"რატომ დამეღუპა შვილი?!" - სიკვდილი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს კედლებში - კვირის პალიტრა

"რატომ დამეღუპა შვილი?!" - სიკვდილი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს კედლებში

24 ნოემბერი კიდევ დიდხანს ემახსოვრება საქართველოს... კიდევ დიდხანს არ გაქრება შიშის, დაუცველობისა და უსუსურობის განცდა თითოეულ ჩვენგანში, ნელ-ნელა რომ გვეუფლებოდა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ფეშენებელურ სასტუმროში გაჩენილი ხანძრის ყურებისას.

ათი საქართველოს და ერთი ირანის მოქალაქე შეიწირა ხანძარმა, 21 კაცი კი მძიმედ დაშავდა, რომელთა ნაწილი ამ დრომდე საავადმყოფოშია. ჯერ კიდევ უცნობია მიზეზი, რა მოხდა 24 ნოემბერს სასტუმროში, რას შეეწირა ხუთვარსკვლავიან "ლეოგრანდში" სავარჯიშოდ და დასასვენებლად მისული ახალგაზრდების სიცოცხლე.

გთავაზობთ ამონარიდებს გაზეთ "კვირის პალიტრის" სტატიიდან:

"დედა, მიშველე, ვკვდები, შენდობას ვითხოვ ყველაფრისთვის", - დედა გაოგნებული ისმენდა ერთადერთი შვილის ამ მოულოდნელ სიტყვებს, უცებ ვერ გაერკვა, რას გულისხმობდა მისი 22 წლის სიცოცხლითა და სიკეთით სავსე ბექა, ვითომ ხუმრობდა? თუმცა სასულიერო აკადემიის საუკეთესო მოსწავლე, სტიქაროსანი და სათნოებით გამორჩეული ბექა ასე როგორ შეაშინებდა მარტოხელა დედას?! მაშინ რა ხდებოდა? დედამ ხომ სულ ცოტა ხნის წინ სახლიდან თვითონვე გააცილა "ლეოგრანდის" ფიტნესკლუბში სავარჯიშოდ?!.. ქალს მოულოდნელი ზარის გამო ერთბაშად გაჩენილი კითხვებისგან თავბრუ დაეხვა, მაგრამ როდესაც გაურკვევლობა დედის საზარელმა ინტუიციამ ჩაანაცვლა, მთელი ხმით დაიყვირა: - "ბექა, სად ხარ?"... ყურმილის მეორე მხარეს ხმას არავინ იღებდა, ტელეფონის ზარი კი კიდევ დიდხანს და ისტერიკულად რეკავდა სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩერებულ ლიფტში, სადაც ბექასთან ერთად სიცოცხლით სავსე კიდევ შვიდი ახალგაზრდა უგონოდ იწვა, მათ უსულო სხეულებს კი ცეცხლის შავი კვამლი ეპატრონებოდა...

"ავღანეთში მყავდა სამივე შვილი, ერთი ნაღმზეც აფეთქდა, მაგრამ გადამირჩა, მაინტერესებს აქ რა მოხდა, მშვიდობიან ადგილზე... რატომ დამეღუპა შვილი?!." - ამბობს გარდაცვლილთაგან ერთ-ერთის - ზაურ აბულაძის მამა. (იხილეთ ვიდეო)

"შუქი ჩამქრალა, ლიფტი კვამლით გავსებულა და..."

დაღუპულებიდან რვა ლიფტში, ერთი - აუზში, ორი კი სავარჯიშო დარბაზში იპოვეს, მათ შორის იყვნენ მარად შანთაძე, ზაურ აბულაძე, გიორგი ცინცაძე, დათო ქამადაძე, როინ ჯოყილაძე, დავით ლორთქიფანიძე და ბექა შათიკაშვილი. ბექას მსგავსად, ერთ-ერთი ტაძრის სტიქაროსანი იყო გიორგი ცინცაძეც, რომელიც "ლეოგრანდში" ხანძრის გაჩენამდე ერთი საათით ადრე სავარჯიშოდ მივიდა. მისი ახლობელი, სალომე კოპალეიშვილი იხსენებს: "ცინცო" - ასე ვეძახდით მას მეგობრები. საოცარი იუმორი ჰქონდა. ცოტა ხნის წინ დაოჯახდა, ულამაზესი მეუღლე და ტყუპი ბიჭები დაგვიტოვა. როდესაც სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, გიორგი და სხვა ახალგაზრდები ლიფტში შესულან, რომ როგორმე შენობიდან გამოეღწიათ, მაგრამ შუქი ჩამქრალა, ლიფტი კვამლით გავსებულა და გიორგი გაიგუდა. კიბე ვერ უპოვიათ დანარჩენებსაც, როგორც ვიცი, ერთ-ერთი მეზღვაური იყო და წინადღეს ჩამოსულა ნაოსნობიდან. სიბნელე იყო და ვერ ხვდებოდნენ, რომელ მხარეს უნდა გასულიყვნენ, გზას ვერ აგნებდნენ, კარიც ჩაკეტილა - ძლიერდებოდა დაკვამლიანება და ადამიანები იგუდებოდნენ. გარდაცვლილები 23, 26 და 27 წლისანი არიან.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად