"გაისმა ჯადოსნური სიტყვა "მატორ"... მთელი ის სცენა სესილიამ ხელებით გაითამაშა" - კვირის პალიტრა

"გაისმა ჯადოსნური სიტყვა "მატორ"... მთელი ის სცენა სესილიამ ხელებით გაითამაშა"

"გაისმა ჯადოსნური სიტყვა "მატორ"... მთელი ის სცენა სესილიამ ხელებით გაითამაშა"

კინოში მუსიკის, ხმისა და სხვადასხვა ეფექტის როლზე რეჟისორ ნანა ჯანელიძეს იმ ფილმების მაგალითზე ვესაუბრეთ, რომლებიც მის შემოქმედებას უკავშირდება.

ფოტოგალერეა

- მუსიკა კინოს ერთ-ერთი უდიდესი მხარეა. თუმცა უამრავი არაჩვეულებრივი ფილმია, რომელსაც ფონად მუსიკა არ გასდევს, სამაგიეროდ, მასში გამოყენებული ხმოვანი რიგი ერთგვარ მუსიკას ქმნის.

- თქვენს შემოქმედებაში გამოყენებულ რამდენიმე კინომუსიკასა და ფილმის დასამახსოვრებელ მომენტებზე ვისაუბროთ.

- ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, როდესაც თენგიზ აბულაძემ მომცა შესაძლებლობა "ნატვრის ხის" შემოქმედებითი ჯგუფის წევრი გავმხდარიყავი. ფილმისთვის ბიძინა კვერნაძემ არაჩვეულებრივი მუსიკა დაწერა, მაგრამ რატომღაც არ მოუხდა ფილმს. ფაქტობრივად, ამ ფილმში არც არის მუსიკა, მხოლოდ ხმოვანი რიგია გამოყენებული.

როდესაც მარიტას ვირზე შესვამენ უკუღმა, ამ ეპიზოდში საოცარი დახასიათება აქვს გოგლა ლეონიძეს, ხალხის მასა ღვარცოფივით მოდიოდა, წალეკა მთელი სოფელიო. ამ ღვარცოფივით მომავალთა კადრს ბატონმა თენგიზმა მიტოვებულ ეკლესიაში მტრედების სარკმლიდან სარკმლამდე გადაფრენისას ფრთხიალის ხმა დაადო. მართლაც შემაშფოთებელი ხმა იყო. ექოც ჰქონდა. ჩემი აზრით, საუკეთესოდ მოერგო იმ კადრებს.

განსაკუთრებით დამამახსოვრდა იმ სცენის გადაღება, როდესაც სესილია თაყაიშვილის გმირი მარიტას დასტირის. ამ ეპიზოდის გადაღებაზე დასასწრებად მთელი სოფელი მოვიდა. ყველა ელოდა, რომ რაღაც წარმოდგენას ნახავდნენ. ამ დროს დასტაცეს ხელი სესილია თაყაიშვილს ლომერ ახვლედიანმა და თენგიზ აბულაძემ და ჩასვეს ტალახში. ყველა გაყუჩდა და გაისმა ჯადოსნური სიტყვა "მატორ" თუ არა, სესილიას დიდი მონოლოგი უნდა წაეკითხა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არანაირი სიტყვა არ იყო საჭირო და მთელი ის სცენა სესილიამ ხელებით გაითამაშა.

სცენა, სადაც ვარლამ არავიძის გმირი ოპერა "ტრუბადურის" არიას მღერის და მისი ბრიყვი მოხელეები - რიკტაფელოვი და დოქსოპულო ორკესტრის პარტიას ითავსებენ სიმღერით, საინტერესოდ დაიგეგმა. ავთო მახარაძე, რომელსაც როგორც თვითონ ამბობს, სმენა არა აქვს, ამ ნომრის მოსამზადებლად ნოდარ ანდღულაძესთან წავიდა. მთელი პარტია ასწავლა ბატონმა ნოდარმა, თავისი ჟესტიკულაციითა და ყველა ნიუანსით. მაშინ მქონდა ჩანაწერი იუსი ბიორლინგის შესრულებით და ის გამოვიყენეთ, არც მომსვლია აზრად, თუ რა სირთულე შეიძლებოდა ამას გამოეწვია - გახმოვანებისას აღმოჩნდა, რომ ბიორლინგის ტემპს ვერც ერთი ტენორი ვერ იღებდა. ალეკო ხომერიკს ძალიან გაუჭირდა ამ ტემპში სიმღერა, თუმცა საბოლოოდ შესანიშნავად გაართვა თავი. დოქსოპულოსა და რიკტაფელოვს ანზორ ერქომაიშვილი და გოგი დოლიძე ახმოვანებდნენ. კარგად ჩაჯდა ეს სცენა ფილმში.

