნაციონალურ მოძრაობაზე". იმედია, მიხვდებიან, რომ ამგვარი შეკრებები უპირველესად მათთვისვეა საზიანო. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს და მათ დაცვას, ეს რთული საკითხია. მიდის ბრძოლა ძალაუფლებისთვის, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში ომს დაემსგავსა. მთავარია, ამ ბრძოლაში გამარჯვება და თუ "მსხვერპლი" იქნება, ეს დიდად არ ანაღვლებთ, მით უფრო არ ანაღვლებს სააკაშვილს.

ამგვარი შეკრებები, სააკაშვილის ჩართვებით, იმ შედეგს მოიტანს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის დიდი ნაწილი ისევ "ქართული ოცნებისკენ" წავა. რაღაც ბონუსს ამით "ნაციონალებიც" მიიღებენ, მაგრამ შედარებით მცირერეიტინგიანი პარტიები ყველაზე მეტს დაკარგავენ. სააკაშვილის მოქმედება პოლარიზაციისა და ორპოლუსიანობის ჩამოყალიბებას უწყობს ისევ ხელს. "ნაციონალური მოძრაობა" დღეს იბრძვის არა გამარჯვებისთვის, არამედ შუა ნაწილის - მესამე, თუნდაც კომპლექსური ძალის გასაკრეფად და მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის შესანარჩუნებლად. ამ პროცესებისგან ელექტორალური დანაკლისი ექნებათ "ლელოს", "ევროპულ საქართველოს", "სტრატეგია აღმაშენებელს" და "პატრიოტთა ალიანსს". ეს შეუწყობს ხელს იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" მართლაც გადალახოს არა მარტო 40%-იანი ბარიერი, არამედ 50%-იანიც. იხილეთ სრულად

ჟორიკა
23 ოქტომბერი 2020 23:29
ბატონი ვახტანგი ეტყობა დიდი ხანია სახლიდან არ გამოსულა. საზოგადოებას რა შეატყო ინდიფერენტულობის? არ არის საჭირო მთავარი არხის ყურება, საკმარისია უბრალოდ ქუჩაში გახვიდე და ვინმეს დაელაპარაკო, კაცი არ მეგულება გარშემო ვინც ფიქრობს რომ ქოცებს ისევ მისცეს რაიმე შანსი. ადმრესურსის გარდა ოჯახის წევრები თუ გაუკეთებენ კიდე ამ ქვეყანას მათი "მართველობისათვის"( ბრჭყალები ვიხმარე კი იმიტომ რომ რასაც ეგენი აკეთებენ უკვე 8 წელია,მართველობას ვერ დავარქმევ)

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები