"ცეცხლი შენობის ზედა სართულზე გაჩნდა" - 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ხანძარს, ბოლო ინფორმაციით, 11 ადამიანი შეეწირა - კვირის პალიტრა

"ცეცხლი შენობის ზედა სართულზე გაჩნდა" - 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ხანძარს, ბოლო ინფორმაციით, 11 ადამიანი შეეწირა

ბოლო ინფორმაციით, ბათუმში სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 11 ადამიანი, ათზე მეტი  კი დაშავდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულებიდან ორ მათგანს მოტეხილობა აღენიშნება, ხოლო რვას ძირითადად კვამლის შედეგად ინტოქსიკაცია აქვს მიღებული. ისინი ბათუმის სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან მოთავსებული.

გარდაცვლილთა ცხედრები ბათუმის სამხარაულის სახელობის პროზექტურაშია გადასვენებული, მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

როგორც ცნობილი გახდა, სასტუმრო "ლეო გრანდში" იმყოფებოდნენ "მის საქართველოს" კონკურსანტები. "ტვ პირველის" ეთერში სამოდელო სააგენტო "იმიჯ ცენტრის" მენეჯერმა მაცაცო გულუამ განაცხადა, ყველა კონკურსანტი უსაფრთხოდაა.

"კონკურსანტები, ყველა ერთად ვახშამზე ვიყავით. როგორ გაჩნდა ხანძარი და რა მოხდა, ჩვენ არ ვიცით. 20-ვე კონკურსანტი კარგად და ჯანმრთელად არის, გადაყვანილი ვართ სასტუმროში", - განაცხადა გულუამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის სამაშველო ჯგუფები ჩაერთვებიან.

"გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-დან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში 20:01 საათზე შევიდა შეტყობინება ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე 20:04 სთ-ზე მივიდნენ.

ადგილზე მობილიზებულია აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს 12 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-მდე მეხანძრე-მაშველი. ინტენსიურად მიმდინარეობს ცეცხლი ქრობის პროცესი. დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უახლოეს წუთებში ჩაერთვებიან გურიის, სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებიდან.

"პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ზედა სართულზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მოქალაქეთა ევაკუაცია რთულად მიმდინარეობს. სამართალდამცველები იცავენ სასტუმროს მიმდებარე პერიმეტრს. ამ დროისთვის, ღია ცეცხლის კერები შენობაში არ შეინიშნება", - აცხადებენ შს სამინისტროში.

მათივე ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ბათუმში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო "ლეო გრანდი" 2015 წლის ივნისში საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. როგორც იმჟამინდელი პრესა იუწყებოდა, ამ პროექტის განხორციელებაზე 40 მილიონი დოლარის თურქული ინვესტიცია დაიხარჯა. სასტუმროში 180 ნომერია. მისი მშენებლობა 2012 წლის სექტებერში დაიწყო და ის გაშენენებულია 6000 კვადრატულ მეტრზე, პროექტის ავტორია ცნობილი თურქი ინჟინერი აშქინ ჰიზმანი.