"ყველაზე მეტად ბედის და იღბლის მჯერა. რაც გიწერია, არ აგცდება"
17-11-2018
"ყველაზე მეტად ბედის და იღბლის მჯერა. რაც გიწერია, არ აგცდება"
ფოტო:კრისტი ყიფშიძე, ზაზა კოლელიშვილი, დალი ჩიტალაძე
შავი კატის გადარბენა, მარილის დაბნევა, სარკის გატეხა ბევრისთვის უმნიშვნელო ამბავია, ბევრისთვის კი უსიამოვნების მომასწავებელი. ზოგს საქმის დაწყების წინ თავისი­ რიტუალი­ აქვს, ზოგიც თილისმად ქცეულ ამა თუ იმ ნივთის იმედად ეძებს წარმატებას. ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ, თუ რომელი ცრურწმენების სჯერათ ცნობილ ადამიანებს.

"მარცხენა ხელისგულის ქავილი კარგის მომასწავებელია"

ნატო გელაშვილი, მომღერალი: - სცენაზე და სახლიდან გასვლის წინ ყოველთვის პირჯვარს ვიწერ. მარცხენა­ ხელისგული თუ
მექავება, სულაც არ არის ცრურწმენა, რომ ფულს ვიშოვი. ერთხელ შუა
ზღვაში მარცხენა ხელის ისეთი ქავილი ამიტყდა, გავიფიქრე, რა დასაჯერებელია გამოთქმა, რომ ახლა ფულს ვიშოვი-მეთქი. ამოვედი ზღვიდან და მეუბნებიან, გასკდა შენი ტელეფონი რეკვითო. ავიღე ყურმილი და ერთ-ერთ ძალიან მაღალანაზღაურებად კონცერტზე მიწვევდნენ. მას მერე მარცხენა ხელისგული რომ
მექავება, სამჯერ ვაკოცებ და თავზე გადავისვამ ხოლმე. დაცდილი მაქვს, კარგის
მომასწავებელია.

საერთოდ ვუსმენ მოხუცებს, მათი საუბრიდან რაღაცები მამახსოვრდება. რაღაც დავცადე, რაღაც - არა. ღამით ნაგავი არ უნდა გადაყაროო, ესეც მათგან გამიგონია, ბარაქა გადის ოჯახიდანო. ცუდი სიზმარი თუ ნახე, წყალს უნდა მოუყვეო - მე ამას ცრურწმენებს არ ვეძახი. მოხუცების შემონახული დაკვირვებებია. ზოგი ამბობს, წარბი მითამაშებს, თვალი მითამაშებსო, მე ესენი არ დამიცდია, მაგრამ მყავს მეგობრები, რომლებიც ასეთ რამეებსაც ყურადღებას აქცევენ. ვურეკავ და ვამოწმებ ხოლმე თიმსალ-მაკოებში - ეს რას ნიშნავს, ის რას ნიშნავს-მეთქი. ახალგარეცხილი მანქანის მინას ჩიტი რომ "გამილამაზებს", იმის მაგივრად, სახე მომეჟამოს, ვამბობ ხოლმე, კარგია, ე.ი. ფული მოდის-მეთქი. უკვე ჩვევად მაქვს, ჩიტების "საჩუქარზე" ყოველთვის ამ სიტყვებით ვრეაგირებ.

"ისეთი თამაში მომიგია კატის გადარბენილზე, ნეტავ ყველა თამაშის წინ გადაერბინა"

ზურა ხიზანიშვილი, ფეხბურთელი: - ცნობილი ამბავია, რომ ფეხბურთელებს მოედანზე გასვლის წინ სხვადასხვა რიტუალი აქვთ. ქრისტიანობა ამას არ აღიარებს და მეც არ მჯერა, მაგალითად, იმის, რომ მარჯვენა ფეხით უნდა ადგე, მარჯვენა ფეხი შედგა მინდორზე, რომ თამაში მოიგო. მე ასეთი რაღაცები არ მახასიათებდა.

შოტლანდიურ გუნდ "რეინჯერში" ვთამაშობდი, სადაც ფეხბურთელების უმრავლესობა პროტესტანტები იყვნენ. მე და შოთი არველაძე მინდორზე პირჯვარს არ ვიწერდით, რადგან შეიძლება გულშემატკივრებს ეს არაერთგვაროვნად გაეგოთ. ამიტომ თამაშის წინ გასახდელში ვლოცულობდით და ისე გავდიოდით მოედანზე. 13 ნომრით ვთამაშობდი და ეს რიცხვი მიყვარს. კატის გადარბენაც სულაც არ მაქვს ცუდად დაცდილი, ისეთი თამაში მომიგია კატის გადარბენილზე, ნეტავ ყველა თამაშის წინ გადაერბინა... (იხილეთ სრულად)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით