"მიუხედავად იმისა, დგას თუ არა ივანიშვილი გახარიას უკან, მისი პოლიტიკაში მოსვლა ქვეყნისთვის მაინც მნიშვნელოვანი იქნება და იცით რატომ?" - კვირის პალიტრა

"მიუხედავად იმისა, დგას თუ არა ივანიშვილი გახარიას უკან, მისი პოლიტიკაში მოსვლა ქვეყნისთვის მაინც მნიშვნელოვანი იქნება და იცით რატომ?"

"კვლევები აჩვენებს, რამხელაა იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც არცერთი პოლიტიკური ძალა არ მოსწონთ, ამიტომ გახარიას აქვს შანსი, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვოს. მას აქვს პოლიტიკური რესურსი და პოტენციალი. სოციალურ ქსელში ჩანს, რომ ჰყავს მხარდამჭერთა არმია, თუმცა მას მოუწევს სერიოზული პოლიტიკური მუშაობა, რომ უახლოეს არჩევნებში ეს მხარდაჭერა ხმებად იქცეს", - ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ განაცხადა. გთავაზობთ ამონარიდს:

- გახარიას პოლიტიკური მარშრუტი მართლაც ძალიან საინტერესოა. ვიდრე მკითხავთ, მე თვითონ ვახსენებ ვარაუდს, რომ შესაძლოა, მის უკან ისევ ბიძინა ივანიშვილი იდგეს. ეს აზრი გააჩინა სწორედ ივანიშვილის განცხადებამ, რომ ის მოხარული იქნება, თუ გაჩნდება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც "ქართულ ოცნებას" ოპოზიციაში გადაიყვანს. ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, დგას თუ არა ივანიშვილი გახარიას უკან, ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში მოსვლა ქვეყნისთვის მაინც მნიშვნელოვანი იქნება და ავხსნი, რატომაც.

პირველი - თუკი ეს იქნება რეიტინგული პარტია, ის უკანა პლანზე გადასწევს "ნაციონალურ მოძრაობასა" და სხვა პარტიებს, ანუ გარკვეული პოლიტიკური კლასი ნელ-ნელ გასასვლელისკენ გადაინაცვლებს.

მეორე - ლაპარაკია იმ პარტიებზე, რომლებიც, ძირითადად, ერთმანეთს ლანძღავენ. გაგახსენებთ - ალეკო ელისაშვილს გაუკვირდა კიდეც, გახარია სოლიდური პოლიტიკური ფიგურაა და ოპოზიციაში როგორ ჩაეწერებაო?! ელისაშვილი გულწრფელი ადამიანია და პირდაპირ აღიარა, საქართველოში ოპოზიციაში ყოფნისთვის რა მოუხერხებელი და შეუთავსებელი რამაა სოლიდურობა… მაგრამ თუ გახარია პარტიას შექმნის და იქცევა ოპოზიციურ ძალად, ამასთან ერთად კი არ უღალატებს თავის სოლიდურობასა და პოლიტიკურ გემოვნებას, მაშინ ის დაამკვიდრებს ოპოზიციის ახალ სტილს. აი, სწორედ ამას მივიჩნევ ყველაზე დიდ შესაძლო წარმატებულ შედეგად.

მესამე - დარწმუნებული ვარ, გახარია არასდროს შექმნის იმ ტიპის კრიზისს პოლიტიკურ ურთიერთობაში, როგორიც ახლაა ქვეყანაში. ის იქნება ზედმიწევნით რაციონალური, ქართული პოლიტიკის რაციონალიზმისკენ გადანაცვლება კი უკიდურესად აუცილებელია. ჩვენი არარაციონალიზმითა და დაუფქრებლობით იმდენ ზიანს ვაყენებთ ქვეყანას, რომ თუ გახარიას დაბრუნებით ეს ვითარება შეიცვალა, მაშინ მართლაც უმნიშვნელო იქნება, დგას ივანიშვილი მის უკან, თუ - არა. იხილეთ სრულად