ბუბა კიკაბიძე: "ასეთ საქართველოში ცხოვრება აღარ მინდა, ალბათ დავტოვებ ქვეყანას!" - კვირის პალიტრა

ბუბა კიკაბიძე: "ასეთ საქართველოში ცხოვრება აღარ მინდა, ალბათ დავტოვებ ქვეყანას!"

"ბიძინა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფისთვის შეუდარებია და რაღა გვიჭირს, ცოცხალი გვყოლია ლეგენდარული მეფე, ამდენს რომ ვეძებდით მის საფლავს"

"თუ საქართველოში კიდევ ასე გაგრძელდა, ძალიან ბევრი წავა ამ ქვეყნიდან და მეც წავალ! მე 80 წელს გადავაბიჯე და ჩემი წასვლა შეიძლება არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ იმას ვამბობ, რომ ასეთ საქართველოში ცხოვრება არ მინდა!" - გვითხრა ბუბა კიკაბიძემ, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე სასაუბროდ დავუკავშირდით:

- კვლავაც ცხინვალის იზოლატორში რჩება საკუთარი ბაღიდან გატაცებული სამი შვილის დედა, ეს ხომ საშინელებაა, მთავრობა ამაზე დღე და ღამე უნდა ფიქრობდეს! ეს არის მთელი ქვეყნის სირცხვილი! რა გვეზეიმება, როდესაც ქართველი ქალი ცხინვალის იზოლატორში კაცმა არ იცის რა დღეში ჰყავთ! მე ახლა კახეთში ვარ, ჩემთვის თბილისობაზე არავის დაუძახია, რადგან იცოდნენ რომ არ მივიდოდი! არ რეკავენ, რადგან იციან უარს ვიტყვი ამ ზეიმებზე!

- ისე თქვენი, ხელოვანების პროტესტიც არსად გვინახავს გატაცებული ქალის მხარდასაჭერად...

- იცით რაშია საქმე? - თუ ამაში ხელოვანები უნდა ჩაერიონ, მაშინ ეს არის ქვეყნის, მთავრობის ძალიან დიდი სირცხვილი! ხელოვანებმა თუ ციხიდან ქალი გამოვიყვანეთ, ქვეყანა აღარ გვქონია! მთავრობა უნდა ფიქრობდეს დ აკეთებდეს ყველაფერს, მე როგორც ვხედავ, არაფერსაც  არ ფიქრობენ და არც აკეთებენ! ვიმედოვნებ, რომ ამ ქალბატონს დიდხანს ციხეში აღარ გააჩერებენ. სირცხვილი ის არის, როცა ქალი მოიტაცეს და ჩვენთან ზევით მთავრობაში ისეთი სიჩუმე იყო, თითქოს არაფერი მომხდარიყოს! სამარცხვინო ამბავია სამი ბავშვი რომ გულგადაცივებული ელის დედას როდის დაუბრუნებენ!

- თქვენი კოლეგების უმეტესობა, ისევე როგორც ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს... თქვენ რა აზრის ხართ?

- არ გეცინებათ, როდესაც მაგ კითხვას მისვამთ?! რუსეთთან ყოფნა თუ გვინდოდა, ისედაც ვიყავით, იქედან არავინ გვაგდებდა! რუსეთი თავს არ გვანებებს და ამიტომ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: ჩვენ ისევ საომარ მდგომარეობაში, ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ! ვხედავ, რომ ძალიან ბევრი ახლაც რუსეთს უჭერს მხარს! ეს არის სამშობლოს ღალატი!

- სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს გულისხმობთ და ამას თქვენს კოლეგებზეც ამბობთ?

- დიახ, ყველაზე ვამბობ! მათზე ვამბობ, რომლებსაც სურთ ისევ ვაშლი გაყიდონ რუსეთში... ან თავისუფლები უნდა ვიყოთ, ან მონები! სალომე ზურაბიშვილის ხელში მგონია რომ თავისუფლები ვერ ვიქნებით! რასაც მე ვუსმენ, აშკარაა რომ პრორუსული ქალია! ბიძინა ივანიშვილს თამარ მეფისთვის შეუდარებია და რაღა გვიჭირს, ცოცხალი გვყოლია ლეგენდარული მეფე, ამდენს რომ ვეძებდით მის საფლავს!

- რას იტყოდით კანაფის კულტივაციის ინიციატივაზე? - ხომ არ გექნებათ, რომ მომაწევინოთ? - ეგ არის ჩემი უკანასკნელი ნატვრა... ეს ირონიით და ისე კი ძალიან შეძრწუნებული ვარ! ქართველებს ერთი უბედურება გვჭირს: სიგლახეს მალე ვითვისებთ! ეგღა გვაკლია ჩვენთან მარიხუანას პლანტაციები ავაბიბინოთ... იძახიან ისრაელს და დიდ ბრიტანეთს აქვსო და ჯერ ბრიტანული ცხოვრების დონეზე ავიდეთ, მარიხუანაზე მერე ვიფიქროთ! მე ერთი რამ ვიცი! როგორც კი აქ მარიხუანას პლანტაციები იქნება – ექიმი, მძღოლი, მასწავლებელი თუ მუშა, ყველა მოწეული ივლის 24 საათი! პლანტაცია, რომ იქნება, ვიდრე ექსპორტზე გავა, უმეტესობა აქვე გვერდზე გაიყიდება!

- თქვენ როდისმე მოგიწევიათ?

- კი, ახალგაზრდობაში მომიწევია და საშინელებაა! არავის ვურჩევ მოწიოს! თან გვაბოლებენ სამედიცინო კანაფზე ვლაპარაკობთო... მარიხუანა არის მარიხუანა! რაც არ უნდა ეცადო, ვერ გააკეთილშობილებ მის მავნე თვისებებს!

- აშკარაა, რომ ქვეყანაში არაფერი არ მოგწონთ... რას ისურვებდით?

- მე ერთ რამეს ვიტყვი, არჩევნებზე ყველა უნდა გავიდეთ და ჩვენს სასურველ კანდიდატს მივცეთ ხმა, მაგრამ სახლში ნუ დავრჩებით! იქ გამოჩნდება, რამდენად ვვარგივართ, გვინდა გვქონდეს თავისუფალი ქვეყანა,  თუ - არა! ისე მიდის ყველაფერი, რომ თავისფლებას დავკარგავთ მალე! ძალიან ცუდ თემებზე ვსაუბრობთ და უკვე ნერვები მეშლება! თუ საქართველოში კიდევ ასე გაგრძელდა, ძალიან ბევრი წავა ამ ქვეყნიდან და მეც წავალ! მე 80 წელს გადავაბიჯე და ჩემი წასვლა შეიძლება არაფერს ნიშნავდეს, მაგრამ იმას ვამბობ, რომ ასეთ საქართველოში ცხოვრება არ მინდა!

პ.ს. ინტერვიუ უკვე გამოქვეყნებული იყო, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმმა მაია ოთინაშვილი და აკაკი დოთიაშვილი გაათავისუფლა

იხილეთ ასევე: "ალამ მითხრა, ბუბა, ძალიან მომენატრეო"

(სპეციალურად საიტისთვის)