ქართველი სოპრანო, რომელსაც მარია კალასს ადარებდნენ - ცისანა ტატიშვილი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ქართველი სოპრანო, რომელსაც მარია კალასს ადარებდნენ - ცისანა ტატიშვილი გარდაიცვალა

"ერთ კვირაში დაგვტოვა ორმა უდიდესმა არტისტმა,  სრულდება ეპოქა - ოქროს ხანა ქართულ კულტურაში... მიდიან გიგანტები"

"ცისანა ტატიშვილის ხმა მოვლენა იყო სამყაროსთვის!"

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ცისანა ტატიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 38 წლის განმავლობაში იყო ზაქარია ფალიაშვილის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი... სხვადასხვა დროს მღეროდა მოსკოვის დიდი თეატრის, პეტერბურგის მარიას თეატრის, ვილნიუსის, რიგის, კიშინოვის, კიევის, ოდესის, მინსკის, სოფიას, ბუდაპეშტის, ვარშავის, ბერლის (დოიჩე ოპერა, კომიშე ოპერა), მიუნჰენის, კიოლნის, ბაზელის, ათენის, ლისაბონის, ლონდონის, პრაღის, ვენის, ბუსეტოს, საოპერო თეატრების სცენებზე. მიიჩნეოდა შტრაუსის "სალომეას" ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელად, რისთვისაც მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში შევიდა, ამ პარტიის სამ საუკეთესო შემსრულებელთა შორის, მონსერატ კაბალიესთან და ბირგიტ ნილსონთან ერთად.

მსოფლიოში წარმატებულად მოღვაწე ქართველი საოპერო მომღერალი ნანა ქავთარაშვილი უფროს კოლეგაზე იტალიიდან გვესაუბრა:

- სანამ მუსიკალურ საწავლებელში ჩავაბარებდი, ჯერ კიდევ იმ დროს ვესწრებოდი ქალბატონი ცისანას კონცერტებს და სპექტაკლებს! …სასწაული სიძლიერის და სილამაზის ხმა მახსოვს! ნოდარ ანდღულაძე უწევდა პარტნიორობას სპექტაკლში "სოფლის პატიოსნება". ამნერისი მაქვს მოსმენილი ცისანა ტატიშვილის შესრულებით სპექტაკლში "აიდა". "ტრუბადური" ლეონორას პარტია, რევაზ კაკაბაძესთან ერთად... ეს იყო საოცრება, სასწაული ხმა, უდიდესი მასშტაბის და ულამაზესი ქალი იდგა სცენაზე... მაღალი, დახვეწილი, შარმიანი... ასე ჩამრჩა მეხსიერებაში ქალბატონი ცისანა ბავშვობიდან. …

- თვითონ იხსენებდა, რომ საბერძნეთში ძველი თაობის წარმომადგენლებმა მარია კალასს შეადარეს...

- დიახ, ბრიტანელი კრიტიკოსებიც ამსგავსებდნენ მარია კალასს, რენატა ტებალდისაც, მონსერატ კაბალიესაც... ვფიქრობ, რომ ჩვენი უფროსი თაობის საოპერო მომღერლები არაფრით ჩამოუვარდებიან იტალიის ძველი თაობის მომღერლებს! უბრალოდ მაშინ საბჭოთა კავშირის საზღვრებით შემოიფარგლებოდნენ, რადგან გზები გახსნილი არ იყო, თორემ მთელ მსოფლიოს დაიპყრობდნენ! ცისანა ტატიშვილის ხმა მოვლენა იყო სამყაროსთვის! ქალბატონ ცისანას ბათუმში დავუახლოვდი. დაუვიწყარი იყო მასთან ერთად გატარებული დღეები და რეპეტიციები. უთბილესი ქალბატონი ბრძანდებოდა, როგორც უდიდეს უდიდესი პიროვნებებს სჩვევიათ - მგრძნობიარე და გულისხმიერი...

გამოირჩეოდა ადამიანური თვისებებით, რაც ძალან მნიშვნელოვანია არტისტისთვის! ეს მის სიმღერაშიც იგრძნობა, ყოველ მის ბგერაში!

გუშინ ზურაბ სოტკილავა დავკრაძალეთ... ერთ კვირაში დაგვტოვა ორმა უდიდესმა არტისტმა, რაც ძალიან დიდი დანაკლისია! სრულდება ეპოქა - ოქროს ხანა ქართულ კულტურაში, ისევე როგორც იტალიაშიც დასრულდა, მიდიან გიგანტები...

ალბათ იქ ზეცაში ყველა ერთად იქნებიან!

იხილეთ ასევე: "ზურაბ სოტკილავას ნატვრა არ აუსრულდა, აფხაზეთში ჩასვლას და მშობლების საფლავის ნახვას ვეღარ მოესწრო"

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)