"ბოლოს ჩვენი უბნის სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ნახა, მას მერე კვალი იკარგება" - რას ამბობს დაკარგული ტყუპი ბიჭების ძმა? - კვირის პალიტრა

"ბოლოს ჩვენი უბნის სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ნახა, მას მერე კვალი იკარგება" - რას ამბობს დაკარგული ტყუპი ბიჭების ძმა?

თბილისში 14 წლის ტყუპ ძმებს, ნიკა და ლუკა ცანავებს ეძებენ. როგორც ჩვენთან საუბარში, ტყუპების ძმამ, ბაკურ ცანავამ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამძებრო სამუშაოები 13 ივლისიდან ინტენსიურად დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით აღიძრა, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

ბაკურ ცანავა, დაკარგული ბიჭების ძმა:

- 12 ივლისს გავიდნენ სახლიდან, ერთს სპორტული ფორმა ეცვა და მეორეს ჯინსის შარვალი, რომ გადიოდნენ თქვეს, უბანში ჩავალთო. მერე დაახლოებით 13:30-14:00 საათის მონაკვეთში ნახეს ავლაბრის მეტროსთან, ჩვენი უბნის სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ნახა. მას მერე უკვე კვალი იკარგება. ვიყავით ნახალოვკაში მათ მეგობართან, რომელთანაც ხშირად დადიოდნენ, მაგრამ არაფერი იცის. ყველა მათი მეგობარი გაფრთხილებულია და იმედია მალე გამოჩნდებიან.

- მობილური ტელეფონი გამორთულია თუ არ პასუხობენ?

- მობილური არ ჰქონდათ.

- პოლიციამ საქმე გატაცების მუხლით აღძრა, თქვენ თუ გაქვთ რამე ვერსია?

- ოჯახს არაფერი ვერსია გვაქვს. ვერც ვხვდებით სად შეიძლება იყვნენ.

- რამე პრობლემა ხომ არ ჰქონიათ ამ ბოლო დროს, ან ჩხუბი ხომ არ მოსვლიათ ვინმესთან?

- არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ არაფერი შეგვიმჩნევია. წასვლისას, როგორც გითხარით, ჩვეულებრივი დღე იყო, სტადიონზე ჩავიდნენ და მას შემდეგ აღარ გამოჩენილან.

პ.ს. თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გექნებათ ტყუპების ადგილსამყოფელის შესახებ, დარეკეთ 112- ზე.

იხილეთ ასევე: თბილისში დაკარგული ტყუპი ძმები იპოვეს

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)