"ვადასტურებ ლაშა თორდიასთან ერთად ყოფნას" - ვიდოჩანაწერი, რომელშიც, სავარუდოდ, გნერალური აუდიტორი ერთ-ერთ ბარშია გადაღებული - კვირის პალიტრა

"ვადასტურებ ლაშა თორდიასთან ერთად ყოფნას" - ვიდოჩანაწერი, რომელშიც, სავარუდოდ, გნერალური აუდიტორი ერთ-ერთ ბარშია გადაღებული

სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო მონაწილეობით ვიდეო ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა.

კადრები შიდა სამეთვალყურეო კამერით არის გადაღებული. როგორც ვიდეოს ავტორი წერს, კადრებში ჩანს ლაშა თორდია, რომელიც იარაღით ბარის თანამშრომელს ემუქრება. ვიდეოს გამავრცელებელი წერს, რომ დაპირისპირების მიზეზი მუსიკის ხმა გახდა. როგორც კადრებში ჩანს, სავარაუდოდ, ვიდეო 2016 წლის 24 დეკემბერსაა გადაღებული და მასში ლაშა თორდიას გარდა, პარლამენტის ყოფილი წევრი პავლე კუბლაშვილიც ფიგურირებს.

"ინტერპრესნიუსთან" საუბარში პავლე კუბლაშვილმა დაადასტურა, რომ ერთ-ერთ კაფეში თორდიასთან ერთად იმყოფებოდა.

"ვადასტურებ ლაშა თორდიასთან ერთად ყოფნას, თუმცა დამატებითი კომენტარისგან თავს შევიკავებ. უმჯობესია დაველოდოთ ლაშა თორდიას პრესკონფერენციას", - განაცხადა კუბლაშვილმა.

აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ცოტა ხანში გააკეთებს.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ფიგურირებს, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დავალებით სუს-მა, შსს-მ და პროკურატურამ გაავრცელეს.

როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ვიდეომასალის გავრცელება ადასტურებს, თუ როგორი კრიმინალური დაჯგუფება მართავს ქვეყანას.

"ბატონი ფარცხალაძე არათუ დაახლოებული პირია, არამედ ძალოვანი უწყებების არაფორმალური მმართველია. ის არათუ გავლენით სარგებლობს, არამედ მართავს სამართალდამცავ უწყებებს. ის ჩანაწერი, რომელიც გაავრცელა სუს-მა პროკურატურასთან და შსს-სთან ერთად, არის ფარცხალაძის დავალებით შესრულებული. ჩვენ ქვეყანას არც შს მინისტრი არ ჰყავს და არც პრემიერ- მინისტრი, რომელსაც ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია. ამ ვიდეოს გავრცელება ადასტურებს, თუ რამდენად კრიმინალური კლანი მართავს ქვეყანას", - განაცხადა მელიამ.

იხილეთ ასევე: ლაშა თორდია: "ვიდეო უშუალოდ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მობილურ ტელეფონში ინახებოდა"

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო