"გუშინ აქ სხვა მუშაობდა, იმას რა დაემართა, აღარ მოვა?" - რა აჩვენა "კვირის პალიტრის" კიდევ ერთმა ექსპერიმენტმა
08-10-2019
"გუშინ აქ სხვა მუშაობდა, იმას რა დაემართა, აღარ მოვა?" - რა აჩვენა "კვირის პალიტრის" კიდევ ერთმა ექსპერიმენტმა
ამ უზარმაზარ ქალაქში ჯერ კიდევ მაშინ, როცა ლამპიონები ანთია, ქუჩაში მეეზოვეები გამოდიან. მზის ამოსვლამდე ყველა სამსახურშია, ისინი ქალაქს წინადღის დაღლილობისგან ათავისუფლებენ. დარში თუ ავდარში დედაქალაქის სისუფთავეზე ყოველდღიურად 3 800 თანამშრომელი ზრუნავს. თუმცა, იმ დღეს ერთით მეტი ვიყავით. მეც მეეზოვე გავხდი - ჩავიცვი ნარინჯისფერი ქურთუკი, ავიღე ცოცხი, აქანდაზი და შევუდექი ქუჩების დასუფთავებას.

- მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დილის 7 საათზე დავიწყე, მაინც ენერგიულად ვგრძნობდი თავს. გარშემო სასიამოვნო სიჩუმე იყო. დილის სიწყნარეს
ხანდახან ხეების შრიალი არღვევდა. ვინაიდან გამოუცდელი კადრი ვიყავი, სამუშაოც შესაბამისი მომცეს - პატარა სკვერი უნდა დამელაგებინა. შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ეს იოლი საქმეა, მაგრ
ამ სულაც არა!

ყველაზე მეტად მზესუმზირის ნარჩენების აღება გამიჭირდა. დაღლილი სკამზე ჩამოვჯექი და სანაგვე ურნების თვლა დავიწყე - თურმე 9 ურნა "ემსახურება" ამ პატარა სკვერს, მაგრამ ნაგავი რამდენიმეში ეყარა. სამაგიეროდ, სკამის ქვეშ დაყრილი სიგარეტის ნამწვების, საღეჭი რეზინებისა და მზესუმზირის ნარჩენების გორა იდგა. ჩემს თავზე გავბრაზდი, ალბათ, მსგავსი რამ მეც გამიკეთებია, რადგან ორ ნაბიჯზე მისვლა დამზარებია და ნაგავი იქვე დამიყრია. ვინ იცის, რა წვალების ფასად აუღია ის მეეზოვეს. ფიქრებში გართულს ბავშვების ხმა შემომესმა,"შეხედეთ, ახალი მეეზოვე მოუყვანიათო.

"რა გქვია?" - მკითხა გოგონამ, რომელსაც დიდი ზურგჩანთა ეკიდა და ეტყობოდა, სკოლაში წასვლას არ ჩქარობდა. ზურა-მეთქი, ვუპასუხე. "გუშინ აქ სხვა მუშაობდა, იმას რა დაემართა, აღარ მოვა?" - გოგონა დავამშვიდე, ავუხსენი, რომ მე დროებითი თანამშრომელი ვიყავი. "მარი!" - შემომესმა ქალის ყვირილი. გოგონა შეცბა. "ხომ გითხარი, სკოლაში წადი-მეთქი და რამდენჯერ გაგაფრთხილე, უცნობებს ნუ ესაუბრები. ახლავე წადი სკოლაში, ქვევით არ ჩამომიყვანო, თორემ ნახავ, რაც მოგიწევს", - გოგონამ ბოდიში მომიხადა და სწრაფი ნაბიჯით გამცილდა.
სამუშაოს დამთავრებამდე ერთი საათი მრჩებოდა და ვცდილობდი ყველაფერი მომესწრო. აი, შემოდგომის ფოთოლცვენა ცოტათი მირთულებდა საქმეს.

მუშაობაში ისე გავერთე, ვერ შევამჩნიე ხალხის მოსვლა. "გაუმარჯოს, ოქრო!" - შემომძახა ვიღაცამ, მეც მივესალმე და მშვიდობიანი დღე ვუსურვე.

ორი ახალგაზრდა ძელსკამზე იჯდა, საუბრობდნენ, მზესუმზირას აკნატუნებდნენ და ნაგავს ძირს ყრიდნენ. მეწყინა, ცოცხი გვერდით გადავდე და მივედი,"ბიჭებო, სანაგვე ურნებს ვერ ხედავთ-მეთქი? ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ დამცინავად გამომხედეს და მითხრეს: "ხომ არ გინდა, უმუშევარი დარჩე, ჰოდა, ჩვენც მაგაზე ვზრუნავთ. ნაგავი რომ არ იყოს, აქ არც შენ იქნებოდი", - გაიცინეს და წავიდნენ. გავბრაზდი, არა იმიტომ, რომ დამცინეს, მივხვდი, ვერაფერს გავხდებოდი.

თურმე მეეზოვეები ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ, როცა მათ აგდებით "მენაგვეებს" უწოდებენ.""აბა, სახელმწიფოს ფულს რაში ვუხდით", - ფიქრობთ თქვენ, როცა ხედავთ, როგორ აგროვებს მეეზოვე თქვენ მიერ უდიერად გადაყრილ სიგარეტის ნამწვებსა და ბოთლებს.
10 საათიც შესრულდა, ჩემი სამუშაო იარაღები საწყობში შევინახე, ფორმა გავიხადე და "თბილსერვის ჯგუფის" სათავო ოფისისკენ გავემართე.
მაინტერესებდა, რამდენი მეეზოვე ემსახურება დღეს ქალაქს, რამდენი ნაგავმზიდი ჰყავთ და როგორია მეეზოვეების სამუშაო გრაფიკი. ამის გასაგებად დირექტორის პირველ მოადგილეს გიორგი ხუჭუას ვესაუბრე:

- ბატონო გიორგი, ვინ ზრუნავს დღეს ჩვენი ქალაქის დასუფთავებაზე?
- დღეს ქალაქს 3800 თანამშრომელი ემსახურება, აქედან 2300 მეეზოვეა, 700 სპეცმუშაკი, 500 დამხმარე მუშა და 300 მძღოლი. სამუშაო გრაფიკი უბნების მიხედვით გვაქვს განაწილებული. მაგალითად, სადგურის მოედანზე დასუფთავების სამსახური დილით ვერ შეგვყავს, რადგან პროდუქციას იღებენ და შეუძლებელია მუშაობა. ვაკეშიც ღამით მუშაობენ დასუფთავების მანქანები, რადგან ხალხის თხოვნით დღისით ჩვენი მანქანები საცობებს ქმნიან.

- რამდენი მანქანა ემსახურება დედაქალაქს?
- 170 ნაგავმზიდი, 15 მომრწყველი და 2 ზამთრის მანქანა. ნაგავმზიდებს ყოველდღიურად ვამოწმებთ და დღის ბოლოს, სანამ ქალაქში გავლენ, დეზინფექცია უტარდება.
თითოეულ ბრიგადას ჰყავს ხელმძღვანელი, რომელიც აღწერს შესრულებულ სამუშაოს. ყველა მეეზოვე უვლის და ზრუნავს ქალაქზე.

P.S. მართალია, მეეზოვის ცხოვრება ნიკო ფიროსმანის ნახატივით ლამაზი არ არის, სამაგიეროდ, ის ჩვენს ქალაქს ალამაზებს. დავაფასოთ მეეზოვეები, მათი სამუშაო ხომ ძალიან საპასუხისმგებლო და რთულია.


ზურა სოლომნიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები