"გააჩერეთ, მომაჯდა!" - ენაკვიმატი უროლოგის სახალისო ამბები - კვირის პალიტრა

"გააჩერეთ, მომაჯდა!" - ენაკვიმატი უროლოგის სახალისო ამბები

ექიმის პროფესია ყველაზე საპასუხისმგებლო და რთულია, მათ ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან უწევთ ურთიერთობა და ხშირად, უცნაურ ამბებს აწყდებიან. ახალი წლის დღეებში უროლოგ ვალერი (ვატო) დოლიძეს ვთხოვე, პაციენტებთან დაკავშირებული სახალისო ამბები გაეხსენებინა. სპეციალობიდან გამომდინარე, მოსაყოლი და გასახსენებელი ბევრი აქვს.

ენაკვიმატი აღმოჩნდა ექიმი, რომელიც 3 წელია, კლინიკაში უროლოგად მუშაობს. ამბობს, - არ მქონდა დაგეგმილი უროლოგიაში წამოსვლა, მაგრამ დღეს კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით. მომწონს ჩემი პროფესიაო. სტუდენტობის წლებში, იგი გურიაში, "სასწრაფოშიც" მუშაობდა და საუბარი გურული ამბების მოყოლით დაიწყო.

"გააჩერეთ, მომაჯდა!"

- ჩოხატაურში "უაზის" ტიპის "სასწრაფო" ჰყავდათ. მაშინ სტუდენტი ვიყავი და სტაჟიორად ვმუშაობდი. მიხაროდა გამოძახებაზე გასვლა; ვენაში, კუნთში ნემსის გაკეთებას ვსწავლობდი. წავედით გამოძახებაზე. მძღოლის გვერდზე დაჯდა ექიმი, მე და კიდევ ერთი გოგონა, რომელიც ასევე, პრაქტიკაზე იყო, უკან ჩავჯექით, სადაც საკაცე დევს. პაციენტს ბზიკმა უკბინა. აგვისტოს პაპანაქება დღეა და ფანჯარა ოდნავ შევაღე, რომ ჰაერი შემოვიდეს. უცებ, მანქანაში ბზიკი შემოფრინდა.

ჩავიცუცქე და საკაცის ლეიბი თავზე წამოვიფარე. ის გოგონაც შეშინებული შემოძვრა, მაგრამ ლეიბი კისერს იქით აღარ ეყო. ბზიკი ზურგზე მიაჯდა და აკივლდა განწირული ხმით: გააჩერეთ, მომაჯდაო. ექიმი ქალბატონი მეგრელია და მესმის, მძღოლს ეუბნება, - ხოხ, რა "მუჟიკი" ყოფილა ეს ჩვენი ვალერი, ჩვენიც არ ერიდება ისე მიაჯდა გოგოს და ნახე, როგორ აყვირებსო.

მძღოლი ეუბნება, - არ გეიხედო უკან, რამე ისეთს არ წააწყდეო. განაგრძო გზა, გოგო ისევ კივის. ბოლოს მეც ავკივლდი: - გააჩერეთ მანქანა, დროზე-მეთქი. - ბიჭიც აყვირდა, ეტყობა რაღაც ხდება, - თქვა მძღოლმა და მანქანა გააჩერა. სასწრაფოდ გავაღე კარი და გავაგდეთ ბზიკი (იცინის).

"წეიღეთ, შვილო, მაინც ღორებიზა მაქვს"

- წავედით გამოძახებაზე გურიის ერთ სოფელში. ვუმკურნალეთ ასაკოვან პაციენტს და ჩვენი წასვლის დრო რომ მოვიდა, მამაკაცი ცოლს ეუბნება, - ქალო, მიდი, ექიმებს პატივი ვცეთ და მანდარინი გავატანოთო. ქალი ეკითხება: რითი გავატანო, პარკით თუ "მეშოკითო"? - მგონი, ამ პასუხზე დაარტყა მეორედ წნევამ ავადმყოფს: რა მეშოკით, ქალო, ცელოფანის პარკითო... გავიდა ცოლი ოთახიდან. გადის 10 წუთი და არ ჩანს. არადა, არ გვიშვებს ეს მამაკაცი და უცებ, კარზე წიხლის მირტყის ხმა ისმის, იღება კარი და რას ვხედავთ - 2 დიდი ცელოფანის პარკი გაუვსია ქალს მანდარინით და ძლივს მოათრევს.

