"როდესაც, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, თბილისში ჩამოვედი, მივხვდი, რომ სისხლმა იყივლა" - ჩემი ნათლული დევიდ კომა (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"როდესაც, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, თბილისში ჩამოვედი, მივხვდი, რომ სისხლმა იყივლა" - ჩემი ნათლული დევიდ კომა (ექსკლუზივი)

ფოტოგალერეა

"შენ ცხოვრობ, საქმიანობ და, პარალელურად, საკუთარ სურვილებს "აგზავნი" სამყაროში. შემდეგ, რაღაც მომენტში, ვარსკვლავები სათანადოდ განლაგდებიან და სამყაროც "გპასუხობს": ვიღაც გირეკავს სასურველი შემოთავაზებით და შენც თანხმდები..."

"მიხარია, მთაწმინდას რომ ვუყურებთ და ისე ვლაპარაკობთ"

იშვიათად შევხვედრივარ ადამიანს, დიდ წარმატებას რომ მიაღწევს და იოტისოდენადაც არ იცვლება. ამიტომაც მეამაყება განსაკუთრებულად - მსოფლიოში სახელგანთქმული დიზაინერი და პარიზის ტიერი მიუგლერის სამოდელო სახლის ქალის ხაზის კრეატიული დირექტორი, ჩემი მუდამ ყურადღებიანი, თბილი და მოსიყვარულე ნათლული, 32 წლის დევიდ კომა - დავით კომახიძე. მასთან ბოლო ინტერვიუ რამდენიმე წლის წინ, მიუგლერის სახლის დირექტორობამდე ჩავწერე და მას შემდეგ სალაპარაკოდ ვეღარც მოვიხელთე. ამჯერად ერთმანეთის პირისპირ კვლავ საქართველოში აღმოვჩნდით და მართალია, ათასი რამის კითხვა მინდოდა, მხოლოდ შემოქმედებით ცხოვრებაზე, ბოლო ოთხი წლის ამბებზე, მიუგლერსა და საქართველოზე საუბარი გადავწყვიტეთ.

დევიდ კომა:

- 14 წლის ვიყავი და ჯერ კიდევ სანქტ-პეტერბურგში ვცხოვრობდი, ერთმა ჟურნალისტმა რომ მკითხა, როცა გაიზრდები, რის გაკეთებას აპირებო? ვუპასუხე, - მინდა, საკუთარი ბრენდი მქონდეს და, პარალელურად, მიუგლერის სამოდელო სახლის კრეატიული დირექტორი ვიყო-მეთქი. როდესაც ოცნება ამისრულდა, იმ ჟურნალისტმა სტატიის ფოტო გამომიგზავნა და კითხვაც მოაყოლა: ნათელმხილველი ხომ არ ხარო?

- ხანდახან ოცნებები სრულდება...

- ასეცაა, რადგან თუ რაღაც ძალიან გინდა, მიზნადაც დაისახავ და მიელტვი, დიდი შანსი გაქვს, აგიხდეს. მაგრამ ის უბრალოდ ოცნება კი არა, რეალური ოცნება, უდიდესი სურვილი უნდა იყოს, რის გარეშეც ვერ იცხოვრებ, რაც ადამიანად გაქცევს და ჰაერივით გჭირდება, ხოლო მის "შესასუნთქად" მთელ დღეს ლოგინში კი არ გაატარებ, მის მოსაპოვებლად თავს არ დაზოგავ. ახალგაზრდებს ყოველთვის ვეუბნები, რომ ცხოვრებაში ერთი, დიდი, შორეული და რეალური მიზანი უნდა დაისახონ, მაგრამ მეორე დღესვე კი არ უნდა ეცადონ მის მიღწევას? ყველაფერი ვიზუალურად უნდა წარმოიდგინონ და დაჰყონ შედარებით პატარა და იოლ ეტაპებად. საქმეს რომ შეუდგებიან, ნელ-ნელა იგრძნობენ, როგორ მიიწევენ იმ მთავარი მიზნისკენ...

