"ის ყველა დროის, ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი იყო" - რას ჰყვებიან ცნობილი ხელოვანები ლიკა ქავჟარაძეზე? - კვირის პალიტრა

"ის ყველა დროის, ყველაზე ლამაზი ქართველი ქალი იყო" - რას ჰყვებიან ცნობილი ხელოვანები ლიკა ქავჟარაძეზე?

"ლიკა ჩვენს ხელში იზრდებოდა, ულამაზესი პატარა გოგო დადიოდა ქალაქში..."

საზოგადოება შეაძრწუნა ულამაზესი ქართველი მსახიობის, ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ. მსახიობი 11 ოქტომბერს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ქართული კინოს მშვენებას 26 ოქტომბერს 58 წელი უსრულდებოდა.  ლიკა ქავჟარაძემ ხალხს ყველაზე მეტად ”ნატვრის ხეში”, მარიტას როლით დაამახსოვრა თავი.

ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებამ ძლიერ დაამწუხრა მისი კოლეგები და მეგობრები.

კახი კავსაძე, მსახიობი:

- ლიკას გარდაცვალების ამბები რომ გავიგე, არ მეგონა გული თუ არ გამისკდებოდა... ყველანაირად ლამაზი გოგო, თავიდან ბოლომდე, სულიერადაც და გარეგნულადაც! უდიდესი დანაკლისია, ულამაზესი არსება წავიდა ამ ქვეყნიდან! ძალიან გულუბრყვილო ადამიანი იყო ბოლომდე... მე მის მშობლებს, მის ბიძას ახლოს ვიცნობდი. ლიკა ჩვენს ხელში იზრდებოდა, ულამაზესი პატარა გოგო დადიოდა ქალაქში... შემდეგ ძალიან ცნობილი გახდა და...

გულუბრყვილო, ცნობილი, ულამაზესი გოგო წავიდა ამ ქვეყნიდან...

ჯემალ ღაღანიძე, მსახიობი:

- ლიკა ქავჟარაძე გარდა იმისა, რომ ულამაზესი ქალბატონი ბრძანდებოდა, უნიჭიერესიც იყო... ამას ზეპირად არ ვამბობ. ჩვენ ერთად ბევრი ვიმუშავეთ გადასაღებ მოედანზე, როდესაც ფილმს "ნატვრის ხეს" იღებდნენ და ვხედავდი როგორი იყო იგი გადასაღებ აპარატთან. მომსწრე ვარ ეს პატარა გოგო რა პროფესიონალურად მუშაობდა გადასაღებ მოედანზე, როგორ იხარჯებოდა... ნამდვილად მაღალი დონის პროფესიონალი გახლდათ. შემდეგ ერთად ვმონაწილეობდით პროექტში - "მღერიან, ცეკვავენ და ხუმრობენ ვარსკვლავები", ჯემალ ბაღაშვილის რეჟისორობით. ლიკა ქავჟარაძე მართლაც ნამდვილი ვარსკვლავი იყო.

უდიდესი მსახიობი და ღვთიური სილამაზე დაკარგა სრულიად საქართველომ!

გიორგი შენგელაია, რეჟისორი:

- ლიკა ქავჟარაძე საქართველოსთვის უდიდესი დანაკლისია! ძალიან კარგი ადამიანი დავკარგეთ! ლიკა იყო ძალიან კარგი ოჯახის შვილი და ყოველმხრივ შემკული გოგო! ყველაფერთან ერთად, ინტელექტუალიც იყო, რაც ეკრანზე აშკარად ჩანს! ეს არ იყო უბრალოდ ულამაზესი ქალი! სამწუხაროდ, იგი არ იყო ბედნიერი ცხოვრებაში. დედა ადრე დაკარგა, მარტო დარჩა, პირადი ცხოვრება ისე არ აეწყო, როგორც იმსახურებდა...

მისი ბიძა გეიდარ ფალავანდიშვილი ჩემი მეგობარი, ძმაკაცი იყო! გეიდარი ლიკას ძალიან პატრონობდა. მასზე ძალიან ზრუნავდა. ძალიან მძიმე ისტორიაა... ლიკა ფაქიზი და დაუცველი გოგო იყო. არიან ქალები, რომლებიც კინოდან წასვლის შემდეგაც თავიანთ ბიოგრაფიას აშენებენ, მაგრამ ლიკამ ეს ვერ შეძლო. ისიც ვიცი, რომ მისი დეპრესიის ერთ-ერთი მიზეზი სოციალური მხარეც იყო, რაც ქვეყნისთვის ძალიან სამარცხვინოა!

ლიკა ქავჟარაძე იყო გამოხატულება ქართული სილამაზის, კდემამოსილების და უნდა დაეფასებინათ, როგორც საჭირო იყო! კულტურის სამინისტრო უნდა ადევნებდეს თვალს ჩვენი ნამდვილი ვარსკვლავების ცხოვრებას! დღეს საქართველოში კინოში აღარაფერი კეთდება. რაღაც თინეიჯერების ფილმებს იღებენ და მხოლოდ თანამედროვე, ახალგაზრდა მსახიობებია დაკავებული...

რაც შეეხება კინოს, ყველაზე სერიოზული როლი თენგიზ აბულაძის ფილმში "ნატვრის ხე" ჰქონდა... ეკრანზე ყველთვის ჩანდა, რომ ლიკა კი არ თამაშობდა კეთილ ადამიანს, არამედ მართლაც ასეთი იყო! მომხიბვლელი, ზრდილობიანი და კარგად აღზრდილი! ფენომენი ქართული სილამაზის და მშვენების!

ნიკოლოზ წულუკიძე, ხელოვნებათმცოდნე:

- არ ვიცი, როგორ უნდა ილაპარაკო ადამიანმა წარსულ დროში ქალზე, რომელიც, ჩემი აზრით, ყველა დროის, ყველაზე ლამაზი ქალი იყო ! მშვენიერებასთან ერთად იგი სხივმომფინარი ადამიანიც იყო! თავის კეთილშობილებით და ღირსებით გამოირჩეოდა! დიდი ფუფუნება იყო მასთან ურთიერთობა! ბოლოს, როდესაც გადაცემაში სტუმრად გვყავდა, საოცრად გულნატკენი იყო. მუშაობა სურდა და ამბობდა, ახლა მე თუ კინოში რამე როლი, შემოთავაზება მექნება, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნებაო... სამწუხაროდ, ჩვენ მერე ვიწყვეტთ გულს, როდესაც ასეთი ადამიანები ჩვენგან მიდიან და ლიკასთანაც ჩვენ ყველა დამნაშავეები ვართ, ყველა ვალში ვართ!

იხილეთ ფოტოგალერეა

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)