"ბანკის თანამშრომელს რომ ვუთხარი, გუგლში ვმუშაობ-მეთქი, ვა, გენიოსი იქნები შენო"
"ბანკის თანამშრომელს რომ ვუთხარი, გუგლში ვმუშაობ-მეთქი, ვა, გენიოსი იქნები შენო"
ფოტო:თორნიკე მანძუ­ლაშვილი
ზოგი თორნაიკს მეძახის... ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, ვისაც პირველივე ცდით წარმოეთქვას ჩემი გვარი. აქ ჩემს გარდა კიდევ ორი ქართველი მუშაობს

23 წლის თორნიკე მანძუ­ლაშვილი­ google-ს ლონდონის ფილიალის თანამშრომელია. ამბობს, რომ აქ მუშაობა პრესტიჟული, საამაყო და დიდი გამოცდილების მომცემია. თორნიკეს ლონდონში დავუკავშირდით.

- 90-იანების თაობა ვარ და ბავშვობაც შესაბამისი მქონდა - უშუქობა, უგაზობა, სკოლაში შეგროვილი ფონდის ფული "სალიარკის" შესაძენად, კლასი რომ გაგვეთბო... მაშინ ვერც ვიფიქრებდი, რომ წლების შემდეგ სადმე გავემგზავრებოდი.

მათემატიკა
ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა. სკოლაში რომ მივედი, ათასის ფარგლებში ვიცოდი მიმატება-გამოკლება. მოგვიანებით მასწავლებელმა მირჩია, ვეკუას სახელობის სკოლაში გადადიო. ოლიმპიადებში დავიწყე მონაწილეობა. ჯერ საქართველოში მივაღწიე წარმატებებს, მე-11 კლასში კი მათემატიკის ნაკრებშიც მოვხვდი და დაიწყო შეჯიბრებები სხვადასხვა­ ქვეყანაში. ამასთან ერთად, ინფორმატიკა ვისწავლე სპეციალიზებულ სკოლაში. მალე ინფორმატიკის ოლიმპიადებშიც ვმონაწილეობდი
საქართველოს სახელით. ბოლოს ინფორმატიკის განხრით წავედი - თავისუფალ უნივერსიტეტში ჩავაბარე კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე. პირველად საზღვარგარეთ სამუშაოდ 2016 წელს გავემგზავრე.

იქ ჯერ სტაჟირებით უნდა წახვიდე და თუ კარგი შთაბეჭდილება მოახდინე, კონტრაქტს გიფორმებენ. Google-ში არ მიმართლებდა, თავიდან სხვა ქსელში დავიწყე მუშაობა სტაჟიორად ამერიკაში, სილიკონის ველზე, პალო-ალტო ჰქვია ქალაქს. მერე, როგორც იქნა, გამიმართლა და სამი უარის შემდეგ Google- ში სტაჟირებაზე ამიყვანეს.

ბევრი პროგრამისტისთვის საოცნებოა აქ მუშაობა. ათეულობით ათასი ადამიანი მუშაობს Google-ს სხვადასხვა ქვეყნის ფილიალში. სტაჟირების შემდეგ დავბრუნდი საქართველოში. სწავლა დავამთავრე. ახლა უკვე Google-ს ლონდონის ოფისში ვმუშაობ სრულ განაკვეთზე. როცა გადაწყდა, რომ ამიყვანდნენ, მკითხეს, სად გირჩევნია მუშაობაო. შვეიცარია ვუთხარი, მაგრამ ამისთვის სამწლიანი მუშაობის გამოცდილება იყო საჭირო, არადა, ახლა ლონდონი მომწონს.

აქ სიმწვანე მეტია, ვიდრე­ საქართველოში. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებულია, დიდი ორსართულიანი ავტობუსები მოძრაობს - ჩვენსავით სამარშრუტო ტაქსები კი არ დადის, შავ კვამლს რომ უშვებს. მეტრო ყველაზე პოპულარული ტრანსპორტია. დანიშნულების ადგილზე მოსახვედრად საკუთარი მანქანით უფრო გვიან მიხვალ, ვიდრე - საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

თუმცა აქ ბიუროკრატიული ბარიერი ბევრია. რაღაც საბუთი დამჭირდა და ჯერ ერთგან გამიშვეს, მერე - მეორეგან, მერე... მატარეს ასე, წინ და უკან. ჩვენ იუსტიციის სახლი გვაქვს, სადაც ერთ სივრცეში ყველანაირ საბუთს აიღებ. რაღაცებში ჩვენ ვჯობნით, თუმცა, ძირითადად, ისინი არიან წინ.

- კოლეგებს ხომ არ უჭირთ შენი სახელისა და გვარის წარმოთქმა?
- ზოგი თორნაიკს მეძახის... ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, ვისაც პირველივე ცდით წარმოეთქვას ჩემი გვარი. აქ ჩემს გარდა კიდევ ორი ქართველი მუშაობს.
ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ. ძვირია ლონდონში ცხოვრება. აქ დაბალ პოზიციაზე სამსახურის შოვნა ძალიან იოლია. მთავარია, მერე როგორ აუყვები კარიერის საფეხურებს...

ბანკის თანამშრომელმა რაღაცები მკითხა და რომ ვუთხარი, გუგლში ვმუშაობ-მეთქი, ვა, გენიოსი იქნები შენო, დაასკვნა. ზოგიერთ ქვეყანაში Google-ს თანამშრომლებს ვიზასაც ადვილად აძლევენ, ბევრი შეკითხვის გარეშე.

- შენი მეორე ნახევარი როგორი იქნება?
- ჭკვიანი. რა თქმა უნდა, ლამაზიც, ქართველი...

- 10 წლის შემდეგ სად წარმოგიდგენია თავი?
- პროფესიის შეცვლას არ ვაპირებ. იქნებ - საქართველოშიც... ახლა იმ ასაკის ვარ და იმ პოზიციაზე ვმუშაAობ, დიდ გამოცდილებას რომ შემძენს. რა თქმა უნდა, ამ გამოცდილებას საქართველოს მოვახმარ.

...
12 დეკემბერი 2018 11:49
Magari biji xar
თამარ მანძულაშვილი
20 ნოემბერი 2018 00:19
გილოცავ! წარმატებებს დაბედნიერ მომავალს გისურვებ! გამრავლდი და გაიხარე! უფალი გფარავდეს!
მზია
19 ნოემბერი 2018 12:48
ღმერთმა დაგლოცოს. საქართველოს უმრავლოს შენისთანა ნიჭიერი ახალგაზრდები. მხოლოდ შენითანა ახალგაზრდები ააყვავებენ საქართველოს. ბედიერია ყველა შენი ახლობლები და სრულიად საქართველო რომ ასეთი საამაყო ახალგაზრდა ყავს ქვეყანას.გვიხარია და გვეამაყები ყველას.

რუბრიკის სხვა სიახლეები