ასე თუ არ მოიქცევი და თავიდანვე ნახტომით ეცდები მიზანთან მისვლას, მხოლოდ და მხოლოდ განიხიბლები, რადგან მიზანს ვერაფრით მიაღწევ. დღეს უკვე დიდი ვარ და შემიძლია ყველაფერი ეტაპებად და პუნქტებად ჩამოვაყალიბო, ეგებ, ვინმემ გამოიყენოს კიდეც ცხოვრების გზაზე, მაგრამ მაშინ ამ კანონზომიერების შესახებ ნამდვილად არაფერი ვიცოდი. შეიძლება ინტუიციით ვხვდებოდი რაღაცას ან სხვა, ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების რჩევებს ვუგდებდი ყურს, ერთი კი ფაქტია, რომ მიზანს მივაღწიე, ოღონდ მერე, თითქოს, აღარ ვიცოდი, რით გამეგრძელებინა - ბოლო 4 წლის განმავლობაში მხოლოდ ვმუშაობდი და ვმუშაობდი, ახალი მიზნებისა და პროგრამების მოსაფიქრებლად დროც არ მქონდა. მთავარი იყო, ყველა საქმე მომესწრო, რადგან ერთდროულად ორ ქალაქს, ორ სახლსა და ორ "გუნდს" შორის ვიყავი გაბმული. ეს იოლი სულაც არ არის. ბევრს ვმოგზაურობდი და ბევრ რამეს ვსწავლობდი, ვეცნობოდი ადამიანებს და მრავალრიცხოვან საზოგადოებასთან ურთიერთობას.

როდესაც ხელმძღვანელ თანამდებობაზე აღმოვჩნდი, სხვა პასუხისმგებლობები დამეკისრა - გუნდურად სამუშაოდ ადამიანებისთვის შთაგონება და მოტივაცია უნდა მიმეცა. ეს არც მოდას უკავშირდებოდა, არც ნიჭს და არც ხელოვნებას, მას სხვა უნარი სჭირდებოდა, რასაც თავად უნდა მიაგნო. იოლი არაა, კორპორაციაშიც იმუშაო და თავისუფალ ხელოვნადაც დარჩე; შენს ხელქვეითებთან დისციპლინაც დაამყარო და შთაგონებაც მისცე; ერთდროულად, მკაცრიც იყო და ლმობიერიც, ასე რომ, ნელ-ნელა ყველაფერი დავძლიე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ესეც იმ საქმისა და პროფესიის ნაწილია, რაც ავირჩიე და თუკი მინდა, იმ დონეზე ვიყო, რაც ჩავიფიქრე, შესაბამისი თვისებებიც უნდა მქონდეს, ყველაფრის თავისუფლად მართვა რომ შევძლო. ამიტომაც ვამბობ, რომ ბოლო 4 წელიწადი, ერთდროულად, მუშაობის წლებიც იყო და - სწავლისაც.

- ნუთუ ამ ეტაპზე ყველაფერი გაკმაყოფილებს?

- ყველაფერი იდეალურადაა. ერთადერთი, რაც ამ წლების განმავლობაში შედარებით რთული აღმოჩნდა, ის იყო, რომ ამდენი ვიშრომე, ყველა სამუშაო მოვასწარი, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე მოდუნება და წარმატებით ტკბობა. ასე, ხომ, ზომბად შეიძლება იქცე! თუმცა უკვე ისეთი გამოცდილება მივიღე, სამომავლოდ ამასაც დავაბალანსებ და მუშაობასთან ერთად სიამოვნებასაც მეტს მივიღებ. ვერ წარმოიდგენ, ეს რა მნიშვნელოვანია...

- სამოდელო სფეროში, თანაც - ევროპაში, დიდი კონკურენციაა. არ მიამბობ, როგორ გახდი მიუგლერის სახლის კრეატიული დირექტორი?