გაკვირვებულებმა ვკითხეთ, - ამდენი რად გინდოდათ, ქალბატონო? - წეიღეთ, შვილო, მაინც ღორებიზა მაქვს ეს მანდარინიო.

კარტოფილი არ გამაგონო

- პაციენტთან მივედით გამოძახებაზე. მამაკაცს მაღალი წნევა აქვს. ექიმმა მითხრა: ვალერი, კაპტოპრილი მიეციო. პაციენტმა მუდარით, საცოდავი ხმით მთხოვა: გეხვეწები, შვილო, კარტოფილს ნუ მიხსენებ და რაც გინდა, ის მომეცი, ახლა ვჭამე კარტოფილიო.

დოლიძეები...

- გურიაში ვართ გამოძახებაზე და ისე მოხდა, რომ ექიმი, ექთანი და მძღოლი - ყველანი დოლიძეები აღმოვჩნდით. ივსება პაციენტის ისტორია, სადაც წერია დიაგნოზი, რა ჩაუტარდა, რეკომენდაცია და ვინც მივიდა გამოძახებაზე ყველას გვარი. ერთი ასლი რჩება პაციენტთან.

გამოვდივართ კარში და კაცი იძახის, - თქვენ არ იცით, ახლა რას ვარ მე გადარჩენილი. ჯერ ერთი, ამდენი ყაჩაღი შეიყარეთ ერთად, ერთ ბრიგადაში და მეორეც, დოლიძე და ექიმი ვის გაუგონიაო? პაციენტს ფირალი სიმონა დოლიძე გაახსენდა (იღიმის).

ნუგზარი დაარქვით

- "უაზით" მშობიარე გადმოგვყავს საავადმყოფოში. სოფლის გზებზე ქალს გაუძლიერდა ტკივილი და მშობიარობა გზაში დაეწყო. მანქანაში ვამშობიარეთ. მძღოლი ემოციებშია და აჟიტირებული ყვირის, - ბედნიერი კაცი ვარ, ჩემს მანქანაში ქალმა იმშობიარა და ამ ბავშვს აუცილებლად ჩემი სახელი, ნუგზარი უნდა დაარქვათო. ხელში მიჭირავს პატარა და ვხედავ, გოგოა. რა ნუგზარი, გოგონა დაიბადა-მეთქი. - მაშინ, ნათელა მაინც დაარქვით, "ნ"-ზე ხომ იწყებაო...

"დაგრჩენ, დაგრჩენ"...

- პაპანაქება სიცხეა. მე და ექიმი შევედით პაციენტთან გამოძახებაზე და მძღოლი მანქანაში დარჩა. საათზე მეტი დაგვჭირდა, რომ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურებულიყო. გამოვდივართ ეზოდან, ვჯდებით მანქანაში და ისმის მეზობლის ყვირილი: "არ წახვიდეთ, დაგრჩენ, დაგრჩენ..." შევხედე, წნევის აპარატი მაქვს, ყუთიც მიჭირავს და წამლებიც ადგილზეა. - რა დაგვრჩა, ქალბატონო? - მძღოლი დაგრჩათ, მძღოლი, აგერ სძინავს ჰამაკშიო.

"ჩინურია, ბიჭო, ჩინური"

- ეს ამბავი უროლოგიას ეხება. ოპერაცია გავუკეთეთ პაციენტს, გავწერეთ და 10 დღის შემდეგ, მოდის გინებითა და ყვირილით: მე ციხიდან ახალი გამოსული ვარ. აქ ოთხი კაცის მოსაკლავად მოვედი. მოგკლავთ და დავბრუნდები ისევ ციხეშიო. ვეკითხებით მიზეზს და ამბობს, - ცოლმა მითხრა, ექიმებმა დაგიპატარავეს, მანამდე მამაპაპური, ქართული მქონდაო. - არ შევხებივართ მაგ ადგილს, ბატონოო, - ვუმტკიცებთ. ის არ ჩერდება, რაღაცების ახსნას ცდილობს, თანაც - დეტალებში. გადავირიე, ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი: შენ მამაპაპური კი არა, ჩინური გქონია, ბიჭო, ჩინური-მეთქი.

