"ქმარმა გამა­ფრთხილა, მარიხუანასკენ რომ გაიხედო, მოგკლავო... ჯერ კიდევ მეგონა, რომ ნარკომანი არ ვიყავი და..." - კვირის პალიტრა

"ქმარმა გამა­ფრთხილა, მარიხუანასკენ რომ გაიხედო, მოგკლავო... ჯერ კიდევ მეგონა, რომ ნარკომანი არ ვიყავი და..."

ნარკომანი ქალის დღიური

ზუსტად არ ახსოვს, როდის და როგორ დაიწყო ყველაფერი. რამდენჯერმე თანატოლებთან "მოსაწევი" გასინჯა. შემდეგ "თინეიჯერული კომპლექსების მოხსნას" მოუხშირა - მეგობრები ურჩევდნენ, მოწევა სულიერი თავისუფლების პოვნაში დაგეხმარებაო.

მოსწავლეობისას გათხოვდა. ქმარი ნარკომომხმარებელი იყო, მაგრამ ცოლს მსუბუქი ნარკოტიკის მიღებასაც უკრძალავდა. თუმცა მეგობრებმა გადაწყვიტეს ერთხელ "წამალიც" გაესინჯათ... 20 წლისამ აღმოაჩინა, რომ ნარკოდამოკიდებული იყო. რამდენიმე წლის შემდეგ ნარკოტიკების მოხმარება-შენახვის ბრალდებით დააკავეს...

39 წლის ანა "კვირის პალიტრას" თავისი ცხოვრების უმძიმეს წლებზე უამბობს...

თინეიჯერული კომპლექსების "სამკურნალოდ..."

"90-იანი წლები იყო და სახლში არც სითბო გვქონდა, არც დენი, არც ტელევიზორი. სკოლაში გაკვეთილები მაინც არ გვიტარდებოდა და თავიდან უბრალოდ ვერთობოდით. სკოლის დამთავრებამდე გავთხოვდი. უბანში ყველაზე "მაგარ ბიჭს", 24 წლის გიოს გავყევი ცოლად. ის უკვე ნარკომომხმარებელი იყო, რაც ჩემი თაობის გოგოებისთვის ტრაგედია არ ყოფილა.

გიომ მკაცრად გამაფრთხილა, მარიხუანასკენ ერთხელაც რომ გაიხედო, მოგკლავო. მალე დავფეხმძიმდი, თუმცა ბავშვი თანდაყოლილი გულის მანკით დაიბადა და დაიღუპა. ეს იყო პირველი შოკი ჩემს ცხოვრებაში. მივხვდი, სამყარო მხოლოდ გასართობად არ იყო შექმნილი. გარშემო ყველასა და ყველაფერს ვადანაშაულებდი, მათ შორის, ქმარსაც.

მერე ისევ ძველი მეგობრებისკენ გამიწია გულმა. გიოს მათთან ურთიერთობა არ დაუშლია, თუმცა სულ მაკონტროლებდა. მეც სახლში ვიჯექი და ჩემი "ბანდაც" გარშემო ტრიალებდა. მათ შორის იყვნენ ჩემი ქმრის მეგობრების ცოლებიც - სკოლის მერხიდანვე მოტაცებულ-გათხოვილი გოგონები. ერთხელ სააბაზანოში სარკის უკან "გამზადებული" შპრიცი ვიპოვე. სახლში სამი გოგო ვიყავით და დიდხანს არ გვიმსჯელია - ერთხელ გავსინჯოთ და მორჩაო. კონკრეტულად რა იყო, არ ვიცოდით. სხვა შეგრძნება არ მახსოვს, მხოლოდ ცხელ ტალღას ვგრძნობდი მთელ სხეულში.

საღამოს გიო რომ დაბრუნდა, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. სააბაზანოდან გაფითრებული გამოვიდა ოთახში, მითხარი, რომ შენ არ აგიღიაო. ამ სცენისთვის მზად ვიყავი და ისეთი კონცერტი გავუმართე, ამას როგორ მაბრალებ-მეთქი, რომ ხმა აღარ ამოუღია. რამდენიმე ხნის შემდეგ ასეთივე "საჩუქარი" (ასე შევარქვით გოგოებმა, მარიხუანას კი "მალენკაია სტრანას" ვეძახდით) სხვამაც მოიტანა. გიო ფრთხილობდა და სახლში არაფერს ტოვებდა, მაგრამ მე ოჯახისთვის დატოვებული ფულის დიდ ნაწილს ვაძლევდი იმას, ვინც ამ საქმეში "ცალკე არხი გაჭრა".

ვუსმენდით "ნირვანას" და მიგვაჩნდა, რომ განსაკუთრებულები ვიყავით, თავი მაგარი ტიპები გვეგონა და "შკოლნიკებივით" არ ვცხოვრობდით. ჩვენი კერპი კურტ კობეინი იყო. უბანში ტატუ პირველმა ჩემმა დაქალმა გაიკეთა. ეს იყო უმძიმესი 90-იანები და იმ ნაცრისფერ თბილისში უდიდეს სიამოვნებას ვიღებდით. ჩემი ქმარი ერგნეთის მხარეს დადიოდა, ბიზნესიც ჰქონდა და "საჩუქრებსაც" არ იკლებდა. გაგრძელება