"4400 მეტრზე ნაპრალიდან შუქი დავინახეთ, ვიღაც ფარანს ანათებდა. ჩავედით და..." - კვირის პალიტრა

"4400 მეტრზე ნაპრალიდან შუქი დავინახეთ, ვიღაც ფარანს ანათებდა. ჩავედით და..."

ისინი მთის შვილები არიან, კარგად იცნობენ ყველა მწვერვალსა და ბილიკს. უმალ ჩნდებიან განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანების გვერდით. ახლახან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საქმეებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს სვანეთის განყოფილების მაშველები ბესარიონ ხერგიანი და მიხეილ მარგიანი შს მინისტრმა წლების განმავლობაში გამოჩენილი თავდადებისა და მამაცობისთვის დააჯილდოვა.

მიხეილ მარგიანი, სამთო მაშველი: - ექვსი წელია, მაშველი ვარ... ერთხელ აგვისტოში მთაში მომიწია ყოფნამ. თეთნულდის მწვერვალზე, ქედიდან, საღამოს სამი ბელორუსი ქალი ჩამოდიოდა, მაგრამ ვერ ჩამოვიდნენ. ღამით გავედით მათ საძებნელად, მაგრამ ვერ ვიპოვეთ. მეორე დილითაც გავედით, დაახლოებით 4400 მეტრზე. 500 მეტრში, მთის მეორე მხარეს, ნაპრალიდან შუქი დავინახეთ, ვიღაც ფარანს ანათებდა. ჩავედით და... ორი ცხედარი და ერთი თითქმის გაყინული ქალი დაგვხვდა. ეს იყო ძალიან რთულად გადასატანი. გაყინული ქალბატონი გადავარჩინეთ - ჩავაცვით, დავათბუნეთ, თბილი წყალი დავალევინეთ და გონს მოვიდა. მერე ვერტმფრენი მოფრინდა და სამივენი გადმოვიყვანეთ.

ზამთარში ბევრი ხალხი დადის მთაში, ზოგი გიდთან ერთად, ზოგი თავის ნებაზე, რაც საშიშია. ავიწყდებათ, რომ ეს სხვა რეგიონია. მთას და მწვერვალებს ადგილობრივები უფრო ერიდებიან, იციან სირთულეები და იმიტომ, რასაც ვერ ვიტყვით რისკის მოყვარულ უცხოელებზე, რომელთაც არ ესმით ჩვენი ბუნების ენა.

ყველაზე სახალისო გამოძახებასაც გავიხსენებ... უკრაინელების 13-კაციანი ჯგუფი გადმოდიოდა ალპურ უღელტეხილზე. კლდოვანი ადგილი იყო, დაახლოებით, 2800 მეტრი სიმაღლის. ჯგუფი აღმართზე ავიდა. ერთი ქალი დგას და ტირის - ისტერიკა დაეწყო, ამდენი ხალხი კი ორი საათის განმავლობაში ვერაფერს აგონებს და შველის. მივედით სამი მაშველი, მოვკიდეთ ხელი, მაგრამ წარმოიდგინეთ, ადგილიდან ვერ დავძარით! ტურისტებს კონიაკი ჰქონდათ. ერთი ჭიქა დავალევინეთ და ტირილი შეწყვიტა. მეორე ჭიქაზე ლაპარაკი დაიწყო. ვისაუბრეთ აქეთურ-იქითურზე. უცებ აიღო ჩანთა და მშვიდად გაუდგა გზას...

ჩვენც ბევრჯერ აღმოვჩენილვართ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. რას ვიზამთ, იქ ვართ, სადაც ხალხს უჭირს. იხილეთ სრულად