- კონკურენცია ნამდვილად არის, მაგრამ... ასეთ სამუშაოს ჩვეულებრივი ფორმით არ ეძებენ. შენ ცხოვრობ, საქმიანობ და, პარალელურად, საკუთარ სურვილებს "აგზავნი" სამყაროში. შემდეგ, რაღაც მომენტში, ვარსკვლავები სათანადოდ განლაგდებიან და სამყაროც "გპასუხობს": ვიღაც გირეკავს სასურველი შემოთავაზებით და შენც თანხმდები... მოკლედ, სამუშაო ტრადიციული ფორმით არასდროს მიძებნია, არ შემიდგენია რეზიუმე და არ მაქვს პორტფოლიო. უბრალოდ, ვცხოვრობდი და ვმუშაობდი, ეს სამუშაო კი ხარისხიანი და წარმატებული იყო. მერე, რომ იტყვიან, შესაფერის ადგილას და შესაფერის მომენტში აღმოვჩნდი სწორედ მე - კონკრეტული საქმისთვის შესაფერისი ადამიანი!

"მიუგლერს" ყოველთვის დიდი სახელი ჰქონდა, მაგრამ მე რომ მივედი, სახლი გაჩერებული იყო, არაფერი ხდებოდა. მართალია, მემკვიდრეობა დაგვხვდა, მაგრამ ყველაფერი მაინც ნულიდან დავიწყეთ - ატელიე ავაწყეთ, დიზაინერები ავიყვანეთ. უშუალოდ ჩემს გუნდში 2 დიზაინერი აქსესუარებზე მყავს, 3 - მთავარ ხაზზე, ერთი სტუდიო-მენეჯერია და კიდევ, თავად მე ვარ. ერთ კვირას ლონდონში ვცხოვრობ, მეორე სამუშაო კვირას - პარიზში. ლონდონში დილის 4 საათზე ვიღვიძებ, მატარებელ Eurostar-ით ყოველთვის ადრიანად, დილის 05:40 საათზე მივემგზავრები პარიზში, 2 საათ-ნახევარში ჩავდივარ და ალიონსაც იქ ვხვდები. 09:30 საათზე კი უკვე სამსახურში ვარ. სამუშაო დღის ადრიანად დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან სხვაგვარად დღე გამიტყდება და ვერაფერს გავაკეთებ. პარასკევს ბოლო რეისით ვბრუნდები ხოლმე ლონდონში და უქმეებს ყოველთვის შინ ვატარებ.

- უკვე მსოფლიომ გაგიცნო და შენს სამოსს სახელგანთქმული ვარსკვლავები იცვამენ. მინდა იცოდე, რომ შენი კოლექციები და წარმატება საქართველოშიც ბევრს აღაფრთოვანებს. საინტერესოა, "ცნობილები და პოპულარულები" თავად გიკვეთავენ კონკრეტულ სამოსს თუ შენ ურჩევ, პირადად გხვდებიან თუ აგენტების მეშვეობით ურთიერთობთ?

- ვარსკვლავების შემოსვა კონკრეტულ მიზნად არასდროს დამისახავს. ვმუშაობდი და როდესაც იმ დონეს ავცდი, რის შემდეგაც ხელოვანს მსოფლიოში გზა ეხსნება, ურთიერთკავშირიც ბუნებრივად დამყარდა - ჩვენებებზე, შეხვედრებზე, ინტერნეტით... ვარსკვლავები ჩემს ბრენდს - DAVID KOMA-ს უწევენ პოპულარიზაციას, მე კი საშუალებას ვაძლევ მათ, კარგად გამოიყურებოდნენ; ეს შესანიშნავი ქალბატონები ჩემს საქმესა და შემოქმედებას შთააგონებენ, მე კი ვქმნი, რათა ჩემმა სამოსმა მათი საქმიანობა გაალამაზოს და უკეთ წარმოაჩინოს. ამ ადამიანების უმრავლესობას პირადად არც შევხვედრივარ და აქ არაფერია გასაოცარი, თუმცა ჩვენს საქმეში პირად ურთიერთობებსაც თავისი ხიბლი აქვს. თითოეულ ვარსკვლავს საკუთარი სტილისტი ურჩევს სამოსს და ჩვენც ის გვიკავშირდება. ძალიან მსიამოვნებს, როდესაც თითოეული რამდენჯერმე იცვამს ჩემს შეკერილს, განსაკუთრებით - სხვადასხვა კოლექციისას.

