"დათოს ძმაც ამ მშენებლობაზე მუშაობდა, ის შეესწრო ამ ტრაგედიას. თავისი თვალით ნახა ცოცხლად როგორ ჩაიმარხა მისი ძმა მიწაში" - კვირის პალიტრა

"დათოს ძმაც ამ მშენებლობაზე მუშაობდა, ის შეესწრო ამ ტრაგედიას. თავისი თვალით ნახა ცოცხლად როგორ ჩაიმარხა მისი ძმა მიწაში"

31 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევას ორი ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. ისინი ვაკეში, ყოფილი ლეჩკომბინატის შენობაში მშენებლობაზე მუშაობდნენ, როცა მოულოდნელად მიწა ჩამოიშალა და ორი ადამიანი ჩაიყოლა. დიდხანს ცდილობდნენ მაშველები ახალგაზრდების პოვნას, სამწუხაროდ, ვერც ერთი მათგანის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

მომხდარიდან ცოტა ხანში 26 წლის ბიჭს მიაგნეს, თითქმის 8-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს მაშველებმა მეორე - 44 წლის მამაკაცი, რომელიც გორიდან იყო, მას მეუღლე და შვილები დარჩა. გარდაცვლილის 17 წლის ვაჟი იმ 8 საათის განმავლობაში არ მოშორებია შემთხვევის ადგილს, უყურებდა როგორც ცდილობდნენ მაშველები მისი მამის პოვნას. იგი დღეს ტრაგედიის მიზეზების დადგენას ითხოვს. როგორც ამბობენ, თვითონაც მშენებლობაზე მუშაობდა, უბრალოდ, ტრაგედიის დროს სამსახურში არ იყო. მეორე გარდაცვლილი, 26 წლის დავით აბესაძე ჭიათურაში გადაასვენეს.

მუშების დაღუპვის ფაქტს საზოგადოების დიდი პროტესტი მოყვა, ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ისინი შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. უმძიმესია გასული წლის სტატისტიკა, რომელიც სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა. 2018 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად 59 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 199 დაშავდა.

სამწუხაროდ, ხშირად იღუპებიან ადამიანები და ცალსახაა, თითქმის ყველა შემთხვევაში მიზეზი უსაფრთხოების წესების არარსებობაა. ამ ტრაგედიის დეტალებს გამოძიება დაადგენს და ალბათ დამნაშავეებიც დაისჯებიან, მაგრამ ეს ვერანაირი ნუგეშია იმ ადამიანებისთვის, ვინც ოჯახის წევრები დაკარგეს.

გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა სპეციალისტები უკვე ხმამაღლა ლაპარაკობენ, რომ სამშენებლო კომპანიას უსაფრთხოების ნორმები დაცული არ ჰქონდა. ჭავჭავაძის გამზირის #5-ში სამუშაოების მწარმოებელ ძირითად კომპანია შპს "ლეჩკომბინატს", სამუშაოების წარმოების უფლება დროებით შეუჩერდა. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე განმარტავს, რომ შემოწმების შედეგად გამოვლინდა რამდენიმე ნორმის დარღვევა, მათ შორის შრომის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ საკითხებში. "მიმდინარეობს მოკვლევა, როცა დასრულდება პროცესი, გვექნება შესაძლებლობა მეტი ვთქვათ ტექნიკურ ხარვეზებთან დაკავშირებით. თუმცა უშუალოდ მე ვიყავი პროცესში ჩართული და ერთი შეხედვით, ფიქსირდებოდა დარღვევები ტერიტორიაზე, იყო კუსტარული მანქანა-დანადგარები, ასევე, სხვადასხვა ადგილას იყო ღიობები, რომლებიც შესაბამისი წესით არ იყო დაცული. ვსაუბრობ პირველადი მონაცემებით, ხოლო დანარჩენზე საუბარი ინსპექტირების შემდეგ იქნება შესაძლებელი", - განაცხადა ბექა ფერაძემ. ისიც ცნობილია, რომ უკვე დააჯარიმეს ის კომპანიები, რომლებიც სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდნენ. კომპანია "ტრანსმშენი" 7 000 ლარით დაჯარიმდა. კიდევ ერთი კომპანია "ხიმიჯ სერვისი" კი 1000 ლარით, რადგან არ ჰქონდა შესაბამისი რეგისტრაცია მძიმე, მავნე და საშიში სამუშაოების წარმოებისთვის.

ქუჩაში გამოსული ხალხი სახელმწიფოსგან სასწრაფოდ ზომების მიღებას ითხოვს. "ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები ყოველდღიურად იხოცებიან სამსახურში. ეს ხდება იმიტომ, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ნება დაიცვას ისინი და უზრუნველყოს მათი ღირსეული უსაფრთხო შრომის პირობები. ჩვენ ამას ვაპროტესტებთ და სახელმწიფოსგან ვითხოვთ აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა და არ ითვალოს მსხვერპლის სტატისტიკა. ამ ქვეყანაში ყველას აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი პასუხისმგებლობა", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, იურისტმა ვახუშტი მენამდემ.

