"ფაქ­ტის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ, პრე­ზი­დენ­ტმა არ იცო­და ოთხმე­ზუ­რის მკვლელს რომ იწყა­ლებ­დო" - კვირის პალიტრა

"ფაქ­ტის გახ­მა­უ­რე­ბის შემ­დეგ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ, პრე­ზი­დენ­ტმა არ იცო­და ოთხმე­ზუ­რის მკვლელს რომ იწყა­ლებ­დო"

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სკანდალური შეწყალებების შემდეგ საზოგადოებაში ვნებათაღელვა არ წყდება. მოკლულების ოჯახები განმარტებას ელიან, რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა მათი ახლობლების მკვლელები და ხელისუფლებას ამ საქმეების დაუყოვნებლივ გამოძიებას თხოვენ.

შეწყალებულთა შორის აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის 18 წლის შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არსენ ბეჟანიძეცაა. ის უკვე თავისუფალია, არადა დამნაშავის დასჯას ოჯახი 12 წელი ელოდა. მოკლულის მამა, ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური მომხდარით იმდენად შეძრულია, მედიასთან არ საუბრობს.

მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე, რომელიც ლორთქიფანიძეების დიდი ოჯახის წევრია, მისი მამიდაშვილის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის განთავისუფლებას ოჯახის შეურაცხყოფად თვლის. ის ამბობს, რომ სულში ჩააფურთხეს.

ქალბატონმა ნანამ AMBEBI.GE-ს სკანდალური ამბავიც უთხრა - თურმე ამ ხმაურის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა არ იცოდა შეწყალებული ბეჟანიძე დავით ოთხმეზურის მკვლელი თუ იყო. ეს ზარი კი მეტ ეჭვებს აჩენს...

ახლა ოჯახი ითხოვს გაირკვეს, როგორ აღმოჩნდა ეს უმძიმესი საქმეები სალომე ზურაბიშვილის მაგიდაზე.

ნანა ლორთქიფანიძე, მსახიობი:

"ტელევიზით შევიტყვეთ ეს ამბავი. ჩვენი ოჯახი საშინლად შეურაცხყოფილია, გაოგნებულები ვართ, სულ ვფიქრობ, რა ახსნა უნდა მოეძებნოს ამას, მაგრამ აქ ხომ მარტო ჩვენს ოჯახზე არ არის საუბარი?! რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს ეხება მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილს, როგორ შეიძლება საერთოდ 18 წლის ბიჭის მკვლელი ქუჩაში გაუშვა, ისევე როგორც პოლიციელის მკვლელი?!

იმდენად აღშფოთებულია, იმდენად ტრავმირებული და წყობიდან გამოსულია ჩემი მამიდაშვილი გიორგი ოთხმეზური, რომ ვერც ლაპარაკობს... მეც პირველად ვარ ისეთ მდგომარეობაში, ლაპარაკი მიჭირს, საოცრება ჩაიდინა სალომე ზურაბიშვილმა!

- თუ გაქვთ ინფორმაცია როგორ აღმოჩნდა ასლან ბეჟანიძე ამ სიაში?

- ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ დაგვიკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და გვიყვებიან, პრეზიდენტმა არ იცოდა ოთხმეზურის მკვლელს რომ იწყალებდა, არ იცოდა ვინ იყო დაზარალებულიო. ეს უფრო დიდი საშინელება და ტრაგედიაა, რას ნიშნავს არ იცოდა? არ იცის პრეზიდენტმა ხელს რას აწერს? ამას ახსნა არ აქვს და თუ იცი, ეს მეორე ტრაგედია! რა გვითხრან აღარ იციან, ამიტომ ბოდავენ რაღაცეებს.

აბსოლუტურად არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა იცოდა თუ არ იცოდა, ორივე შემთხვევაში საშინელებაა, მკვლელს რომ გარეთ უშვებ და თუ არ იცოდა, რას აწერდა ხელს, ეს უკვე ქვეყნის ტრაგედიაა.

- როდის და ვინ დაგიკავშირდათ?

- როგორც კი ეს ამბავი გახდა ცნობილი, იმ დღესვე დაგვიკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ვინ დაგვიკავშირდა მის გვარს ვერ დავასახელებ. გეტყვით რომ ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თქვა, წუხილი გამოთქვა ამით პრეზიდენტმაო, არ ვიცოდი დაზარალებული ვინ იყოო. ეს სისულელეა. კიდევ უფრო წარმოუდგენელი და უფრო მძიმეა! მამაჩემი, გიგა ლორთქიფანიძე, როცა პარლამენტში იყო წლების განმავლობაში შეწყალების კომისის თავმჯდომარე გახლდათ. კარგად მახსოვს, ღამეებს ათენებდა, სახლში ტომები ეწყო და სათითაოდ კითხულობდა ყველა შესაწყალებელი პირის მთლიან საქმეს. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "ტელევიზიით გავიგეთ, რომ დათუნას მკვლელი გარეთ არის. მამიდაჩემი ამ საქმეს გადაყვა, პრეზიდენტმა კი არაფრად ჩაგვაგდო, ეს არის სულში ჩაფურთხება"