"ექიმი, რომლისთვისაც გზა ხსნილია ომშიც კი, დღეს საქართველოს მიწა-წყალზე რუსეთის პატიმარია" - კვირის პალიტრა

"ექიმი, რომლისთვისაც გზა ხსნილია ომშიც კი, დღეს საქართველოს მიწა-წყალზე რუსეთის პატიმარია"

18 ნოემბერს, მთელი საქართველოს მასშტაბით ექიმთა სოლიდარობის აქციას გაიმათა. საქართველოს წამყანმა სამედიცინო დაწესებულებებმა წუთიერი დუმილით ვაჟა გაფრინდაშვილის თავისუფლება მოითხოვეს.  აქციას შეუერთდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.  სტუდენტები და ლექტორები სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ და თეთრი ხალათებითა და პლაკატებით პროტესტი გამოთქვეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებული ექიმის გამო.

აქციაზე შეკრებილი ვაჟა გაფრინდაშვილის კოლეგებისა და ახლობლების თქმით, ის საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ტრავმატოლოგია და უმოკლეს დროში უნდა დაუბრუნდეს თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებას.

გთავაზობთ მედიკოსთა კომენტარებს, რომელიც აქციაზე ჩავწერეთ:

"მის მშობლებს ძალიან კარგად ვიცნობდი და შეუძლებელი იყო იმ ოჯახში სხვანაირი პიროვნება აღზრდილიყო. არც გვიკვირს მისგან ეს საქციელი, უბრალოდ აღფრთოვანებული ვართ მისი ნაბიჯით. ყოვლად მიუღებელია, რომ ექიმი რომლისთვისაც გზა ხსნილია ომშიც კი, დღეს საქართველოს მიწა-წყალზე რუსეთის პატიმარია"

"ჩვენ შორის გაზრდილი უდიდესი პროფესიონალია, როგორც წესი, გმირებს ვითარება ავლენთ ხოლმე და ეს არის ჩვენ შორის მოსიარულე გმირი. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მან მართლა არ გადაკვეთა საზღვარი, ის თავისი პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად, ავადმყოფის დასახმარებლად მიდიოდა საქართველოს ტერიტორიაზე. სამართლიანობის გაიმარჯვების იმედი რომ არ გვქონდეს, არ გამოვიდოდით!"

როგორც ცნობილია, ოკუპირებულ ახალგორში დაკავებულ ტრავმატოლოგს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს. ინფორმაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო კე-გე-ბემ და ახალგორის დე ფაქტო საოლქო სასამართლომ გაავრცელეს. გაფრინდაშვილს ბრალად ედება საზღვრის მიზანმიმართული გადაკვეთა. გავრცელებული ვერსიით, ის ახალგორში პროფესიული მოვალეობის შესასრულებლად ჩავიდა და დღემდე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება მხოლოდ იმიტომ, რომ ბრალს არ აღიარებს, ანუ ამტკიცებს, რომ არანაირი საზღვარი არ არსებობს და ის იმ ქვეყნის ტერიტორიაზეა, რომლის მოქალაქეცაა.

9 ნოემბერს დაკავებული გაფრინდაშვილის შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის 13 ნოებერს გახდა ცნობილი. უცნაურია, რომ ეს ამბავი ექიმის დაკავებიდან მე-4 დღეს გახმაურდა. ამ საკითხზე ოფიციალური უწყებები კომენტარს არ აკეთებენ. საქმეში ჩართულია წითელი ჯვარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ევროკავშირის მისია. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

იხილეთ ასევე: "მამა ნამდვილად არ აწერს ხელს იმ დოკუმენტს, რომ კანონი დაარღვია" - რა წერს ტყვეობაში მყოფი ექიმის შვილი

ელენე მეტრეველი (სპეციალურად საიტისთის)