"ასლანს ვეღარავინ გაგვიცოცხლებს..." - კვირის პალიტრა

"ასლანს ვეღარავინ გაგვიცოცხლებს..."

"ასლანის მშობლებს შორს მოუხდათ შვილის გადასვენება"

ბარათაშვილის ქუჩაზე დატრიალებულმა უბედურებამ, რომელსაც 14 წლის მოსწავლე, ასლან მამედოვი შეეწირა, საზოგადოება შეძრა. თბილისის 70-ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე, ავტობუსის გაჩერებაზე შემინული შენობიდან ჩამოვარდნილმა მინამ იმსხვერპლა; ხელისუფლების წარმომადგენლები ამ უბედურებაში შესაძლო დამნაშავეების უმკაცრესად დასჯის შესახებ ლაპარაკობენ, თუმცა ეს ტრაგედიის მასშტაბს ნამდვილად ვერ შეცვლის. მომხდარმა უმძიმესი კვალი დატოვა მამედოვის თანაკლასელებსა და დამრიგებელ ფატი კვატაშიძეზე, რომლებთან ერთადაც, ასლან მამედოვი "მაკდონალდსში" მიდიოდა.

ადგილობრივთა თქმით, მასწავლებელს სადამრიგებლო კლასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ფატი კვატაშიძეს პირველი სადამრიგებლო კლასი წელს, იანვარში ჩააბარეს, რის გამოც ბავშვებზე განსაკუთრებულად ზრუნავდა.

გაკვეთილების შემდეგ თექვსმეტი  მე-7 კლასელი მოზარდი, მასწავლებელთან ერთად, #44 ავტობუსში ჩაჯდა და "მაკდონალდისკენ" გაემართა. უბედურება კი ავტობუსის ბოლო გაჩერებაზე მოხდა, სადაც ავტობუსიდან გადმოსულ ასლან მამედოვს დაახლოებით 15 მეტრიდან ჩამოვარდნილი მინა დაეცა, მსუბუქად დაშავდა კიდევ 5 ბავშვი.

როგორც ამბობენ, ასლან მამედოვის დამრიგებელი ჯერაც ვერ მოვიდა გონს, ქალი მომხდარის გამო კვლავ შოკშია. ახლობლებმა გვითხრეს, რომ ასლანი წესიერი და შრომისმოყვარე ბიჭი იყო, რომელიც გარშემო უკლებლივ ყველას უყვარდა. გარდაცვლილის ახლობელმა დათო რამინოვმა მასზე საუბრისას თავი ვერ შეიკავა და ატირდა.

- მომხდარისგან გონს კიდევ ვერ მოვდივართ, ბიჭი ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო, ოპერაციამდე გაუჩერდა გული. ასლანს ახალგაზრდა დედ-მამა ჰყავს, ოჯახს ორი შვილი დარჩა, მაგრამ, ერთი შვილი მეორეს როგორ შეცვლის? ასლანის მშობლებს შორს მოუხდათ შვილის გადასვენება, - რუსთავთან ახლოს რომ მუსლიმანური სასაფლაო, სადაც ასლანის პაპაა დაკრძალული, უკვე დახურულია; ამიტომ ბიჭი დმანისში, დედის სოფელში წაასვენეს დასაკრძალად. გამოდის, ქუჩაში გასვლაც კი სახიფათოა, არავინ ვართ დაცული... ასლანს ვეღარავინ გაგვიცოცხლებს, მაგრამ დამნაშავე მარტო იმიტომ უნდა დაისაჯოს, სხვისი შვილებიც არ იმსხვერპლოს ადამიანთა გულგრილობამ და გაუფრთხილებლობამ.

იხილეთ ასევე: რა განცხადებას აკეთებს შენობის ადმინისტრაცია, საიდანაც დღეს ჩამოვარდნილ შუშას მოზარდი ემსხვერპლა?

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)