- ვარლამ არავიძის სიზმარია კიდევ ძალიან შთამბეჭდავი.

- ვარლამს ცოდვები ტანჯავდა და ჩაკეტილი იყო ბუნკერში, მზეს, სინათლეს, ნათელს ემალებოდა... არაჩვეულებრივია ის კადრი, მზეს რომ ეჩხუბება...

- ფილმის ფინალური სცენა და ფრაზა "ეს გზა ტაძართან მიმიყვანს?" სიმბოლური და დამაფიქრებელია. - ეს როლი უნდა ეთამაშა სოფიკო ჭიაურელს და ხელოვნურად უნდა დაბერებულიყო, თითქოს ფუფალა ერთი ფილმიდან მეორეში გადმოდიოდა. როდესაც დაურეკა ბატონმა თენგიზმა, უთხრა, რაღა მე უნდა დამაბერო, აგერ დედაჩემი გადავიღოთო. მაშინ ვერიკო 83 წლის იყო, ვერც კი შეჰბედა ბატონმა თენგიზმა. სოფიკომ უთხრა, აგერ გადავიღოთ სახლთანო. მართლაც, იქვე გადავიღეთ, ფანჯარასთან.

- ანუ ფიქრის გორაზეა ის აღმართი, ფილმში ტაძრისკენ რომ მიდის? - იმ აღმართზე სხვა ადის, ქალბატონი ვერიკოს მხოლოდ კითხვის დასმის კადრი გადავიღეთ ფანჯარასთან.

- "იავნანა" - კიდევ ერთი დასამახსოვრებელი სურათი, რომელიც თქვენს შემოქმედებას უკავშირდება. - ამ ფილმში მთავარი სიმღერა იყო. გია ყანჩელს რომ მოვუყევი, რა და როგორ მინდოდა, მითხრა, ამას ყველაზე კარგად ჯანო კახიძე გაგიკეთებს და როდესაც დაწერს, აუცილებლად სთხოვე, სიმღერის გაორკესტრება ვატო კახიძემ ითავოსო. მართლაც ვთხოვე ბატონ ჯანოს. მაშინ გასტროლებზე მიდიოდა, 2 თვეში რომ დაბრუნდა და არაჩვეულებრივად იმღერა ის, რაც დაწერა... "ალილო" ვატომ დაწერა, ისევე როგორც "ბატონების" სიმღერა, რომელიც აღარ გამოგვიყენებია ფილმში. თამრიკო ჭოხონელიძემ იავნანას სხვანაირი სითბო შემატა. მისი შემოქმედების ერთ-ერთი სავიზიტო ბარათივითაა ეს სიმღერა.

- თანამედროვე კინოში მეორე პლანზე გადავიდა კინომუსიკა... ყოველ შემთხვევაში, დიდი ხნით რომ დაისადგურებს მეხსიერებაში, ასეთი მუსიკა კარგა ხანია აღარ დაწერილა. - მართალია. ამას ბევრი მიზეზი აქვს, უპირველესად, ალბათ, რეჟისორის სურვილი. მნიშვნელოვანია ისიც, დრამატურგია რამდენად ითხოვს მუსიკას. ამასთან, კარგი მუსიკის შექმნას და ჩაწერას თანხები სჭირდება. ბოლო პერიოდში ძალიან საინტერესო მუსიკა შექმნა სოსო ბარდანაშვილმა "სიმინდის კუნძულისა" და "პრეზიდენტისთვის". იმედია, ისევ დაუბრუნდება მუსიკა კინოს და ისევ შეიქმნება ისეთი მელოდიები, როგორსაც ქმნიდნენ ბიძინა კვერნაძე, რეზო ლაღიძე, გოგი ცაბაძე და სხვა გიგანტები.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება"

იხილეთ ვიდეო - კადრი ფილმიდან "ნატვრის ხე"