დაგვალოცვინე

- სვანს ვუკეთებთ ოპერაციას. ჩვენივე სართულზე არის კვების ბლოკი. შედის სვანი და მისი მნახველები, სულ 8 კაცი. ერთმანეთში რაღაცას სვანურად ლაპარაკობენ, მერე მათგან ერთ-ერთი ჩვენს მზარეულთან მიდის და ეუბნება: ახლა, მისმინე, ჩვენი მეგობარი იკეთებს დღეს ოპერაციას და მოდი, დაგვალოცვინე ერთი ჭიქით. - საავადმყოფოში დალევა არ შეიძლება და არც მაქვს სასმელი, - პასუხობს მზარეული. - კარგი მაშინ, - უპასუხა სვანმა და მეგობრებთან დაბრუნდა. ცოტა ხანში უკვე მეორე მივიდა მზარეულთან: მისმინე კარგად, შენთვის რომ გაქვს გადადებული, ის მაინც დაგვალევინეო.

"ექიმი ამას არ მაკადრებდა..."

- მოვიდა პაციენტი და უკანა ტანში გასაკეთებლად სანთლები გამოვუწერე. მეორე დღეს მირეკავს გამწარებული და ყვირის: ექიმო, ძალიან ცუდად ვარ, რამე მიშველეო. მესმის სახლში დიდი ხმაურია, ცოლი უყვირის, - მომეცი ყურმილი ჩქარა, მე ავუხსნი, ხომ ხედავ, ვეღარ ლაპარაკობო. - ექიმო, თქვენ რომ სანთელი გამოუწერეთ, ვუთხარი, რომ უკანა ტანში უნდა გაეკეთებინა, მაგრამ არაფრით დამიჯერა, - ასე არ იქნება. მე ამას ექიმი არ მაკადრებდა, ტყუი შენ, ეს დასალევი წამალიაო. ჰოდა, დალია. კისერში არ გადასდიოდა, ლიტრი წყალი დასჭირდა, რომ გადაეყლაპა, ახლა კი ძალიან ცუდად არისო.

პაციენტის ცოლს ვურჩიე, "სასწრაფო" გამოეძახებინა და გადაიყვანეს საავადმყოფოში, ანაფლაქციური შოკით.

"სად მაგზავნი, ექიმო?"

- ერთი გურული პაციენტი გვყავდა. გავუკეთეთ ოპერაცია და შემყავს ექოსკოპისტთან. ცოტა ემოციური ადამიანია. დალი ექიმი ეუბნება: არაფერი საგანგაშო არ გაქვთ, ყველაფერი კარგად მიდის. თამამად შეგიძლიათ წახვიდეთ და ცოლს მოუყვეთ ეს ამბები, მას ეჭუკჭუკოთო. პაციენტმა შეხედა ექოსკოპისტს, - რას ამბობთ, ექიმო, სად მაგზავნით? ცოლთან ჯერ რომ არ მინდა წასვლა, იმიტომ გავიკეთე ოპერაცია, თქვენ კი მასთან საუბარს მთავაზობთო?..

თურმე, მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს.

გამოსამშვიდობებელი საღამო

- 85 წლის პაციენტი გვყავდა, უნივერსიტეტის ლექტორი მამაკაცი და პროსტატის ოპერაციას იკეთებდა. ოპერაციის დღეს დამწუხრებული მეკითხება: ვალერი, ჩემი კაცობის საქმე როგორ იქნებაო? გავოცდი, 85 წლის კაცი რა კაცობაზე მელაპარაკება-მეთქი? მან კი განაგრძო: ოპერაციის მერე უნდა დავემშვიდობო მაგას, არა? - არა, რატომ, როგორც იყავით, ისე გააგრძელებთ. - ბიჭო, ეს რა მითხარი? - თავში წაიშინა ხელი: - მეგონა, ოპერაციის მერე საერთოდ არაფერი შემეძლებოდა და გუშინ ჩემს პარტნიორს გამოსამშვიდობებელი საღამო მოვუწყვე. ხომ მოვკალი ქალი ნერვიულობით...

იხილეთ ასევე: ფიქრია ექიმის კურიოზები, რომელმაც უკვე ოთხჯერ გადაარჩინა ადამიანის სიცოცხლე

თეა ხურცილავა ჟურნალი "გზა"