ისინი თბილისის მერთან კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ. თავის მხრივ კალაძემ მზადყოფნა გამოთქვა შეხვედრის და სავარაუდოდ ამ დღეებში იგი აქციის რამდენიმე აქტივისტს შეხვდება და პრობლემის გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ. აქციაზე დაუმორჩილებლობისთვის 6 ადამიანი დააკავეს.

გლოვაა დაღუპულების ოჯახებში. ახლობლებს ძალიან უჭირთ მათზე წარსულ დროში საუბარი. სოციალური ქსელი აჭრელებულია ტკივილიანი სტატუსებით. დავით აბესაძე ჭიათურაში დაიბადა და გაიზარდა, საფარის საჯარო სკოლა დაამთავრა, მისი ოჯახი ჭიათურაში, ავარიონის დასახლებაში ცხოვრობს.

ტრაგედიის ადგილი ჭავჭავაძის გამზირზე

"დათო ოჯახის უფროსი შვილი იყო. 4 ძმა ჩემს თვალწინ გაიზარდა. ძალიან მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. ძალიან თბილი, ყურადღებიანი, მშრომელი, სხვებზე მზრუნველი, სათნო და კეთილი ბიჭი იყო. ოჯახს ეკონომიურად უჭირდა, მაგრამ მშობლები ყველანაირად ცდილობდნენ შვილებისთვის არაფერი მოეკლოთ. მართლა მაქსიმუმს აკეთებდნენ. 4 ვაჟის გაზრდა არ არის იოლი საქმე.

დათოს მამა მაღაროში მუშაობდა, შემცირებაში მოყვა და კარგა ხანია უმუშევარია. დედამისი ჭიათურაში, საბაგიროში მემანქანედ წლებია მუშაობს. არ ვიცი მაია როგორ გადაიტანს შვილის სიკვდილს. საოცრად მზრუნველი დედაა. სხვისი გასაჭირი გულთან რომ მიაქვს ისეთი. ერთ კორპუსში წლების განმავლობაში ვცხოვრობდით. მართლა ძალიან შრომისმოყვარე, პატიოსანი ბიჭები გაზარდეს. თავისით გაიკვალეს გზა ბიჭებმა. წამოიზარდნენ და შრომობდნენ, თვითონ იწყობდნენ ცხოვრებას. ერთმა ძმამ იმავე კორპუსში იყიდა ბინა, 4 ძმებიდან ორი - ბექა და გოგა დაოჯახებულია.

შეყვარებული ჰყოლია, სექტემბერში უნდა ჰქონოდა ქორწილი. ბედნიერებისთვის ემზადებოდა, ბევრს შრომობდა, ეტყობა პირობები რომ მოეწყო და უცებ ეს საშინელება მოხდა. მისი შეყვარებული გოგო გორიდან არის. ცხედარი თბილისიდან რომ ჩამოასვენეს ჭიათურაში, ის გოგოც მოჰყვა, განადგურებულია.

ვიღაცეების დაუდევრობას რატომ უნდა ეწირებოდეს მშრომელი ადამიანები, ასე რატომ უნდა ნადგურდებოდეს ოჯახები. ბიჭი ცოლის შერთვაზე ოცნებობდა, მომავალზე ოცნებობდა და ყველაფერი წამში დამთავრდა. დათოსთან ერთად, იმ სამშენებლო კომპანიაში მისი ძმაც მუშაობდა, ის შეესწრო ამ ტრაგედიას. თავისი თვალით ნახა როგორ ცოცხლად როგორ ჩაიმარხა მისი ძმა მიწაში. წარმოიდგინეთ, რა მძიედ იქნება, უყურა ამ ყველაფერს. როგოროც ამბობენ, რომ ამოუყვანიათ მაშველებს დათოს ცხედარი მიწიდან, ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილა, სუნთქავდაო, სამწუხაროდ, მალე დაიღუპა. უმძიმესია ამაზე საუბარი. ისეთი საცოდაობა ტრიალებს სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. პატიოსანი შრომით პოულობდნენ თავიანთ ლუკმას და ასეთი დასასრული რატომ, ღმერთო? ხან თურქეთში დადიოდნენ ძმები სამუშაოდ, ხან თბილისში. სულ შრომობდა და ამიტომ ბოლო დროს ხშირად ვერც ჩამოდიოდა ჭიათურაში", - ამბობს აბესაძეების ოჯახის მეზობელი ქალბატონი.

"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს.

იხილეთ ასევე: რა შენდება ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ჩამოშლილმა მიწამ ქვეშ 2 ადამიანი მოიყოლა