მაგალითად, მსახიობმა და მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა 10-15-ჯერ ჩაიცვა ჩემი ტანსაცმელი, ასევე, ხშირი მომხმარებელია მომღერალი ბიონსე, კიდევ - კაილი მინოუგი, რომელთან ვახლობლობ კიდეც, რადგან ისიც ლონდონში ცხოვრობს, მსახიობები: ჯესიკა ალბა, ქეით ჰადსონი, ჯენიფერ ლოურენსი. ჩოგბურთელი მარია შარაპოვაც ერთ-ერთი მათგანია, იგი ძალიან მიყვარს და ვახლობლობთ კიდეც... ყველას მართლაც ვერ ჩამოვთვლი.

ზოგადად, ვინმეს გამორჩევაც არ მიყვარს, სამაგიეროდ, მიყვარს, როდესაც კინოს, მუსიკის, სპორტის, პოლიტიკის, ჟურნალისტიკის ანუ სხვადასხვა სფეროს წარმატებული ქალები DAVID KOMA-ს ირჩევენ. მომავალი წლის გეგმები სწორედ DAVID KOMA-ს დაუკავშირდება. ვფიქრობ, დროა, ჩემი ბრენდი კიდევ უფრო განვავითარო და გუნდიც გავაძლიერო. ამით DAVID KOMA-ს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყება...

- შენი ცხოვრების გეოგრაფიული არეალი ფართოა: დაიბადე და ცხოვრობდი თბილისში, სანქტ-პეტერბურგში, ახლა - ლონდონსა და პარიზში და თითოეულ მათგანთან რაღაც წილი დიდი სიყვარული გაკავშირებს...

- მადლობელი ვარ საკუთარი თავის, რომ სწორედ ამ განხრით შევძელი მოტივირება და მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, ყოველთვის და ყველაფერში მხარში რომ მედგნენ. ჩემმა ამდენმა გადაადგილებამ, ერთმანეთისგან განსხვავებულმა კულტურამ, ეროვნებამ, ცხოვრებისადმი, საქმისა და ხელოვნებისადმი მიდგომამ თვალსაწიერი ძალიან გამიფართოვა.

- ვიდრე DAVID KOMA-ს ბოლო პერიოდის ერთ-ერთ კოლექციაში ქართულ ხაზს შექმნიდი, მახსოვს, დიდხანს იმუშავე არქივებში და შედეგი ძალიან ეფექტიანი აღმოჩნდა. ქართველებმაც ძალიან მოგიწონეს.

- როდესაც, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, თბილისში ჩამოვედი, მივხვდი, რომ სისხლმა იყივლა და დრო იყო, ქართულ თემაზე მემუშავა. გავაკეთე კოლექცია - მიქსი და ქართულ ნაციონალურ კოსტიუმს მივუძღვენი. შარშან, ზამთარში მოვაწყვე ჩვენება, კოლექციას ქართული საუნდტრეკი გავაყოლე და ყველაფერმა ძალიან დიდი წარმატებით ჩაიარა. კოლექცია ძალიან პირადული გამოვიდა და მასში ყველაზე მეტი სული და გული ჩავდე. ეს მოდის კრიტიკოსებმაც აღნიშნეს... საქართველო ჩემი სამშობლოა და მიხარია, ჩამოსვლა რომ მოვახერხე; მიხარია, მთაწმინდას რომ ვუყურებთ და ისე ვლაპარაკობთ; ძალიან მიხარია, რომ ყოველი ჩამოსვლისას უკეთესი, კიდევ უფრო განვითარებული თბილისი და საქართველო მხვდება; იცი, საზღვარგარეთ რამდენმა უცხოელმა მითხრა, საქართველოში ტურით ვიმოგზაურე და აღვფრთოვანდიო... ძალიან მიხარია, ტურიზმი ასე რომ ვითარდება...

- შენ როდის აპირებ საქართველოს დათვალიერებას?

- მეგობრებმა მოვილაპარაკეთ და ჩემი შემდეგი ჩამოსვლა სწორედ საქართველოს დათვალიერებას მიეძღვნება.

იხილეთ ფოტოგალერეა

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)